"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება | Allnews.Ge

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

"ახლა სომხეთი დანის პირზე დადის" - ასე აფასებენ ადგილობრივები სომხეთში მიმდინარე მწვავე პროცესებს, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა არ ცხრება. ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებს, რომ პრემიერის გადადგომამდე აქციებს არ შეწყვეტენ. ნიკოლ ფაშინიანი კი, ოპონენტებს ისევ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სთავაზობს.

ამასობაში, სამგზის პარლამენტარს, ექსპრემიერ ვაზგენ მანუკიანს, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის საერთო რჩეულია, პრემიერობის კანდიდატობაზე, "საკონსტიტუციო წესრიგის დამხობისკენ საჯარო მოწოდებაში" ბრალი წაუყენეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

თებერვალში ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ორი გეგმიდან ერთ-ერთი "ძალაუფების სწრაფად ხელში ჩაგდება" იყო. ვაზგენ მანუკიანს ხელწერილი დაადებინეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით ფაშიანინის გუნდმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა, რადგან აშკარაა, რომ რეიტინგული ფიგურის მოშორებას ცდილობენ. კიდევ ერთი ნაწილის მოსაზრებით, მანუკიანმა "აშკარად მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ არსებული ხელისუფლება დაემხოთ და ეს არ უნდა შერჩეს..."

სომხეთში მიმდინარე პროცესებში სოროსის ხელს ხედავს ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც ახლა ოპოზიციაშია. მისი თქმით, ეს ორგანიზაციები ყოველდღიურად ძლიერდებიან, რადგან კარგი დაფინანსება აქვთ.

"სოროსის მიერ მართული ორგანიზაციები და სხვა მსგავსი იდეებისა და ღირებულებების მქონე სტრუქტურები სომხეთს განადგურებით ემუქრებიან. საზოგადოებამ კი ამის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს".

ადგილობრივების ცნობით, ქოჩარიანი ყოველთვის პრორუსულ ხაზს მიჰყვებოდა, რაც წლების განმავლობაში გაგრძელდა და ქვეყანა აქამდე მიიყვანა, თუმცა ნიკოლ ფაშიანინის ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ მან კვალიფიციური გუნდი ვერ ჩამოაყალიბა, რაც ასევე მძიმე შედეგად დაუჯდა ქვეყანას.

"ახლა მთავარია, რევანშისტულმა ძალებმა წითელი ხაზები არ გადაკვეთონ და პროცესები თანდათან მშვიდობიანად წარიმართოს... მოქმედმა სამხედროებმა ვერ შეძლეს იმ ამბოხის წამოწყება, რაც რუსეთს ძალიან სურდა, ხალხი არ აჰყვა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ცეცხლთან თამაში გრძელდება... ერთადერთი იმედი ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის განცხადებაა. მათი ცნობით, აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაბრუნებას აპირებს. მთავარია, მან და ევროკავშირმა რუსეთს როგორმე უკან დახევინონ ან გავლენების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა არ მისცენ... თუ ასე მოხდა, სომხეთის დამოუკიდებლობა, ეჭვქვეშ დადგება. მოსკოვის ქმდებებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სუვერენინტეტი ახლა ბეწვზე ჰკიდია..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში სამოქალაქო აქტივისტი დავიდ აბრამიანი.

კავკასიის ინსტიტუტის ხელმღვანელი ერევანში ალექსანდრე ისკანდერიანის მოსაზრებით, 2018 წლის შემდეგ, სომხეთის მოსახლეობამ იმედი კიდევ ერთხელ დაკარგა. არადა, ეგონათ, რომ ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესებოსკენ შეიცვლებოდა... ამას დაემატა ომი. მოსაზრება, რომ ფაშინიანს ჯერ კიდევ შეუძლია ვითარების მართვა, გადაჭარბებულია.

"სამხედრო გადატრიალების მცდელობა მაშინ იქნებოდა, რომ უწყების ხელმძღვანელობის განცხადებიდან 15 წუთის შემდეგ, ქუჩაში ჯავშანტრასპორტიორები გამოჩდნებოდნენ. თუმცა ასე არ მოხდა, მე ასე ვიტყოდი, სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე იყო დაწყებული..." - ამბობს ის kommersant.ru-სთან საუბარში.

meduza.io-სთან ინტერვიუში Carnegie.ru-ს მიმომხილველი კრილ კრივოშეევი ამბობს, რომ "სომხეთმა ომი წააგო, სამხედროები უკმაყოფილო არიან, მაგრამ რევოლუცია მაინც არ მოხდა, მით უფრო, რომ მის წინააღმდეგ 17 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, ოპოზიციის ლიდერ ვაზგენ მანუკიანს კი დაპატიმრებით ემუქრებიან... ერთი სიტყვით ყველა წინაპირობა არსებობს, თუმცა, ფაშიანიანი ადგილზეა. პროდსავლური ძალები მიმდინარე პროცესებში, რუსულ კვლას ხედავენ, თუმცა შემდე ირკვევა, რომ საღამოს ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რომელიც სომხეთში მშვიდობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს... ასე რომ, თუ მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს დაპირებების შესრულებას სხვაგვარად არ სთხოვს, ეს ალბათ იმიტომ, რომ მათ დიდ ნაწილს ქუჩაში გამოსვლა ეზარება, განსაკუთრებით სიცივეში..." - წერს ის.

"უკვე აღარ ვიცით, რისი გვეშინია, რუსეთთან უფრო მეტად მიბმის, თუ სამოქალაქო დაპირისპირების. არ ვიცი, რომელია უარესი. რამდენადაც პასიური იქნება დასავლეთი, იმდენად იაქტიურებს რუსეთი. ვკარგავთ სტაბილურობას, მაგრამ მომავლის იმედსაც ვკარგავთ. თუ პრორუსული ძალები დაბრუნდნენ, 30 წლით უკან დავბრუნდებით..." - წერს კიდევ ერთი აქტივისტი ომარ ვართაპეტიანი.

myquiz