ვინ ცდილობს ხელის მოთბობას პანდემიის დროს გაძვირებული ფასებით? | Allnews.Ge

ვინ ცდილობს ხელის მოთბობას პანდემიის დროს გაძვირებული ფასებით?

“განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ სრული ლოკდაუნის დროს განიხილება. ჩვენი ხელისუფლების პირველივე ნაბიჯი კი სწორედ ეს იყო, რაც, სხვა თუ არაფერი, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა. ამიტომ მოსახლეობას სამგზავროდ მხოლოდ ტაქსი დარჩა. საკითხავია, ვინ ითბობს ხელს? თუ ტაქსის მიკრობიზნესად განვიხილავთ, ბიზნესი ნებისმიერ დროს მაღალი მოგების მიღებაზეა ორიენტირებული.

ტაქსის მძღოლი თუ კომპანიის მფლობელი ფიზიკური პირია, რომელსაც ასევე გაუძვირდა ცხოვრება, გაიზარდა საკვების, საწვავის, მედიკამენტების ფასი, რაც სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული. მარტივად რომ ვთქვათ, ფასების ზრდის პრობლემას ცენტრალურმა ბანკმა თავი ვერ გაართვა. თუმცა მხოლოდ მისი ბრალი არ არის, ამაში ლომის წილი მიუძღვის ცენტრალურ ხელისუფლებასაც" - აცხადებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ ცდილობს ხელის მოთბობას პანდემიის დროს გაძვირებული ფასებით.

“ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტება, რომ ტაქსის მომსახურების გაძვირება მომხმარებლის მატებამ განაპირობა, უგუნური და უპასუხისმგებლო განცხადებაა. ეს არ არის წმინდა მიწოდება-მოთხოვნის საკითხი. ტაქსი კი არ არის ცოტა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერეს და მოსახლეობას ალტერნატივა არ დაუტოვეს, იძულებული გახადეს, რომ გადაადგილების ერთადერთი წყარო გამოეყენებინა. თუ ყველა პროდუქტს აკრძალავენ, შემოტანას ან მის წარმოებას შეწყვეტენ და მხოლოდ პურს დატოვებენ, ამ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან გადარჩენის ერთადერთ წყაროდ გადაიქცევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო გაიზარდა პურზე მოთხოვნა... კარგი იქნება სოლიდარობის განცდა ჰქონდეთ, მაგრამ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს ვერ მოვთხოვთ, რომ ფასების ზრდამ ისედაც დამძიმებულ სოციალურ ფონს უფრო არ დაარტყას და მოსახლეობა მეტად არ დააზარალოს. მთავრობას ბიზნესი თავის ნებაზე რომ არ მიეშვა, ეს ვითარება არ გვექნებოდა. მოსახლეობა ბიზნესჯგუფების კეთილსინდისიერებასა და მაღალ ზნეობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. თუ სახელმწიფო ამის დარეგულირებას ვერ ახერხებს, ყოველთვის გამოჩნდებიან ვიღაცები, ვინც ხალხის გაჭირვებით იხეირებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

“კარგი იქნებოდა, ასაცრელი პუნქტები რეგისტრაციის გარეშე უფრო ადრე გაეკეთებინათ. ასეთი პუნქტების გახსნისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება ერთდროულად მიიღეს. მერე განაცხადეს, აცრის ცენტრებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი ივლისო, არადა, კაციშვილმა არ იცის მათი გადაადგილების მარშრუტი და გრაფიკი... გამოჩნდა, რომ საზოგადოებას უფრო მაღალი პასუხისმგებლობა აქვს საშუალოდ დღეში 20 ათასი კაცი იცრება და როგორმე ხალხი სამედიცინო დაწესებულებამდე ხომ უნდა მივიდეს?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ფასების დარეგულირების გზებს, კონსტიტუციურად ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. აქვე უნდა აღვნიშნოთ - პროდუქტებზე პანდემიური შოკებიდან გამომდინარე ფასები გაძვირებულია. არც ის იქნება სამართლიანი, მხოლოდ ცენტრალურ ბანკს შევაწმინდოთ ხელი, ხელისუფლებასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ფასების შესარბილებლად... საერთოდ, პროდუქტის ფასებზე ზეგავლენას ახდენს ნავთობპროდუქტების, საწვავის ფასები. სხვა საკითხია, რამდენად “ჯანსაღია” მათი ფასები. პანდემიის დროს 7,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მივიღეთ და მისი ნახევარი ჯერ კიდევ ხაზინაშია. ბიუჯეტის სწორი დაგეგმარებით შეეძლოთ საწვავზე აქციზის განაკვეთი დროებით 2017 წლამდელ ნიშნულზე დაებრუნებინათ, რაც ფასებს გაანახევრებდა. ეს აისახებოდა ფასების საერთო მაჩვენებელზე, ამ სფეროს დააბალანსებდა და სასურსათო ფასებსაც შეამსუბუქებდა. ასე რომ, კომპლექსური პრობლემაა - ეროვნული ბანკი და აღმასრულებელი ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც საბაზრო ეკონომიკისთვის არ არის დამახასიათებელი”, - განმარტავს ეკონომისტი.

“ნავთობპროდუქტები იქნება თუ მედიკამენტები, ხელისუფლებას არაჯანსაღი მიდგომა აქვს. გასულ თვეს ჯანმომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველოში სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების ღირებულება 150-300%-ით აღემატება ევროპაში არსებულს. ეს პრობლემები “კოვიდამდეც” გვქონდა. არიან ბიზნესმენები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ოპერირებენ, მით უმეტეს, ამდენი წელია გასდით... თუ ხელისუფლებას რამის თავი აქვს, ეს უნდა დაარეგულიროს. არავინ ფიქრობს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე. არადა, რამდენიმე ათეული წელია ამ სფეროში არსებული პრობლემები გაჭირვებულ მოსახლეობაზე აისახება”, - დასძენს პაატა ბაირახტარი.

myquiz