"თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, 99%-ით შეიძლება დავუშვათ, რომ პარალელურად ის საქართველოშიც შემოვა" - როგორ ცდილობს პუტინი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის დაშლას
ვითარება უკრაინაში კვლავ უკიდურესად დაძაბულია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოების რუკის თავიდან დახაზვას ცდილობს.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იარაღის ჟღარუნით რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს დაშალოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეიქმნა.
პრემიერის თქმით, კრიზისი "უკრაინაზე უფრო დიდს ეხება".
ამ ვითარებაში კიდევ უფრო გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ხსენებაც კი ვერ გაბედა. ამავდროულად, NDI -ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია 83%-ისთვის, ივლისის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მომხრეთა რაოდენობა 7%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია ასევე ნატოში გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელიც. თუ გასული წლის ივლისში ამ აზრის მომხრე იყო 74%, დეკემბერში 77%-მდე გაიზარდა. საგარეო პოლიტიკური კურსის მხრივ, ხელისუფლების ბოლოდროინდელი საეჭვო ქმედებების ფონზე, როგორ შეიძლება ამ მაჩვენებლების შეფასება? - ამ კითხვას გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტან ძაბირაძემ უპასუხა:
მე ვიტყოდი, უფრო ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე, იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ინერციით გრძელდება - კვლავ ლაპარაკობენ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, თუმცა, მეორე მხრივ, ცდილობენ რუსეთთან ნეიტრალური პოლიტიკა აწარმოონ. თუ საგარეო კურსზე ვილაპარაკებთ, ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ აცდენილი ვიყავით რეალობას - მას ან ვუსწრებდით, ან ჩამოვრჩებოდით. გამსახურდიას დროიდან, როდესაც გვითხრეს, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხართო, დღემდე ასე გრძელდება. აქ პრორუსობაზე არ არის ლაპარაკი, ჩემი აზრით, ეს გამოკითხვაც კარგად აჩვენებს საზოგადოების განწყობას, რისი გათვალისწინებაც აუცილებლად მოუწევს ნებისმიერ ხელისუფლებას. სხვათა შორის, ჩვენი საზოგადოების რუსეთისადმი დამოკიდებულება ძალიან კარგად გამოაჩინა ე.წ. გავრილოვის ღამემ. ის, რაც წლების განმავლობაში ვერ შეძლო ოპოზიციამ და ვერ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, ეს შეძლო გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომამ, როდესაც ათასობით მოქალაქე საპროტესტოდ სპონტანურად გავიდა ქუჩაში.
ხელისუფლებას შეუძლია მანევრირება, არ იყოს აქტიური, არ მოირგოს რუსეთთან პირველი მებრძოლის მანტია, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეესატყვისებოდეს რეალობას. შარშან "ქართული ოცნების" ეს პოლიტიკა გასაგებიც იყო და მეტ-ნაკლებად ადეკვატურიც, თანაც ეს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს არაფერს ვნებდა იმჟამად, მაგრამ დღეს ვითარება კატასტროფულად არის შეცვლილი. ვგულისხმობ, უკრაინასთან დაკავშირებულ ძალიან მწვავე პროცესებს.