ფრონტის ხაზი საქართველოს უახლოვდება? - რა მოხდება თუ სევასტოპოლიდან "გაქცეული" რუსული გემები ოჩამჩირეში დაიმალებიან
თითქმის ერთდროულად გახდა ცნობილი, რომ ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები „გამოიქცნენ“ და ის, რომ ამ რუსული ხომალდების ნაწილი უკრაინულ რაკეტებს შეიძლება ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტშიც კი დაემალონ...
ის, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვაო ომი შავ ზღვაში ნელ-ნელა აღმოსავლეთით ინაცვლებს, უკვე არაერთხელ დავწერეთ მას შემდეგ, რაც უკრაინული საჰაერო დრონები ჩრდილო კავკასიის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნოვოროსიისკის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზას დაესხნენ თავს, ხოლო უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-კატარღებმა უშუალოდ საქართველოს 200 მილიანი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სიახლოვეს იერიშები მიიტანეს რუსულ სამხედრო ხომალდებზე...
ამჯერად კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:
"ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება. რუსეთთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული. ეს საკითხი მუდმივადაა დღის წესრიგში... ახლაც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის ზეიმის დროს ჩვენთან შემოვიდა რუსული სარაკეტო ხომალდი, რომელიც ახალი აგებულია, ძალიან სერიოზული შესაძლებლობებით... ავედით მის ბორტზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, უახლოეს ხანში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი. ყველაფერი მიმართულია ორივე მხარის - აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ“.
აფხაზი სეპარატისტების ლიდერები დიდი ხანია იწვევდნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის პორტში თავის მორიგი სამხედრო-საზღვაო ბაზა გაეხსნათ...
ჯერ კიდევ 2009 წლის 26 იანვარს ანუ აგვისტოს ომიდან მალევე, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარმა შტაბმა გააკეთა განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო ხომალდების ბაზირების პუნქტის გახსნაზე, რომელშიც დიდი და მცირე სადესანტო ხომალდები, სარაკეტო კატარღები და საზღვაო მტრალავები შეიძლება განთავსებულიყვნენ, თუმცა დღემდე ეს არ გაკეთებულა.
სამაგიეროდ, იმავე 2009 წლის ბოლოდან ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში გამოჩნდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის „სობოლისა“ და „მანგუსტის“ ტიპის ოთხი სწრაფმავალი კატარღა.
აღსანიშნავია, რომ ოჩამჩირეში 1933-35 წლებში წმინდა სამოქალაქო საზღვაო პორტი აშენდა, მაგრამ 1940 წელს სამოქალქო ფლოტი ფოთში გადაიყვანეს, ხოლო ოჩამჩირე მთლიანად დაუთმეს ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული „ენ-კა-ვე-დე“-ს(საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) სასაზღვრო-სადარაჯო კატარღების მე-6 ბრიგადას...წაიკითეთ სრულად