"ეს იყო წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ღარიბაშვილი 5-6 ივლისის მოვლენებზე | Allnews.Ge

"ეს იყო წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ღარიბაშვილი 5-6 ივლისის მოვლენებზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ქვეყანაში ვერასდროს შედგება.

"ვნახეთ, რომ სცადეს ეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც მისი ცემის საქმეში იყო ჩართული.

მინდა განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში ჩართული იქნება საერთაშორისო ექსპერტი, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

„რა თქმა უნდა, მე მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებს, მის კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შსს აქტიურად მუშაობს, გუშინვე ჩაატარა, ძალიან ოპერატიულად, შესაბამისი სამუშაოები.

ამის გარდა, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა, თვითონ გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით, პროცესში, ასევე, ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში იმისთვის, რომ არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი გამოეხმაურა გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციასაც და განაცხადა, რომ "კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები" ისმოდა აქციაზე.

ღარიბაშვილის განცხადებით, აქციაზე აგრესიული სიტყვით გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ, გარდა იმისა, რომ ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას, რაც „მათი ოცნებაა“.

"მინდა ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს გუშინდელ აქციაზე. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. გზავნილები მაგალითად, იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, რაც გასაგებია და ნორმალურია, ეს არის მათი ოცნება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

myquiz