რამდენი ლარი დახარჯეს პარლამენტარებმა 4 თვეში საწვავსა და სატელეფონო მომსახურებაზე | Allnews.Ge

რამდენი ლარი დახარჯეს პარლამენტარებმა 4 თვეში საწვავსა და სატელეფონო მომსახურებაზე

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 4 წლის განმავლობაში საწვავზე 3 225 249,70 ლარი დახარჯეს, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებმა კი 4 თვის განმავლობაში (12 აპრილის მდგომარეობით) კი 172 253,61 ლარი.

როგორც “ინტერპრესნიუსის“ მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ყოველთვიურად, ჯამში 25 000 ლიტრი საწვავი გამოიყოფა, ხოლო ავტომანქანის მომსახურებით პარლამენტის 47 წევრი სარგებლობს.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებმა ყველაზე ბევრი საწვავი მარტის თვეში მოიხმარეს და 22 ათასზე მეტი ლიტრ საწვავში დაახლოებით 52 ათასი ლარი დახარჯეს.

რაც შეეხება სატელეფონო მომსახურებას, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 4 წლის განმავლობაში 1 112 858.17 ლარი დახარჯეს, ხოლო მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 4 თვის განმავლობაში 61 066.09 ლარი. მათ შორის, დეპუტატებმა ფიჭური კავშირგაბმულობით ყველაზე მეტად დეკემბრის თვეში ისარგებლეს და ხარჯმა 8 846.86 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა თვეებს, იანვარში ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 7 226.4 ლარი დაიხარჯა, სტაციონარული სატელეფონო მომსახურებისთვის კი 9 616.24. თებერვალში მობილური ტელეფონით საუბარი დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს 7 873,75 ლარი დაუჯდათ, სტაციონარული სატლეფონო მომსახურება კი 9 651,15. რაც შეეხება მარტის თვეს, პარლამენტის წევრებმა და თანამშრომლებმა ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 7 994,23 ლარი დახარჯეს, სტაციონარული სატელეფონო მომსახურებისთვის კი 9 721,87 ლარი.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით ნებისმიერი ხარჯი თითოეული პარლამენტის წევრისთვის ან აპარატის თანამშრომლისთვის არ გამოიყოფა, არ არის პერსონიფიცირებული. საქართველოს პარლამენტში მისი სტრუქტურის გათვალისწინებით განისაზღვრება ყოველთვიური ან წლიური ლიმიტები და მის ფარგლებში ხორციელდება ხარჯის გაწევა“, - აცხადებენ პარლამენტში.

myquiz