გერმანიის ელჩი - ევროკავშირის კარი ფართოდაა ღია და საქართველომ დეკემბრამდე ამ კარში უნდა გაიაროს - უკანა კარი არ არსებობს | Allnews.Ge

გერმანიის ელჩი - ევროკავშირის კარი ფართოდაა ღია და საქართველომ დეკემბრამდე ამ კარში უნდა გაიაროს - უკანა კარი არ არსებობს

ევროკავშირის კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა. ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. გერმანიის ელჩი პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

"საქართველოში კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი. ჩვენ გვინდა საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ და გვინდა იგი ქართველებმა გაამდიდრონ. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში გყავთ, რომელთა იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ“ - ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სიტყვები, რომელიც საქართველოს რამდენიმე კვირის წინ ეწვია. როგორც გერმანიის ელჩი, როგორ შეაფასებდით ვიზიტს და რა იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარ გზავნილები?

- ვიზიტი ძალიან კარგი და წარმატებული იყო. მინისტრმა შეხვედრებზე ზუსტად ის თქვა, რაც საჯაროდ. მთავრობის წევრებთან, ოპოზიციის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მოდის როგორც მეგობარი და იგრძნო, რომ როგორც მეგობრებმა, ისე მიიღეს. შეხვედრებისას მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, უფრო კონკრეტულად კი გადაწყვეტილებაზე, რომელსაც 2023 წლის დეკემბერში მიიღებენ, იმის შესახებ მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მან თქვა, რომ გერმანიას ეს სურს, ევროკავშირს ეს სურს. ჩვენ გვაქვს ამის ინტერესი. კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა.

ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს. თქვენ არ შეგიძლიათ გაიაროთ რადარის ქვეშ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტში, კერძოდ, ახლა კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ და ასევე დეპოლარიზაციის შესახებ. ევროკავშირში ახალი ქვეყნის გაწევრიანება ან მიღება ყოველთვის არის ბალანსი, ერთი მხრივ, ჩვენს წესებს შორის (ჩვენ გვაქვს წესები და გვაქვს სტანდარტები და ისინი დაფიქსირებულია, მეორე მხრივ კი ამას პრაგმატიზმი და გეოპოლიტიკური ინტერესი განსაზღვრავს.

ჯერჯერობით, ევროკავშირის თითოეული გაფართოება წარმატებული იყო და ეს აღმოჩნდა დადებითი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ახალი წევრებისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის, განვითარებისა და მშვიდობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს ისეთ სივრცეში, რომელიც არის ვაკუუმი და სადაც ძალები, რომლებიც არც ისე მეგობრულები არიან, ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოზე. ასე რომ, თუ ეს არის საქართველოს ინტერესი და მე მჯერა, რომ ეს ინტერესი არის ევროკავშირში გაწევრიანება, დეკემბერში ჩვენ წინ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და მან თქვა, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ამ შანსის გამოყენებაში.

fisher-1-1681462049.jpg

- რამდენად იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას განხილვის საგანი საქართველოს მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის ის განცხადებები, რომლებიც ანტიდასავლურად ფასდება და ის განცხადებებიც, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს, მათ შორის, მოსკოვთან ორმხრივი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას უკავშირდება. ხომ არ უნდა შეფასდეს გერმანიის საგარეო უწყების პირველი პირის თბილისში ჩამოსვლა, როგორც საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი გაფრთხილება, რომ „წითელი ხაზები“ არ გადაკვეთოს?

- მე ამას ასე არ გამოვხატავდი. ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „გლობალური ომის პარტიაზე“. არ ვიცი ვინ არის „გლობალური ომის პარტია“. ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? მე ვკითხავდი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ასე ვერ იქნება. ეს სისულელე იქნებოდა, რადგან ჩვენი მიზანი იყო ამ ომის თავიდან აცილება და როცა რუსეთის აგრესიის გამო ომი დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით მის შეზღუდვას და არა გაფართოებას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სისუსტეები და შეზღუდვები და პატივს ვცემთ მათ. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. მაგრამ ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია და ეხება რაღაც გლობალურ ომის პარტიას და მეორე ფრონტს და იმას, რომ ვიღაც ცდილობს ამის მოწყობას. არ ვიცი, ვის გულისხმობენ. არა მგონია, ეს იყოს დასავლეთი.

რაც შეეხება, ფრენებს ჩვენ, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები ვცდილობდით ამ ომის დასრულებას. როგორ? რუსეთისთვის იმის ახსნით, რომ მათ ეს ძვირად დაუჯდებათ და ამას სანქციების საშუალებით ვაკეთებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით.

ასე რომ, ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად, რაიმე დამატებითის გასაკეთებლად, როდესაც მთელი ძალისხმევა მის შესაზღუდად არის მიმართული და რუსეთს ვუთხრათ, თუ გინდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, შენს მეზობლებს არ უნდა დაესხა თავს. არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, არ შეიძლება საზღვრების ძალით შეცვლა. სანამ ამას აკეთებენ, ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული ექნებათ და ჩვენ მათთან ახალ საკითხებს არ განვიხილავთ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

myquiz