ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი, რაც საქართველოში ისმის, ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს- საფრანგეთის ელჩი | Allnews.Ge

ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი, რაც საქართველოში ისმის, ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს- საფრანგეთის ელჩი

"ძალა ერთობაშია" - ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა იმუშაონ, რომ ეს დევიზი საკუთარ რეალობად აქციონ, - ამ სიტყვებით მიმართა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა, რომელიც საკუთარ დიპლომატიურ მისიას ჩვენს ქვეყანაში ასრულებს.

ფრანგი დიპლომატი, გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში საკუთარ სამწლიან დიპლომატიურ საქმიანობას აჯამებს და აცხადებს, რომ დიდ გამოწვევებს მან და მისმა გუნდმა წარმატებით გაართვეს თავი.

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, როგორ აფასებს ქართულ პოლიტიკაში მზარდ ანტიდასავლურ განცხადებებს, რა როლი აქვს საქართველოს ახლად დაფუძნებულ ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში, უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაცია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში საქართველოს წვლილი, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, დიეგო კოლასი, საქართველოში საფრანგეთის ელჩის რანგში ბოლოჯერ, ექსკლუზიურად საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საუბრობს...

- ნება მომეცით ჩვენი ინტერვიუ უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენებით დავიწყოთ. როგორც ვიცით, რამდენიმე დღეა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსული ძალები ინტენსიურ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ. არის მსხვერპლი, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას ითხოვს. რამდენად უნდა ველოდოთ, რომ კონფლიქტის უკანასკნელი გამწვავების ფონზე, საფრანგეთი რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილებამდე მივა?

- ვფიქრობ, ფოკუსირებული დიდ სურათზე უნდა ვიყოთ და ეს უკანასკნელი არის რუსული აგრესია, ამ კონფლიქტის დროს ჩადენილი საშინელი რუსული დანაშაულები. ჩვენ ვნახეთ, რომ აგრესია თავისთავად საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მაგრამ ჩვენ ასევე ვნახეთ დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ომის განმავლობაში. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულები და ფრიად მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფლიქტში დაუსჯელობას ადგილი არ აქვს. ამ მიზეზით, ჩვენ ძალიან გვსურს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა სამხედრო, ფინანსურ, იურიდიულ ფრონტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ სათანადო რესურსები დაეთმობა დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას და საერთაშორისო დონეზე რუსეთის მაქსიმალურად იზოლირება მოხდება, რადგან მისი საქციელი ზღვარს გადასცდა, გადასცდა იმას, რაც მისაღებია. ვფიქრობ, ეს არის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევის მიზეზი. განსაკუთრებით იმით, რაც ბოლო დღეებში მოხდა, შეგიძლიათ მოლოდინი გქონდეთ, რომ ეს ძალისხმევა გაძლიერდება და კიდევ უფრო გაგრძელდება უკრაინის მხარდაჭერისა და იმის უზრუნველყოფაში, რომ ისინი გაიმარჯვებენ.

kolasi3-1665646083.jpg

- რაც შეეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, როგორც ერთ-ერთმა გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა ახლახანს დაწერა, „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები წლების განმავლობაში ცუდ მდგომარეობაშია, დიდწილად „ქართული ოცნების“ არასანდო ქცევის გამო, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს“. რამდენად ეთანხმებით შეფასებას, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანას ხელს უშლის?

- სამი წელია, რაც აქ ვარ და მე უარი ვთქვი უცხოელების მიერ ქართული პოლიტიკის შესახებ კომენტარების გაკეთების პრაქტიკაზე, რაც არ მგონია ჯანსაღი პროცესი იყოს. ვფიქრობ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარგია, მაგრამ ის შეიძლება ამაზე უკეთესიც იყოს, ვიდრე ახლაა. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველები გაერთიანდნენ და იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ ამ მხარდაჭერის მიმღებნი გახდნენ. ამისთვის აუცილებელია ფოკუსირება რეფორმების დღის წესრიგზე, პროდასავლურ დღის წესრიგსა და ერთიანობის მინიმალურ ხარისხზე, რათა აშენდეს ეს ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატია, რომლის მოლოდინიც გვაქვს, რომ ვიხილავთ საქართველოში.

- თქვენი დაკვირვებით, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს? ხედავთ თუ არა პროგრესს პოლიტიკური დეპოლარიზაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედია რეფორმის, დეოლიგარქიზაციისა და სხვა მიმართულებებით?

- პარლამენტში შექმნილი ჯგუფების სამუშაო პროცესი და საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც მიმდინარეობს, ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ელემენტია ამ პირობების შესასრულებლად და ეს სწორი ნაბიჯია. მე ნამდვილად შემიძლია მოვუწოდო ყველას, ჩაერთონ ამ პროცესში და მოუსმინონ ერთმანეთს. ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ოპოზიცია შეუერთდეს ამ პროცესს და ვფიქრობ, ისინი მართლები არიან. ისინი მზად უნდა იყვნენ მოისმინონ ოპოზიციის სათქმელი. ისინი მზად უნდა იყვნენ თანაბრად მოუსმინონ იმას, თუ რას იტყვის სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესის შესახებ. ეს უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური პროცესი და როგორ მიმდინარეობს ეს ყოველივე, სულ მცირე, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.

პირველი ნაბიჯები მამხნევებს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და ჯერ კიდევ ადრეა დასკვნის გაკეთება, წარმატებული იქნება თუ არა პროცესი. კარგია, რომ პროცესი დაიწყო. ახლა მან კარგი შედეგები უნდა გამოიღოს. იხილეთ სრულად

myquiz