"დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებული ვართ" - რას ამბობენ ისტორიულ შეთანხმებაზე "ოცნება" და ოპოზიციის ლიდერები | Allnews.Ge

"დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებული ვართ" - რას ამბობენ ისტორიულ შეთანხმებაზე "ოცნება" და ოპოზიციის ლიდერები

იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

სამადაშვილის განმარტებით, დღევანდელ დოკუმენტს ხელს არა პარტიის, არამედ პარლამენტის ინდივიდუალური წევრის სახელით აწერს.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის გზა იმისთვის, რომ "დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და „გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და გიორგი რურუა“.

 

"დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ მიშელს. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ადასტურებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის. ეს დოკუმენტი ასევე გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და გიორგი რურუა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში აღარასოდეს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ისე როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ევროპულ ქვეყანას. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტი ხელმოწერისთვის ჯერჯერობით ღიაა.

"ხვალ იგეგმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ნიკა მელიას და ზოგადად ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ამ შეხვედრაზე ვიყოთ წარმოდგენილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელმოწერა იყო ყველას ინტერესებში, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის". მე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოვუწოდე პარტიას, რომ - ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მოვაწეროთ ხელი ამ დოკუმენტს და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილებაც. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" მათი გადაწყვეტილება რამდენადაც მესმის, ისინი შემოუერთდებიან ამ დოკუმენტს მოგვიანებით და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერისთვის არის ჯერჯერობით ღია. პარლამენტში, ის ადამიანები ვინც დღეს ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას მივლენ ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად და ამ კანონის თანახმად ჩვენ მივიღებთ, მათ შორის, ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმროდან და ამის შემდეგ როგორც ჩანს "ნაციონალური მოძრაობაც" შემოუერთდება დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში", - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პარტია "მოქალაქეების" პარლამენტში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

"მე წარმოვადგენ პარტია "მოქალაქეებს", ჩვენ ორნი ვართ ამ პარლამენტში წარმოდგენილი, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას და შევედით პარლამენტში და ამის გამო ზიზღის და სიძულვილის უზარმაზარი ნიაღვარი დავიმსახურეთ, მაგრამ დღევანდელი დღეც, დღევანდელი შეთანხმებაც ადასტურებს, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად მართალი და მტკიცე და მე ვარ ამაყი, რომ დღეს საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და ჩვენ მზად ვართ არამარტო ის სიძულვილი არამედ უფრო რთულ ბრძოლაში შევიდეთ ისევ და ისევ უკეთესი საქართველოსთვის", - განაცხადა ელისაშვილმა.

დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული. დღეს ყველა ვართ გამარჯვებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში დაპირისპირების დასასრული იქნება.

„პირველ რიგში, გამარჯვებულია ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო იმიტომ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. შეთანხმება, თანხმობა, კონსენსუსი, კომპრომისი - ესაა ევროპული სტანდარტი და დარწმუნებული ვარ, ამ ევროპულ განვითარებას გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი საქართველოში დაპირისპირების დასრულების. არ მინდა, საქართველო იყოს ბოიკოტების ქვეყანა, მინდა იყოს თანხმობის ქვეყანა. მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს გაჭვირვების ქვეყანა, მინდა იყოს განვითარების ქვეყანა. არ მინდა საქართველო იყოს მუდმივი დაძაბულობის ქვეყანა, არამედ იყოს ჯანსაღი კამათის ქვეყანა, იდეებით, პაექრობის და ხალხზე ზრუნვაზე კონკურენციის ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, თუ ყველა მოვინდომებთ, ამას ნამდვილად შევძლებთ. ეს ისტორიული დღე ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების საქართველოს მშენებლობას, რომელიც მალე გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელია პენიტენციურ დაწესებულებას ან გირაოს სანაცვლოდ, ან ამნისტიით დატოვებს.

ვაშაძის თქმით, ევროპული მხარე მზად არის, ნიკა მელიას გირაო გადაიხადოს.

„საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, განვითარებული ადამიანების ქვეყანა, ძლიერი ოჯახებით და ძლიერი ადამიანებით. ხვალ, ბატონი შარლ მიშელი პირადად ჩამოდის და იმედი მაქვს, გულწრფელად გეტყვით, რომ ის, ვინც ხელს არ აწერს დოკუმენტს, ისიც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს და ყველა გავერთიანდებით ამ საერთო საქმეში.

ნიკა მელია გამოვა, ან გირაოთი, რომელზეც მზად არის ევროპული მხარე, რომ გადაიხადოს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ძალიან სერიოზული ჟესტია, ან მეორე ვარიანტია - ეს შეიძლება იყოს ამნისტია“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, პირველი ნაბიჯია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანის არსებული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

ხაზარაძე ფიქრობს, რომ დღეს ყველას უნდა გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ, თუმცა, დასძენს, რომ ასევე ესმის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს.

