ამერიკელი გენერალი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა საშინელი იქნება და მნიშვნელოვან მსხვერპლს გამოიწვევს | Allnews.Ge

ამერიკელი გენერალი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა საშინელი იქნება და მნიშვნელოვან მსხვერპლს გამოიწვევს

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა „საშინელი“ იქნება და მნიშვნელოვნად დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, გენერალმა მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსეთის ძალების მასშტაბები ნიშნავს, რომ თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება.

„თუ ეს თავდასხმა უკრაინაზე განხორციელდა, მნიშვნელოვან მსხვერპლს გამოიწვევს“, - აღნიშნა გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მჭიდროდ დასახლებული ქალაქების ტერიტორიებზე ბრძოლა „საშინელება“ იქნება.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ კონფლიქტი გარდაუვალი არ არის და ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის.

"კონფლიქტი გარდაუვალი არ არის. ჯერ კიდევ არის დრო და სივრცე დიპლომატიისთვის", - განაცხადა ოსტინმა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

„არ არსებობს მიზეზი, რომ ეს სიტუაცია კონფლიქტში გადაიზარდოს. მას შეუძლია თავისი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცეს“, - დასძინა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში, მათ შორის დამატებითი იარაღის მიწოდებით.