ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და არ არსებობს ამ პროცესში უმოკლესი გზა და ჯადოსნობა- ჯოზეფ ბორელი
ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან უნდა ახლდეს ეროვნული კონსენსუსი და პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იპოვონ ერთობლივი მუშაობის გზა. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმეა. ამიტომაც ჩვენ ვუწოდებთ პროცესს ინკლუზიურს, რადგან ის უნდა ასახავდეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს დაუკავშიროს თავისი მომავალი ევროკავშირს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ პრემიერ ღარიბაშვილს ასოცირების საბჭოს სხდომაზე. მოხარული ვარ, რადგან საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და პარტნიორი და ეს საბჭო ისტორიულია, რადგან პირველად იმართება მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოკვეთეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ნაბიჯები“, - აღნიშნა ბორელმა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ამბიციებს თან ახლავს პასუხისმგებლობები.
როგორც ბორელმა აღნიშნა, პირველი პასუხისმგებლობა არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტზე, ხოლო მეორე პასუხისმგებლობაა - პოლარიზაციის დაძლევის მცდელობა და პოლიტიკურ სპექტრში ხიდების შენება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და არ არსებობს ამ პროცესში „უმოკლესი გზა და ჯადოსნობა“. მისივე განმარტებით, მთავარი არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ პოლიტიკური ნებაა.
„რეფორმებში მხოლოდ ხილულ და ხელშესახებ პროგრესს შეუძლია ამ პროცესის წინ წაწევა. კრიტერიუმები და მოლოდინები ძალიან მკაფიოა, როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკური კულტურა, რომელიც დაფუძნებულია ინკლუზიურობაზე, დემოკრატიის პრინციპების პატივისცემაზე, კანონის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მედიის თავისუფლებაზე ან ევროკავშირის სტანდარტებთან და პოლიტიკასთან შესაბამისობაზე“- დასძინა ბორელმა.
მანვე ხაზი გავუსვა ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საზოგადოების ყველა აქტორის წინაშე მდგარი ამოცანაა, თუმცა, რა თქმა უნდა, „მმართველ პარტიას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა“. ბორელი დასძენს, რომ ეს არ არის ადვილი, განსაკუთრებით ახლანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, მაგრამ საქართველო მარტო არ არის, „ევროკავშირი და ევროკავშირის ყველა ინსტიტუტი აქ არის საქართველოს დასახმარებლად“.