ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე - გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილა- პრეზიდენტის ბრიფინგის მთავარი მომენტები | Allnews.Ge

ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე - გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილა- პრეზიდენტის ბრიფინგის მთავარი მომენტები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველომ „ასოცირებულ ტრიოში“ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ბრიუსელში საკმაოდ დამძიმებული სურათი დახვდა და ქვეყანას საქმე გაფუჭებული აქვს.

„როგორც მოგეხსენებათ დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ. ერთი მხრივ იტალია, სადაც მქონდა არაჩვეულებრივი მიღება და საქართველოსთვის არაჩვეულებრივი მხარდაჭერა იტალიისგან, სადაც გაიმართა სახელმწიფო ვიზიტი 25 წლის შემდეგ პირველად, სადაც ხელი მოეწერა 65 წლის წინ 1957 წლის 25 მარტს რომის ტრაქტატებს. ქვეყანა, სადაც ამგვარად დაიბადა ევროპა და საიდანაც იშვა ევროპული ცივილიზაცია, დაიწერა პირველი კანონმდებლობა და ევროპის იდეის ინსპირატორი გახდა. ამგვარად ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ამ ჩვენი ევროპული გზის გადამწყვეტ ეტაპზე.

მეორე მხრივ, ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით. ამ შემთხვევაში წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი ეს მოხდა, ზეპირად, რამეთუ საჩქარო იყო. მაგრამ „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც, ჩემი აზრით, იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში. ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, პასუხი კითხვაზე, „სხვა რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს უკრაინასთან მიმართებით“, არის ის, რომ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა თუნდაც ის, რაც გააკეთა მოლდოვამ“.

„ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არც მათგან და არც ჩვენგან, ესეც უნდა ითქვას. არც ომში ჩართვა მოუთხოვია არც მოლდოვისგან და არც ჩვენგან, მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ, როგორც ჩანს, გვიჭირს - შეძლო გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. ეს არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია. ეს ყველაფერი ცხადია კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ. ამ ყველაფერმა ძალიან მოკლე დროში, რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცავენ და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ - მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა ყველა ამ საკითხში, თუნდაც ომის დროს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

myquiz