"ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს - ჩვენ არ გვინდა ახალი პრობლემის მიღება ევროკავშირში"- გერმანიის ელჩი საქართველოში | Allnews.Ge

"ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს - ჩვენ არ გვინდა ახალი პრობლემის მიღება ევროკავშირში"- გერმანიის ელჩი საქართველოში

„ჩვენ გვინდა გავაფართოოთ ევროკავშირი, რადგან ეს კავშირი ჩვენ გეოპოლიტიკური რისკებით სავსე სამყაროსგან გვიცავს. მე შემიძლია გერმანიის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ გვსურს ვთქვათ „დიახ“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

გერმანიის ელჩის შეფასებით, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს გაწევრიანების გზაზე, განსაკუთრებით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების კუთხით.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და როგორი მოლოდინები აქვთ ბერლინში ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ამ და სხვა თემებზე, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს.

- ნება მომეცით, ინტერვიუ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით დავიწყოთ. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდაცია გასცა. ეს არის ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არაერთი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. ამასთან, ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა. როგორ შეაფასებთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას?

- ეს იყო ისტორიული დღე და მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციაში. კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია არის ევროპის საბჭოს ორიენტაციისთვის. ევროპის საბჭო შედგება 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისაგან. ასე რომ, გერმანიის სახელით კანცლერი შოლცი, საფრანგეთის სახელით პრეზიდენტი მაკრონი და ა.შ. დეკემბრის შუა რიცხვებში შეიკრიბებიან და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ თუ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, ეს ძალიან კარგი ნიშანია.

fisheri-23-1699972134.jpg

მე შემიძლია გერმანიის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ გვსურს ვთქვათ „დიახ“. ჩვენ გვინდა გავაფართოოთ ევროკავშირი, რადგან ეს კავშირი ჩვენ გეოპოლიტიკური რისკებით სავსე სამყაროსგან გვიცავს. ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია უკრაინის და სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ ძალადობას ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ ვხედავთ უამრავ დიდ გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ ასევე ვხედავთ გამოწვევებს ჩვენი ცხოვრების წესის მიმართ, რაც არის თავისუფლება, სადაც მოქალაქეებს აქვთ თავისუფლების უფლება, სადაც ჩვენ ვსარგებლობთ დემოკრატიით, სადაც ვცხოვრობთ კანონის და არა ძალის უზენაესობით. ევროკავშირი გვიცავს ამ ყველაფრისგან. რაც უფრო მეტი ქვეყანაა ჩვენთან ერთად, მით უფრო უკეთესია ეს დაცვა.

ამავდროულად ეს დაცვა ექნება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც შეუერთდებიან ევროკავშირს. ჩვენ უნდა დავიცვათ ერთმანეთი. ასე რომ, ეს ისტორიული დღეა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ დეკემბერში იქნება მიღებული. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კომისიამ ასევე დაასახელა ცხრა სფერო, რომლებშიც საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს მუშაობა და დეკემბრამდე სხვა სახის სიგნალები არ გამოგვიგზავნოს.

სიგნალი უნდა იყოს, დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. სიგნალი არ უნდა იყოს უკუსვლა რომელიმე ხსენებულ ცხრა სფეროში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირი არის ჩვენი დაცვა, ასევე ჩვენი ცხოვრების წესის დაცვა, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. და რადგან ეს ჩვენი დაცვაა, და რადგან არსებობს გამოწვევა იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც მოდის მსოფლიოდან, რიგი სახელმწიფოებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკეთესია ზემოდან მმართველობა (ძალაუფლებით მართვა?), უბრალოდ ბრძანების გაცემა და ხალხის დამორჩილება, ვიდრე ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება და უთხრას მთავრობას თუ რა არის გასაკეთებელი - ამიტომ ჩვენ არ მივცემთ შეღავათს არცერთ პოტენციურ ახალ წევრს, განსაკუთრებით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების კუთხით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია. დეკემბერში გვექნება გადაწყვეტილება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მინდა, რომ პასუხი დადებითი იყოს. გერმანიას სურს, რომ პასუხი დადებითი იყოს. შემდეგი ნაბიჯი იქნება მოლაპარაკებების დაწყება. შემდეგ გვაქვს 220 000-გვერდიანი იურიდიული ტექსტი, ე.წ. ევროპული კანონმდებლობისა და სტანდარტების სრული ნაწილი, რომელიც ახალმა წევრებმა უნდა მიიღონ. ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატია და კანონის უზენაესობაა. ასე რომ, ეს ძალიან ფუნდამენტური პუნქტია და ამის გაძლიერება ნამდვილად ღირს.

- რა რჩევებს მისცემდით საქართველოს ხელისუფლებას, რა არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც მათ უნდა გააძლიერონ მუშაობა? ასევე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რას ურჩევდით საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს?

- ჩემი რჩევა არ არის მხოლოდ ჩემი რჩევა. ეს წერილობითი რჩევაა. როგორ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი, საიდუმლო არ არის. ყველაფერი ხელმისაწვდომია შავით თეთრზე დაწერილი და შეგიძლიათ წაიკითხოთ. შეიძლება არ წაიკითხო სრული 220 000 გვერდი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, წაიკითხონ კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ეს არის სამი მოკლე აბზაცი და წასაკითხად, დაახლოებით ერთი გვერდია და ასევე წაიკითხონ ის, რაც კომისიამ თქვა. რაც მათ თქვეს არის ის, რომ ჩვენ ველით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააგრძელებს წინსვლას. ამიტომ იყო რეკომენდაცია დადებითი. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს გაწევრიანების გზაზე, განსაკუთრებით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების კუთხით. მე მკაფიოდ მსურს ვთქვა, რომ 2024 წლის არჩევნები საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე და არ უნდა არსებობდეს ეჭვის საფუძველი. ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს.

fisheri-38-1699972149.jpg

ევროკომისიის რეკომენდაცია 9 პუნქტშია თავმოყრილი. გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტები აქვს, როგორიცაა მაგალითად ანტიკორუფციული სამსახური, საარჩევნო კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, მონაცემთა დაცვის სამსახური, ყველა ეს ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პლურალისტური დემოკრატიისთვის, უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელოთ თქვენი მუშაობა დეოლიგარქიზაციაზე, არის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია და ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული კომენტარები. განაგრძეთ ეს სამუშაო. ეს ასევე რეკომენდაციაა უკრაინასა და მოლდოვას მიმართ.

იხილეთ სრულად

myquiz