"მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტიიდან. ომის დროს უკრაინაში ოპოზიცია არ არსებობს, ჩვენ ყველა ვიბრძვით უკრაინისთვის და გამარჯვების შემდეგ განვიხილავთ ყველა უთანხმოებას"- ალექსეი გონჩარენკო | Allnews.Ge

"მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტიიდან. ომის დროს უკრაინაში ოპოზიცია არ არსებობს, ჩვენ ყველა ვიბრძვით უკრაინისთვის და გამარჯვების შემდეგ განვიხილავთ ყველა უთანხმოებას"- ალექსეი გონჩარენკო

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეზე მეტის გასვლის შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთის გეგმა ქვეყნის დიდი ქალაქების აღებისა და ხელისუფლების შეცვლის შესახებ ჩავარდა. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ კი მხარეებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა. რამდენად ოპტიმისტურადაა უკრაინული მხარე განწყობილი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რამდენად აქვს რუსეთს ომის გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელების უნარი და როგორი რეაქცია აქვთ უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ისაუბრა.

- ბატონო ალექსეი, პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს... - ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. ამჟამად ნომერ პირველი შეკითხვაა, როდის შეიძლება დასრულდეს ომი? ხედავთ თუ არა ნიშნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე შესაძლოა, მალე მიხვიდეთ?

- სამწუხაროდ, მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ამ მოლაპარაკებების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები აგრძელებენ ომს, ბომბავენ ჩვენს ქალაქებს. როგორც ჩანს, მათ ნამდვილად არ სურთ მშვიდობა, ამიტომაც არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ მოლაპარაკებებზე ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ამ შედეგის მიღებას, რადგან ჩვენ გვინდა მშვიდობა, რაც შეიძლება მალე, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ვაგრძელებთ ბრძოლას.

- უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 5 კვირაზე მეტი გავიდა. 5 კვირის თავზე, რუსეთის რიტორიკა თითქოს შერბილებულია და უფრო კომპრომისული გახდა. პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთი მართლა გამოიფიტა და ის რეალურად იხევს უკან, რადგან ამ ეტაპზე ძალები არ ჰყოფნის თუ შესაძლოა ტაქტიკის შეცვლას ჰქონდეს ადგილი მისი მხრიდან? ასევე, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს რუსეთს იმის უნარი, რომ საომარი მოქმედებები გრძელვადიან პერიოდში გააგრძელოს?

- ბოლო დღეების მოვლენები, მთავარი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ რუსეთმა წააგო ბრძოლა კიევისთვის და ეს არის მათი გეგმების სრული კრახი. მათი მთავარი მიზანი იყო კიევის აღება, მაგრამ ახლა ხვდებიან, რომ ეს მათთვის აბსოლუტურად შეუძლებელია. მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. პირველ დღეებში ისინი ცდილობდნენ კიევის აღებას, მაგრამ როდესაც ჩვენ დავიწყეთ კონტრშეტევები, ახლა უკან იხევენ კიევის ოლქიდან და შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს ბრძოლა წააგეს. ეს იყო სტრატეგიული ბრძოლა კიევისთვის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმია ნაწილობრივ გამოფიტულია.

ვფიქრობ, ისინი ახლა შეეცდებიან სხვა მიზნების მიღწევას - შეტევას უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი რიტორიკა რბილდება. მათი პროპაგანდისტები დღესაც აწარმოებენ პროპაგანდას. მათი არმია დღესაც ბომბავს და ესვრის ჩვენს ქალაქებს. მათი ავიაცია კვლავ ბომბავს, არის სარაკეტო თავდასხმები და იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ისინი უბრალოდ ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი...

ახლახან ვიყავი ირპინში, რომელიც კიევთან ახლოსაა და რომელიც რამდენიმე დღის წინ დავიბრუნეთ. შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის განადგურებულია. საშინელებაა, რაც მათ გაუკეთეს ამ ძალიან ლამაზ პატარა ქალაქს. ასე რომ, ისინი აგრძელებენ ომს. ისინი ახლა მიხვდნენ, რომ ჩვენ არასწორად შეგვაფასეს, არასწორად შეაფასეს უკრაინა და ახლა ალბათ არკვევენ იმას, რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინაში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ჯერ არ აპირებენ შეჩერებას.

- უსაფრთხოების გარანტიებზეც გკითხავთ - უკრაინის მოთხოვნაა, ნატოს მე-5 პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნა. რას აჩვენებს რუსეთსა და მეორე მხრივ დასავლურ სახელმწიფოებთან მიმდინარე მოლაპარაკებების ამ ეტაპზე არსებული დინამიკა, რამდენად რეალისტურია, რომ ერთი მხრივ, რუსეთმა მოაწეროს ხელი ისეთ დოკუმენტს, სადაც ჩაიწერება, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მას სამხედრო ძალით დაუპირისპირდებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ჩინეთი, პოლონეთი, ისრაელი, საფრანგეთი, გერმანია და მეორე მხრივ, თავად ამ ქვეყნებმა განაცხადონ თანხმობა, სამხედრო ძალით დაიცვან უკრაინა, თუკი მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება?

- უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. არ მგონია, ეს ასე მოხდეს. მაგრამ, ცხადია, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე 8 წელზე მეტია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამის შეჩერება. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები მომავლისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ბუდაპეშტის მემორანდუმის ძალიან ცუდი გამოცდილება, როდესაც 1994 წელს უკრაინამ ნებაყოფლობით დათმო ბირთვული იარაღის არსენალი, რომელიც იმ მომენტისთვის მსოფლიოში სიდიდით მესამე იყო. უკრაინამ ბირთვული იარაღი დათმო რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების გარანტიებით. ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ეს გარანტიები აბსოლუტურად არაფერი იყო.

ნატო ჩვენთვის არის ჩვენი უსაფრთხოების ინსტრუმენტი, რადგან ნატოში არის შეერთებული შტატები, არის მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც ნატოს თითოეულ წევრზე თავდასხმა არის თავდასხმა ალიანსზე. ასე რომ, ჩვენ გვინდა მსგავსი რამ - რატიფიცირებული შეთანხმება პირველ რიგში შეერთებულ შტატებთან, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ უკრაინაზე თავდასხმა არის თავდასხმა შეერთებულ შტატებზე. სულ ესაა. რუსეთისგან გარანტიები არაფერს ნიშნავს. რუსეთი არის აგრესორი და მუდმივად ცრუობს, ეს არის ბოროტების იმპერია. ჩვენ არ გვჭირდება რუსეთი, როგორც გარანტორი. ჩვენ გვჭირდება გარანტიები შეერთებული შტატებისგან.

- სხვა აქტუალურ საკითხზეც მინდა გკითხოთ, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება, ერთ-ერთი ასეთი კი, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებაა. 1-ელ მარტს, როცა უკრაინის პრეზიდენტმა კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევის თაობაზე პირველად გააკეთა განცხადება, ამის მიზეზად „სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიცია“ დაასახელა, ხოლო ორი დღის წინ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებისას, მას აღარ უხსენებია საქართველოს მთავრობა და თითქოს უშუალოდ ელჩის მუშაობასთან დაკავშირებით გამოხატა უკმაყოფილება. მოდით, გვითხარით უფრო კონკრეტულად, რატომ მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, რომ მიზეზები გასაგები იყოს ქართული საზოგადოებისთვის...

- ეს, პირველ რიგში, პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და მას შეუძლია ამაზე კომენტარის გაკეთება. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციით. საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს და ეს ძალიან უცნაურია. საქართველოც იტანჯება რუსეთის ფედერაციისგან. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვერ ვხვდებით, რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას სანქციებთან შეერთება. პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვეს კიდეც.

ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი მოხალისეების, რომლებიც ახლა უკრაინისთვის იბრძვიან, მადლობელი ვართ ყველა მამაკაცისა და ქალის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის სხვა ქვეყნებიდან. ომის დაწყებიდან იყვნენ ქართველები, ვისაც სურდათ საბრძოლველად უკრაინის ჯარში გაწევრიანება, მაგრამ საქართველოს მთავრობა მათ საერთოდ არ დაეხმარა.

ასე რომ, ალბათ, ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მიერ იმის ჩვენება, რომ ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ ამ მომენტისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონით და ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციით.

- უკრაინას ელჩი არ ჰყავს გაწვეული ბელარუსიდან, საიდანაც რუსულ რაკეტებს ისვრიან უკრაინის ტერიტორიაზე და არ მიუღია ასეთი გადაწყვეტილება არც უნგრეთთან დაკავშირებით, რომელიც ასევე წინააღმდეგია რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების. შესაძლოა, საქართველო უარს ამბობდეს რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ საქართველომ ღიად გამოხატა უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და ასევე, საქართველო ერთ-ერთია, ვინც ჰააგის სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებას და მათ მხარდამჭერებს აქვთ კითხვა, რატომ აღმოაჩნდა უკრაინის პრეზიდენტს ასეთი შეუვალი პოზიცია უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში. რა პასუხი გაქვთ ამ შეკითხვაზე?

