დაუწესდება თუ არა საქართველოს სანქციები?- "არ შეიძლება, ვამბობდეთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ და იმავდროულად, საქმით ვემსგავსებოდეთ, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას"
საბოლოო ჯამში, სახელმწიფომ უნდა აღასრულოს კანონი და უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია, რომლისთვისაც ისაა მოწოდებული“, - რას ნიშნავს კრიტიკა დასავლეთისგან და უნდა ველოდოთ თუ არა სანქციებს?
მოსამართლეების დანიშნვნის პროცესისა და თბილისში, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, უკვე ძალიან მძაფრად ისმის საქართველოსადმი დასავლეთის კრიტიკა. რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა; კრიტიკული წერილი გამოაქვეყნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა; აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი ქვეყანა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების გამო გააკრიტიკა. ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოში კვლავ ჩამოდის ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
რას ფიქრობენ ექსპერტები, როგორ უყურებს დასავლეთი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რას ნიშნავს მათი მხრიდან ამგვარი გამოხმაურებები? ამაზე ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე საუბრობენ.
როგორც ფხალაძე ნედ პრაისის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ის დრამატული და ტრაგიკული მოვლენები, რაც იყო თბილისის ქუჩებში, ქვეყნის დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებია.
"ჩვენი პარტნიორები ბუნებრივია, წუხან ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გვაფრთხილებენ, რონმ არავითარ შემთხვევაში ქვეყანამ არ უნდა დაუშვას ის ნაბიჯები, რომელიც ებრძვის დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობა დგას ღირებულებებზე, პრინციპებზე, დემოკრატიაზე და ეს ღირებულებები უნდა იყოს დაცული - ესაა უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის. ამიტომ, ის წუხილი და შეშფოთება, რომელიც გამოთქმული იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ, უპირველეს ყოვლისა, ამას უკავშირდება. იმავდროულად, დავინახე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მოელის, რომ საქართველო, როგორც ის ქვეყანა, რომელიც სწორედ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსისკენ მიისწრაფვის, ამ გამოწვევას სათანადოდ გაუმკლავდება და მიღებული იქნება ყველა ის ზომა, რათა არა მხოლოდ უბრალოდ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, არამედ მსგავსი რამ აღკვეთილი იყოს მომავალში და საერთოდ, არავის მოუვიდეს აზრადაც კი იმ ტიპის ქმედების განხორციელება, რასაც ჰქვია იერიში სახელმწიფოზე და დემოკრატიაზე.
- და მედიაზე...
- რა თქმა უნდა, რადგან მედია თავისუფალი სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ტყუილად არ არის ნახსენები მეოთხე ხელისუფლება“, ეს არ არის უბრალოდ ლამაზი ფრაზა, თავისუფალი და ძლიერი მედია განაპირობებს დემოკრატიულობასა და ქვეყნის სიძლიერეს. ამ ღირებულების ხელყოფა არა მხოლოდ დაუშვებელი, არამედ წარმოუდგენელია. თავისთავად ცხადია, რომ ამას არც ჩვენ უნდა შევეგუოთ და არც ჩვენი მეგობრები შეეგუებიან“, - აღნიშნავს ფხალაძე.
გიორგი გობრონიძის თქმით, პირველ რიგში, ამ განცხადებაში რაც იკვეთება, ესაა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ კრიტიკული და რთული პოზიცია იმასთან მიმართებაში, რაც ზოგადად, საქართველოში ხდება.
"შეიძლება თქვას, რომ გარკვეულწილად, ჩვენი პარტნიორები იმედგაცრუებულები არიან იმ პროცესებით, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. მთლიანობაში ვხედავთ, რომ საქართველოში სიტუაცია ბოლო პერიოდში არც ისე სახარბიელოდ ვითარდება, რადგან,პრაქტიკულად, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტა დაბნეულია საერთოდ, არ ვიცი, ამას რა უნდა დავარქვა, მაგრამ იკავებს პოზიციებს, რომელიც ცალსახად მოდის წინააღმდეგობაში ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასთან, ქვეყნის კონტსტიტუციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის პრინციპებთან და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გამოსასწორებელი.
