რას წერენ სომხეთში ახალ სამხედრო ბაზაზე, რომლის აშენებასაც რუსეთი მათ საზღვართან გეგმავს და რას ელიან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისგან?
დღეს თბილისში სომხეთი-აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ekhokavkaza.com სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მხარეებს შორის ეს პირველი შეხვედრაა. სომხეთის მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდება საქართველოში დაგეგმილ არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრას.
"ეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების მოსამზადებლად საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ალიევის თქმით, ჯერჯერობით, სომხურ მხარეს ასეთი ნაბიჯი აქამდე არ გადმოუდგამს და ამ ინიციატივას პოზიტიურს უწოდებს.
გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრები აქამდე დუშანბეში შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ ეს პირისპირ შეხვედრა არ ყოფილა, მათთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი ლავროვიც იყო.
მაისში გამართულ შეხვედრაზე, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამმხრივი დეკლარაციების შეთანხმებების შესრულების პროგრესი, რეგიონული კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, ასევე, საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის შექმნა და იმ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას უნდა მოემსახუროს.
ერთი დღით ადრე, სომხეთს, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის დირექტორი უილიამ ბერნსი ესტუმრა, თუმცა, როგორც სომხური მედია წერს, ამ ინფორმაციას არც ოფიციალური ერევანი ადასტურებს და არც სომხეთში არსებული ამერიკის საელჩო.
"საქმე ის არის, რომ ბერნსის ვიზიტს, არც უარყოფენ... სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახური ვიზიტის თაობაზე დუმილს ამჯობინებს" - წერს სომხური მედია.
მისივე ცნობით, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -მა გაავრცელა, რაც სომეხი ინტერნეტმომხმარებლების მოსაზრებით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს სომხეთი, როგორც თავისი უკანა ეზო არ დატოვოს და ყველაფრის საქმის კურსში იყოს.
სომეხი სამოქალაქო აქტივისტის, გორ არმათუნის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი ცდილობს სომხეთში თავისი გავლენები არ შესუსტდეს, ამის დასტური იყო, რუსეთის საელჩოს მიერ გამოხატული უკმაყოფილება ერევანში კანადის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.
"პატივცემულო მოკავშირეებო, ძალიან ზედმეტი ხომ არ მოგდით?!. შეგახსენებთ, რომ სომხეთიდან რუსეთის გასვლა გარდაუვალია, უბრალოდ, მთავარია, ეს მალე მოხდეს..." - ამბობს ის.
კიდევ ერთი ბლოგერი, ვასილ დანიელიანი მიიჩნევს, რომ რუსეთი სომხეთიდან, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ასე ადვილად არ წავა და ამის დასტურია, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაგეგმილი, ახალი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა, რომელიც საქართველოსთანაც ძალიან ახლოს, სულ რაღაც 50-კმ.შია.
"რუსეთს როგორც სჩვევია, ჩუმად, ყველას ზურგს უკან მოქმედებს... ჩვენ არ ვიცოდით, ბერნსის ერევანში ჩამოსვლა და რუსეთში იცოდნენ. ჩვენს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვრიდან ერთ კილომეტრში აშენებენ ახალ სამხედრო ბაზას, რომ ორივე ქვეყანაზე ჰქონდეს გავლენა. უფრო ჩვენზე აქვს სწორება, აზერბაიჯანს დიდად ვერ უბედავს. ასე რომ, ჯერ არ ვიცით, რა რეაქცია ექნება თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე... კრემლს უამრავი მექანიზმი აქვს სომხეთზე გავლენის მოსახდენად" - წერს დანილენიანი.
"რუსეთისნაირი ქვეყანა ისეთივე მტერია, როგორც მოკავშირე... ამიტომ, თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, თურქეთთან შეთანხმებით ურთიერთობის დასარეგულირებლად რაიმე ნაბიჯი გადადგეს, ის აუცილებლად გამოიყვანს მეხუთე კოლონას, ისევ ახმაურდება ოპოზიცია და შეგვახსენებს, რომ ომში წაგებული ხელისუფლება გაიყიდა... მათ ჰყავთ მომხრეები. ასე რომ, წინ ბევრი ბეწვის ხიდი და სანახაობა გველის" - წერს ნინა სიმონიანი.