- პირველ რიგში გეტყვით, რომ მე არ ვარ უკრაინის პრეზიდენტი და არც მისი პრესმდივანი ან ოფისის წარმომადგენელი. მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტიიდან. ომის დროს უკრაინაში ოპოზიცია არ არსებობს, ჩვენ ყველა ვიბრძვით უკრაინისთვის და გამარჯვების შემდეგ განვიხილავთ ყველა უთანხმოებას და პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაგრამ არა დღეს. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

გავიხსენოთ 2008 წელი, იმ მომენტში, როდესაც თბილისს რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, რათა გვერდში დადგომოდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს. ახლა კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრულიად სხვა მიდგომას ვხედავთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება უკრაინაში და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი ყველა თვალსაზრისით: მორალურად, სტრატეგიულად და ასე შემდეგ.

უკრაინას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ჩვენ ვართ GUAM-ის ძირითადი წევრები: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა. არსებობს ასოცირებული ტრიო მოლდოვასა და საქართველოსთან. იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, საქართველოს ხელისუფლების ეს პოზიცია, რომელიც ჩვენ ყველაზე ახლო მეგობრად მივიჩნიეთ, ნამდვილად ძალიან გვწყინს. შეიძლება ეს არის უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი.

- საქართველო თავად არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა. ამდენი წელია რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე და უკრაინის ხელისუფლებამ კარგად იცის უსაფრთხოების კუთხით რა მდგომარეობაა საქართველოში. ასევე, მეორე საკითხია ის, რამდენად გააჩნია ჩვენს ქვეყანას წინააღმდეგობის გაწევის იმ მასშტაბის შესაძლებლობა, რასაც უკრაინა წევს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, ობიექტურად რამდენად შეუძლია საქართველოს იმაზე მეტი, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიტიკური მხარდაჭერის დაფიქსირება და საერთაშორისო ორგანიზაციების გარეთ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაა...

- მე არ ვაპირებ იმის თქმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ. მე არ ვარ საქართველოს მოქალაქე. მე მიყვარს საქართველო. მე მიყვარს ქართველი ხალხი. ძალიან მაინტერესებს საქართველოს ისტორია და კულტურა. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ასე რომ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს.

ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია - რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ მხოლოდ 96 საათი გვექნებოდა და ამის შემდეგ დავმარცხდებით. როგორც ხედავთ ახლა ერთ თვეზე მეტი გავიდა ბრძოლის დაწყებიდან, ჩვენ კვლავ ვიბრძვით. უკრაინა კიევისთვის ბრძოლას იგებს. ჩვენ მტრების წინააღმდეგ კონტრშეტევას ვახორციელებთ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოების სულისკვეთება, ერის სულისკვეთება და არა მხოლოდ იმის გამოთვლა, თუ რამდენი ტანკი აქვს ერთ მხარეს და რამდენი ტანკი მეორე მხარეს. ეს არ არის მხოლოდ მათემატიკა. ომი მხოლოდ მათემატიკა არ არის. ასე რომ, მე არ ვთვლი, რომ რადგან საქართველო გაცილებით პატარაა, უბრალოდ არაფერი არ უნდა გააკეთოს რუსეთის წინააღმდეგ.

მე ვაკვირდები აბსოლუტურად აგრესიულ პოზიციას „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ, სადაც ზოგიერთი თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენ ვაპირებთ რუსეთში შესვლას, ეს არის ჩვენი სამშობლო“. არ ვიცი, ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ქართველმა ხალხმა არ უნდა მოითმინოს.

- უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზეც მინდა დაგისვათ შეკითხვა. ალექსეი დანილოვმა ასეთი განცხადება გააკეთა: „თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“. დანილოვის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაშიც და საექსპერტო წრეებშიც. მეტიც, დანილოვის ეს განცხადება იმდაგვარად აღიქვეს, თითქოს უკრაინის მხრიდან კეთდება მოწოდება, რომ საქართველოში ფრონტის მეორე ხაზი გაიხსნას. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ამ განცხადებაზე. ეს იყო უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ემოციური განცხადება, თუ მართლაც უნდა გავიგოთ ის, როგორც მოწოდება ფრონტის ახალი ხაზების გახსნის თაობაზე...

- ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს უშიშროების საბჭოს მდივნის სიტყვებია. ამის შესახებ კომენტარი შეგიძლიათ სთხოვოთ მას ან უკრაინის უშიშროების საბჭოს პრესმდივანს. ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი დაიკავა. ჩემთვის ეს დანაშაულია. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აბსოლუტური დარღვევა. რა უნდა გააკეთოს საქართველომ, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული.

- დიდი მადლობა, ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო. კიდევ ერთხელ ვუსურვებ გამარჯვებას უკრაინელ ხალხს. დიდება უკრაინას!

- გმირებს დიდება! საქართველოს გაუმარჯოს! დიდი მადლობა, ნახვამდის.

ბექა ბერიაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

myquiz