პირველ რიგში, ბოლო პერიოდში ჩვენთან, სახელმწიფომ ვერ შეძლო, შეესრულებინა უმთავრესი ფუნქცია, უზრუნველეყო საზოგადოებრივი მშვიდობა, დაეცვა მართლწესრიგი და შესაბამისად, მივედით იქამდე, რომ პრაქტიკულად, თბილისის ცენტრი გახდა ძალადობის, განუკითხაობის და ქაოსის საკმაოდ სერიოზული სივრცე და არეალი. აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, რადგან ის, რაზეც საუბრობს ბატონი პრემიერ-მინისტრი, კი, გასაგებია, რომ ეს პოზიცია ცალსახად პოპულისტურია და გათვლილია იმაზე, რომ მან საზოგადოების უმრავლესობის გული მოიგოს, მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში ამ კატეგორიებით საუბარი ნაკლებად ხდება ხოლმე - როგორც წესი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კონსტიტუცია, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი, ინდივიდუალურად ყველა ადამიანს უფლებასა და თავისუფლებას ანიჭებს.
შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობის 95% რაღაცას მიიჩნევს, - ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულწილად, ბოლშევიკური კატეგორიებით საუბართან, სადაც უმრავლესობის დიქტატურაზე იყო ლაპარაკი. ყოველთვის, როდესაც უმრავლესობის დიქტატურაზე ვიწყებთ საუბარს, ვიღებთ გარემოს, რომელშიც საზოგადოება უკვე იყოფა ერთი მხრივ, უმრავლესობად, ანუ ბრბოდ, რომელიც ახორციელებს დიქტატს და მეორე მხრივ, უმცირესობად, რომლის გამოცხადებაც ხდება გარკვეულწილად ხალხისა და საზოგადოების მტრებად, ხდება მათი გარიყვა და პრაქტიკულად, სოციალური მოკვეთა. საბოლოო ჯამში, ამის ბრწყინვალე მაგალითი იყო თუნდაც საბჭოთა კავშირი, ფაშისტური გერმანია...
მთლიანობაში, რისი მომსწრენიც გავხდით ბოლო პერიოდში, ეს იყო საკმაოდ სახიფათო მოვლენა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საქმე გვქონდა სახელმწიფოს უუნარობასთან, გამკლავებოდა ძალადობასა და პოლიტიკურ ექსტრემიზმს, მეორე მხრივ კი, დავინახეთ რომ პრაქტიკულად, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს საკმაოდ დაუცველი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში - შესაბამისად, დავინახეთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ მთლიანობაში, სახელმწიფომ ვერ შეძლო არა უბრალოდ კონკრეტული ტპის, მაგალითად, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ე.წ. არამეინსტრიმული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა დაცვაზე, არამედ ვერ შეძლო, დაეცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლება.
ასე რომ, ნედ პრაისის განცხადებაში ძალიან მკაფიოდაა გამოკვეთილი ის გზავნილები, რომ ჩვენგან ელოდებიან ისეთ მოქმედებას, როგორც უნდა მოქმედებდეს ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფო ნორმალურ შემთხვევაში და ცივილურ გარემოში. ზოგადად, მოხდა ძალადობა და ამდენი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი - ეს სწორი არ არის, რადგან ჩვენ უამრავი უცნაური ვერსია ვისმინეთ, დაწყებული იმით, რომ სახეზე გვაქვს მაგალითად, ვითომ ნარკოტიკული ზედოზირება. ესეც რეალურად ემსახურება არა იმას, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება, არამედ იმას, რომ გარკვეულწილად, მოხდეს პასუხისმგებლობის თავიდან არიდება მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. განაგრძეთ კითხვა