მისივე თქმით, როცა პარტიის ლიდერი ციხეშია, რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება.

„მინდა გითხრათ, რომ 6-თვიანი, საკმაოდ რთული მოლაარაკების შედეგად, ძალიან დიდი ჩართულობით ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების, რომლებმაც კიდევ ერთხე დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ, მიღწეულ იქნა შეთანხმება. შეიძლება ეს არ არის იდეალური ხელშეკრულება, მაგრამ ეს არის ის ძირითადი და მაქსიმალური, რისი მიღწევაც ორივე მხარის და უფრო ოპოზიციური მხარის მონდომებით იქნა მიღწეული. მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. კრისიზი ჩვენ ქვეყანაში მარტო პოლიტიკური არ არის, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური კრისიზი, გვაქვს პანდემიის მართვის კრიზისი და გვაქვს უფუნქციოდ მყოფი საქართველოს მდგომარეობა. ამიტომ შემდგომი ნაბიჯები იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ანტიკრიზისული გეგმა, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც დღეს არის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პრინციპები. მე ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ეს მათ გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ დღეს ყველას უნდა გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ, თუმცა, მესმის, როცა პარტიის ლიდერი არის ციხეში რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, დოკუმენტში მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელიც მრავალპარტიული პარლამენტის არსებობას გულისხმობს.

„მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ, რომ ვითანამშრომლოთ, დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, დამთავრდეს დაპირისპირება და განცდა, რომ ეს ქვეყანა შავ-თეთრია.

ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ამ დოკუმენტში, სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემას და დაბალ ბარიერს, ისე, რომ მომავალ პარლამენტში თითოეული მოქალაქის ხმა იყოს ასახული, გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი, ანუ ევროპული პარლამენტი. ასევე, შევძლოთ ვითანამშრომლოთ მტრობის და დაპირისპირების გარეშე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი იყო. ეს პროცესი არ დასრულებულა. ველოდებით, სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვთ, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს. ამით გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც ამ დოკუმენტშია ასახული“, - აცხადებს სამნიძე.

ძალიან რთული პროცესი იყო. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტი იმუშავებს.

„ძალიან რთული პროცესი იყო. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს, ამ საყოველთაო ნიჰილიზმში და სასოწარკვეთაში იმედი აქვთ ადამიანებს, რომ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ქვეყანაში რაღაც პოზიტიურისკენ შეიცვლება. რთულია ამ ვითარებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი იმედის ქონა, მაგრამ მეც იმის იმედად, რომ ეს დოკუმენტი მართლა იმუშავებს, ხელს ვაწერ. მადლობა ყველას“, - აცხადებს ჯაფარიძე.

"თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებში და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა", - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მასპინძლობისთვის, მეც შევუერთდები ჩემ კოლეგებს და ყველას უღრმეს მადლობას გადაგიხდით თქვენი შრომისთვის ამ გრძელ პერიოდში. მე მესმის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებში და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა. ვფიქრობ, ეს ბოლო შემთხვევა შეიძლება იყოს და მხოლოდ ამით გამოვსყიდით თქვენს წინაშე იმას, რომ ამდენი გაწვალეთ. თუ ამის შემდეგ ჩვენ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს, აღარასდროს დაგვჭირდება ამ ტიპის დახმარება. ყველას დიდი მადლობა, რაც ჩვენთვის გააკეთეთ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

"დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რომელთა გატარებაც საზოგადოებასა და პარტნიორებთან ერთად მოხდა, იძლევა საშუალებას, რომ გვქონდეს წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი.

„ეს შეთანხმება სწორედ ამას ემსახურება და ვფიქრობ, რომ პოზიტიური ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ, გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიც არის პატიმრების საქმეები, როგორიც არის 43% -იანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე 2/3-იანი კვორუმების პრინციპების გამოყენება, რომელთან ერთად არსებობს შეთანხმება, რომ ჩვენ შემოვიღებთ და კანონში გავწერთ, ასევე, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. მსურს მადლობა გადავუხადო მედიაციისთვის პრეზიდენტ მიშელს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, რაც მთავარია ჩვენს თანამოქალაქეებს იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ თვეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!", - ამის შესახებ ფრაცქია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ამით ის გამოეხმაურა შარლ მიშელის დოკუმენტზე პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელმოწერის დაფიქსირებას.

როგორც მდინარაძე წერს, ეს საქართველოს გამარჯვებაა.

„მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს - ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს!

ეს საქართველოს გამარჯვებაა!

კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით!

განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

"პრორუსული პარტიის ლუსტრაციის ისტორიული დღე", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილის ხელმოწერას.

„პრორუსული პარტიის ლუსტრაციის ისტორიული დღე!!!

საქართველო - ევროპის ნაწილი!

გაიმარჯვა საქართველომ“ , - წერს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.