„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს | Allnews.Ge

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

„დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს.

ქვეყანა უკვე ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება მათი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპიობას მათ ამომრჩეველი არ აპატიებს.

"19 აპირლის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით შარლ მიშელს მისი ძალისხმევისთვის", - აღნიშნა კობახიძემ.