ლატვიის ელჩი საქართველოში - ახლა, როდესაც ევროკავშირის კარი ღიაა, გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა | Allnews.Ge

ლატვიის ელჩი საქართველოში - ახლა, როდესაც ევროკავშირის კარი ღიაა, გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ედიტე მედნე საქართველოს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისთვის.

როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რა შეიძლება იყოს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და რა გავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმა ლატვიაზე ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ლატვიის ელჩმა ედიტე მედნემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობა დაუწესა. თქვენი დაკვირვებით, როგორ ახორციელებს საქართველო ევროკავშირის ამ რეკომენდაციებს? ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხედავთ რაიმე პროგრესს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის რეფორმის, პოლიტიკური დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით?

- დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მხრიდან ამ თორმეტი რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, რომ ახლა შეფასებების გაკეთება ნაჩქარევი იქნება, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს დრო. განრიგის მიხედვით, რეკომენდაციების შესრულების შეფასება მხოლოდ გაზაფხულზე დაიწყება და შემდეგ ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა ოქტომბერში იქნება მოსალოდნელი. შემდეგ კი, წლის ბოლოს, ევროკავშირის საბჭო გააკეთებს შეფასებას საქართველოს მიღწევების შესახებ. აშკარაა, რომ ქართველმა ხალხმა გამოხატა ძლიერი სურვილი, იყოს ევროკავშირის ნაწილი და ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასე რომ, ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს და მჭიდროდ იმუშაოს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მისასალმებელია, კომპრომისზე წასვლა. ბოლოს და ბოლოს, ქართველი ხალხი მათ შეაფასებს, თუ რამდენად შეასრულეს მათ საკუთარი მოვალეობა.

medne3-1672232499.jpg

- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. საჯაროდ ბოლოს გამოჩენის შემდეგ აშკარაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორია თქვენი პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, უნდა გადაიყვანონ თუ არა ის ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ? და თუ კი - მზად არის თუ არა ლატვია მის მისაღებად?

- რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვეცნობით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ადამიანური უფლებების დაცვასა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევაზე. მაგრამ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დიახ, ჩვენ თანახმა ვიქნებოდით მის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით ზუსტი სამედიცინო დიაგნოზი. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ლატვია საუკეთესო ადგილი მისთვის, ამიტომ ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

- ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ურთიერთობა ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთან, ასევე ზოგადად პარტნიორებთან დაიძაბა. ქვეყანაში არის პოლიტიკური ნარატივი, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ცდილობს საქართველო ომში ჩართოს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და როგორ შეიძლება ამან ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას?

- 20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საშობაო მიღებაზე მიიწვია ყველა ელჩი და მისიის ხელმძღვანელი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს ყველაზე ღირებული პარტნიორები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. მან ასევე შეაქო აშშ-ს ელჩ კელი დეგნანის წარმატებული საქმიანობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მე და ჩემმა კოლეგებმა პოლიტიკურ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მხრიდან შევამჩნიეთ ანტიდასავლური პროპაგანდა და ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ განცხადებებით, რომ თითქოს, დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩაბმას. ეს ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ კომენტარს არ გავაკეთებ. რაც მთავარია ქართველმა ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 89% ფიქრობს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია და არა დასავლეთი. იხილეთ სრულად

myquiz