"რუსეთს კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის - ეს არის სიძლიერის ენა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერი“- უკრაინის ელჩი | Allnews.Ge

"რუსეთს კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის - ეს არის სიძლიერის ენა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერი“- უკრაინის ელჩი

რუსეთს, რომელიც ცდილობს გაზარდოს სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე, კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის- ეს არის სიძლიერის ენა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერი ,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, უკრაინის საელჩო შეშფოთებულია ამჟამად არსებული მდგომარეობით და ეს ვითარება, დიპლომატის განმარტებით, არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ ეხება ევროპის უსაფრთხოებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის.

„ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. ეს მდგომარეობა პრობლემურია მთელი რეგიონისთვის და საკითხი უფრო ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ.

საკითხი შეეხება ევროპის უსაფრთხოებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის. ეს ქმნის იმ შედეგებს, რომლებთან გამკლავებაც ჩვენ ყველას გვიწევს.

თვალი გადაავლეთ 2021 წლის დეკემბრიდან არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ამ დროის განმავლობაში გაიმართა უპრეცედენტო რაოდენობის შეხვედრა, დისკუსია და ვიზიტი. ეს არის პრობლემის აქტუალურობის კიდევ ერთი გამოხატულება. ეს ყველაფერი არ ეხება მხოლოდ უკრაინას. დიახ, უკრაინა არის მთავარ ფოკუსში, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ევროპის უსაფრთხოებასთან“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

მან მადლიერება გამოხატა მეგობარი ქვეყნების მიერ გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ იქნება.

„ვაფასებთ დახმარებას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მივიღეთ. არის თუ არა ეს საკმარისი?- მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია. ერთი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის დამატებით 100 000 ჯარისკაცით გაზრდას გულისხმობს. მათ იარაღი და აუცილებელი აღჭურვილობა სჭირდებათ.

არის თუ არა ეს საკმარისი?- რა თქმა უნდა, უკრაინის არმია დღეს გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ეს 2014 წელს იყო. დღეს ჩვენ უფრო მომზადებულები ვართ, რადგან, სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება, საიდანაც გაკვეთილი ძალიან კარგად ვისწავლეთ. უნდა ვიყოთ მზად დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, მოლაპარაკებებიც უფრო მარტივი იქნება. იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას, ნებისმიერ სახის დიპლომატიურ საქმიანობაში, უნდა იყო ძლიერი. უკრაინის შემთხვევა არის ამის ნათელი მაგალითი. სამწუხაროდ, რუსეთს, რომელიც ცდილობს გაზარდოს სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე, კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის - ეს არის სიძლიერის ენა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერი“,- განაცხადა ელჩმა.

20220209-114023-1644554271.jpg

კითხვაზე, მზად არის თუ არა ამ ფონზე უკრაინაში ნატოში გაწევრინებისთვის, იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის უკრაინაც და საქართველოც მზად არიან.

„ჩვენ, ისევე როგორც საქართველო მზად ვართ ნატოში ინტეგრაციისთვის. ამისათვის აუცილებელია ნატოს შიგნით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და კონსენსუსის მიღწევა მოხერხდეს.

ეს არის უკრაინის, საქართველოსა და ნატოს გადასაწყვეტი. ეს არ არის არც რუსეთის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს არის ჩვენი უფლება - ჩვენი გადასაწყვეტია თავად შევარჩიოთ ჩვენი უსაფრთხოების ზომები“, - განაცხადა ელჩმა.

ელჩის თქმით, რეზოლუციის პარალელურად, საქართველოში არაერთი მანიფესტაცია და აქცია იმართება, სადაც სხვადასხვა ორგანიზაცია, ახალგაზრდები და ზოგადად საზოგადოება სტრატეგიული პარტნიორისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

ჩვენ ვნახეთ არაერთი მანიფესტაცია აქ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ახლოს. საჯარო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდებმა გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერის გამომხატველ ძალიან ბევრ წერილს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა აუცილებელია ჩვენთვის. რეზოლუციას, რომელიც ახსენეთ, უმაღლესი რადა მიესალმება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს რეზოლუციის მიღებისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანი მხოლოდ ომის თავიდან არიდება არ არის, არამედ სურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

„მხოლოდ ომის თავის არიდება არ არის საკმარისი, რასაც ხშირად ახსენებენ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები. უკრაინისთვის ეს არ არის ერთადერთი მიზანი. ჩვენ არამხოლოდ გვინდა მშვიდობა შევინარჩუნოთ, არამედ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის უმთავრესი საკითხი უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა უკან დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

თანამედროვე ომი აბსოლუტურად განსხვავებულია, იმისგან, რაც თუნდაც 10 წლის წინ იყო. ჩვენ გვაქვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის გამოცდილება. ტაქტიკები, შეიარაღება და საბრძოლო აღჭურვილობა, რომლებიც ახლა გამოიყენება, 2014 წელთან შედარებით სრულიად განსხვავებულია. ომის ბუნება განსხვავებულია.

ძალიან რთულია ახლა იმის თქმა, რა სახის დახმარება შეიძლება საქართველოსგან დაგვჭირდეს ომის შემთხვევაში. ყველაფერი საჭიროა, პირველ რიგში, რაც ჩვენ გვჭირდება არის სოლიდარობა, პრევენციული ზომები და მზაობა. ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი“,- განაცხადა იგორ დოლგოვმა.

myquiz