რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსებისთვის დისკომფორტის შექმნის პოლიტიკას?
დიდი ხმაური და საპროტესტო აქცია მოჰყვა ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ შემოსვლას, რომლის მგზავრებიც, როგორც ირკვევა, პუტინისტი მომღერლები და პროპაგანდისტები არიან. პორტთან აქცია გამართეს რიგითმა მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. აქციას დაპირისპირება მოჰყვა საქართველოსა და ბათუმში დამკვიდრებულ ოკუპანტ რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებმაც ქართველებს ქვები დაუშინეს.
როგორც ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი ამბობს, საქმე გვაქვს რუსეთის მხრიდან გრძელვადიან და კარგად დაგეგმილ ჰიბრიდულ ომთან, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჯერ ეკონომიკური, შემდგომ კი კულტურული ექსპანსია.
"რასაც ჩვენ ამ ბოლო დროის განმავლობაში ვხედავთ, ეს არის რუსეთის მხრიდან გრძელვადიანი და კარგად დაგეგმილი ჰიბრიდული ომის ნაწილი. ჰიბრიდული ომის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ეკონომიკური ექსპანსია, რომელსაც მოსდევს უკვე კულტურული ექსპანსია. ეკონომიკური ექსპანსია გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში შემოვიდა უზარმაზარი რუსული კაპიტალი, ამის სიმპტომებია იგივე რაჭის ტყეების გაყიდვა, თბილისში მომრავლებული პატარ-პატარა რუსული ბიზნესები და სხვა მრავალი ასეთი ქმედება. ამ ყველაფერს უკვე ემატება კულტურული ექსპანსია - რუსი მომღერლების ჩამოსვლა, რუსეთში მოღვაწე ეთნიკურად ქართველი, მაგრამ სრულიად გარუსებული მომღერლების გამოყენება და ისევ და ისევ მცდელობა იმისა, რომ დაგვაბრუნონ იმ რუსულ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში, საიდანაც გამოსვლა ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა.
იცით, რომ ვიბრძოდით ჯერ კიდევ 90-იანი წლებში აფხაზეთში, მერე - ცხინვალში და ა.შ. რუსეთი ცდილობს, რომ შეინარჩუნოს საკუთარი იმპერია და ახლა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში მათი სამხედრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე ფიზიკურად არ შეუძლიათ სხვა ასეთი სამხედრო ოპერაციების განხორციელება, ცდილობენ საქართველოში ეს ეკონომიკური ბერკეტებით გააკეთონ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერს უქმნის ძალზე კეთილგანწყობილ გარემოს. საკუთრივ რუსეთის მხრიდან ასეთი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ქართული სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ბერკეტების ამოქმედებით. არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ შესაძლებელია სავიზო რეჟიმის დაწესება, ან უბრალოდ, საქართველოში რუსი ტურისტების ყოფნის პერიოდულობის შემცირება.
ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის შსს-მ რუსი ტურისტების დასაცავად უზარმაზარი საპოლიციო დანაყოფი გამოიყვანა. ასეთი ტიპის აქტიურობა არ გვახსოვს მაშინ, როცა საქმე ეხებოდა რომელიმე სხვა გამოხატვის მცდელობას. ანუ, ფაქტობრივად, გამოდის ის, რომ ქართული პოლიცია იცავს რუს ტურისტებს საქართველოს მოქალაქეებისგან და თუ საქართველოს მოქალაქეების ნება ასეთი აშკარად მკვეთრია, მაშინ ისმის კითხვა - ვის სამსახურში დგანან ის პოლიციელები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ერის ნებას? ფაქტობრივად გამოდის, რომ ის ადამიანები, ვინც ქართველი ერის ნებას ეწინააღმდეგებიან, ნებსით, თუ უნებლიედ (ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა), რუსეთის სამსახურში არიან".
ისმის კითხვა - როგორ დავუპირისპირდეთ სახიფათო გამოწვევას. ხელისუფლების მიერ სავიზო რეჟიმის დაწესების გარდა, ექსპერტი საზოგადოების როლზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, საზოგადოება არ უნდა დანებდეს და მან უნდა გააგრძელოს მაქსიმალური დისკომფორტის პოლიტიკა, როგორსაც ის ახლა ახორციელებს. იხილეთ სრულად