როდის ჩავა საქართველოს დელეგაცია უკრაინაში? | Allnews.Ge

როდის ჩავა საქართველოს დელეგაცია უკრაინაში?

უკრანაში ვიზიტი, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში შედგება - თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საჩქაროა და იმედი გამოთქვა, რომ დღის ბოლომდე გადაწყდება.

„მე ამ დღეების განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ბევრ საკითხთან დაკავშირებით და მეგობრული და თბილი საუბარი გვქონდა. მან დაადასტურა საკუთარი მიწვევა, რომ ვეწვიო უკრაინას და იქ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ეს ვიზიტი, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში შედგება. ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული, გუშინ გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მქონდა შეთავაზება რომ თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა არ იყო თანხმობა და შემდეგ კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი იყოს. მართალია ამ შემთხვევაში უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ არ გაზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა გამომდინარე ვითარებიდან ეს შეთავაზება ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, მე თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის, მე ამ დელეგაციისთვის ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან მექნება კომუნიკაცია, ვინაიდან ორგანიზაციულად გვესმის, რომ არ არის მარტივი ვიზიტის ორგანიზება, არის საკმაოდ საჩქარო საკითხი და მე იმედი მაქვს, რომ დღის პირველ ნახევარში ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ და ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

myquiz