სომხეთის პრეზიდენტმა თბილისში ყოფნისას, ქართველი კოლეგის საპატიო სტუმართა წიგნში არარატის მთა დახატა - რა უპასუხა მას თურქეთის ელჩმა? | Allnews.Ge

სომხეთის პრეზიდენტმა თბილისში ყოფნისას, ქართველი კოლეგის საპატიო სტუმართა წიგნში არარატის მთა დახატა - რა უპასუხა მას თურქეთის ელჩმა?

სომხეთის პრესაში გრძელდება გამოხმაურება საქართველოში, თბილისში პრეზიდენტ არმენ სარქისიანის ვიზიტთან დაკავშირებით. ყურადღება განსაკუთრებით ექცევა სომეხი ლიდერის ჩანაწერს თავისი ქართველი კოლეგის საპატიო სტუმართა წიგნში, რომელშიც მან არარატის მთის კონტურები გამოხატა. როგორც ცნობილია, სომხებისათვის ეს წმინდა მთა ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

როგორც სომხური გამოცემის "ლრაგირის" («Լրագիր») მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაშია აღნიშნული (სათაურით: "თურქეთი სომხეთის ყველაზე დიდი ნაწილია“), თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა სომხეთის პრეზიდენტს უპასუხა და თავის "ტვიტერში" კომენტარი გააკეთა:

"აგრის მთა (ასე უწოდებენ თურქეთში არარატს) თურქეთის ყველაზე მაღალ მთას წარმოადგენს“. ელჩმა ასევე დაამატა სომხურ და ქართულ ენებზე, რომ პოსტი იმიტომ დაწერა, რომ "ფაქტები კარიკატურულ დიპლომატიაში არ დაიკარგოს“.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ:

"როგორც ჩანს, ფატმა იაზგანი საქართველოში იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთში. თურქეთის პოზიციები საქართველოში საკმაოდ ძლიერია და, შესაბამისად, ფატმა იაზგანი პერიოდულად მკვეთრი განცხადებებით გამოდის.

არმენ სარქისიანს შემდგომში, ალბათ, მოუწევს, რომ არარატის მთის გამოსახულებას თან განმარტებები დაურთოს ტექსტით: "თურქეთი - სომხეთის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს“. ამაში არავითარი შეცდომა არ არის: თურქეთი ხომ სომხურ ისტორიულ მიწა-წყალზეა შექმნილი - იმ სისხლით მორწყულ მიწა-წყალზე, [კილიკიაში], რომლის მოსახლეობა ოსმალებმა იძულებით გაათურქეს, გაამაჰმადიანეს და ალავიტები უწოდეს.

თურქეთი სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხარდაჭერით და მონაწილეობით შეიქმნა - სომხების გენოციდისა და დეპორტაციის ფასად. სომხური საკითხი - თურქეთის გენერალურ პრობლემას წარმოადგენს და ამ შემთხვევაში ელჩის გამონათქვამი "კარიკატურული დიპლომატიის“ შესახებ, ერთი მხრივ, თურქეთის შიშს გამოხატავს, მეორე მხრივ კი - ეს სომხური პოლიტიკური აზრის არარსებობის შედეგია: 200 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთიდაიგივე პრიმიტიულ სქემაზე ვდგავართ: "ან პრორუსობა, ან პროთურქობა“, ამის საბოლოო შედეგი კი ეროვნულ-ისტორიული ტერიტორიის ცხრა-მეათედი ნაწილის დაკარგვა გახდა. ახლაც იგივე ხდება... როდემდე უნდა გრძელდებოდეს ასე? ნუთუ სხვა გზა არ არსებობს? წყარო

myquiz