რას ინფორმაციას ფლობს გერმანიის ელჩი სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაში მყოფი 24 ქართველის უმძიმეს სამუშაო პირობებზე | Allnews.Ge

რას ინფორმაციას ფლობს გერმანიის ელჩი სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაში მყოფი 24 ქართველის უმძიმეს სამუშაო პირობებზე

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული მოქალაქეების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ელჩი განმარტავს, გერმანულ უწყებებთან საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი და მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.

„ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს.

კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“, - აცხადებს გერმანიის ელჩი, რომლის კომენტარსაც საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მათ შორის ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ.