"ვითარება საგანგაშოა, "ოცნება" ცეცხლს ეთამაშება... შემდეგი ეტაპი სანქციებია" - ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი შეფასებები და ქართველი ექსპერტების პროგნოზი | Allnews.Ge

"ვითარება საგანგაშოა, "ოცნება" ცეცხლს ეთამაშება... შემდეგი ეტაპი სანქციებია" - ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი შეფასებები და ქართველი ექსპერტების პროგნოზი

მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი რესურსი არის საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების იგნორირება იმის იმედით, რომ ყველას დაავიწყდება საქართველოს პრობლემები, ეს ყველაფერი ჩაივლის და მათ ეს შერჩებათ, „ქართული ოცნების“ ძირითადი რესურსი ესაა - პრობლემების უარყოფა, - ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობები შეზღუდული აქვს და უნდა გამოფხიზლდეს, რათა ქვეყანას მეტი ზიანი არ მიაყენოს.

მისივე თქმით, საერთაშორისო მეგობრები საქართველოსგან პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას ელოდებიან, რაც სწორედ მმართველი გუნდის მეშვეობით უნდა მოხდეს.

„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს წაყრუების პოლიტიკა. მიაჩნიათ, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევენ, ეს პრობლემა გადაივლის და ჩვენი საერთაშრისო პარტნიორებისთვის საინტერესო აღარ იქნება. ცეცხლს ეთამაშება „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს და ოპოზიციას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რაიმე ფორმით მმართველობაში თავისი ადგილი იპოვოს. დღეს მსოფლიო შეიცვალა და პირველ რიგში, შეცვლილია აშშ-ის ადმინისტრაცია, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია, რომელიც უშუალოდ იცნობს საქართველოს პრობლემატიკას და რუსულ გავლენას საქართველოში და რუსული ინტერესების გატარებას რეალურ საფრთხედ მიიჩნევს. ესაა ის, რაც „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ გამორჩა ან არ უნდა ამის აღქმა. ამიტომ, ვფიქრობ, სანამ დროა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოუწოდებდნენ, რომ ეს შეცდომა არ დაეშვათ, უნდა იპოვონ დიალოგის შესაძლებლობა და მათი მეშვეობით მოხდეს შეთანხმების მიღეწევა. ესაა, რასაც ჩვენგან ელოდებიან და არა კომფრონტაციას და დაჭერას. „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ნულზეა, ამიტომ უნდა გამოფხიზლდნენ, რომ ქვეყანას იმაზე მეტი ზიანი არ მიაყენონ, ვიდრე უკვე აქვს მიყენებული. არ აღმოჩნდეს ქვეყანა სანქცირებული და არ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, რომ შეუჩერდება ევროკავშირის, აშშ-ის დახმარება, მხარდაჭერა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ ქორები, რადიკალური ფრთა ვერ აცნობიერებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანის აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები მნიშვნელოვანი არ არის და მიაჩნიათ, რომ ყველა, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მიკერძოებულია.

„ქართული ოცნებისთვის“, როგორც ჩანს, ეს არ არის მნიშვნელოვანი და მიაჩნიათ, რომ ვინც საქართველოზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში ზრუნავს და ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, მათი აზრი არის მიკერძოებული ან უმნიშვნელო და მხოლოდ და მხოლოდ მათ მხარესაა სიმართლე, რაც ავტორიტარული, არადემოკრატიული მმართველობისთვისაა დამახასიათებელი, ესაა შედეგი ერთპიროვნული მმართველობისა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია და რომლის მიხედვითაც მხოლოდ მას აქვს უფლება ილაპარაკოს და მის მხარესაა სიმართლე და დანარჩენი, იქნება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მტრები არიან. ესაა ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

განცხადებების ტონი სულ უფრო და უფრო მკაცრდება, შემდეგი ეტაპი სანქციებია - რეალური გამოსავალი, მელიას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს პარტნიორების იმ განცხადებებს, რომელი ნიკა მელიას დაკავების შემდეგ „ქართული ოცნების“ მისამართით კეთდება.

მისივე თქმით, რადგან პოლიტიკა ყოველთვის განახლებასა და ახალ ქმედებებს მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ ან რეპრესიები უნდა გააგრძელოს, ან ოპოზიციის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს.

„რადგან პოლიტიკა ყოველთვის განახლებასა და ახალ ქმედებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, „ოცნებამ“ ან უნდა გააგრძელოს რეპრესიები და დაიჭიროს კიდევ უფრო მეტი პოლიტიკოსი, წნეხის ქვეშ მოახდინოს მედიასაშუალებები და ა.შ. ამ მეორე, რეალური გამოსავალია, გაათავისუფლოს მელია და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც შექმნილი სიტუაციის სწორი გამოსავალია.

ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხოლოდ განცხადებებია. განცხადებების ტონი იცვლება და სულ უფრო და უფრო მკაცრი ხდება. ამის შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სანქციები. ისინი ისე შეეცდებიან სანქციების გაკეთებას, რომ მოსახლეობა ნაკლებად დაზარალდეს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებზე „ინტერპრესნიუსთან“ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძეც საუბრობს და აცხადებს, რომ "განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ მართლაც გადაიკვეთა წითელი ხაზები და ჩანს ის, რომ ეს განცხადებები განცხადებებად არ დარჩება. საბოლოო ჯამში, ეს აზარალებს ქვეყნის პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური მისაწრაფებების მხრივ".

თენგიზ ფხალაძის თქმით, ვითარება ძალიან საგანგაშოა.

„ასეთი მძიმე შეფასებები 2007 წლის მერე არ მახსენდება, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ამ ტიპის შეფასებები და ასეთი კრიზისი, მე მგონი, არც გვქონია. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ განცხადებებიდან ნათელად ჩანს, რომ მართლაც გადაიკვეთა წითელი ხაზები და ჩანს ის, რომ ეს განცხადებები განცხადებებად არ დარჩება. საბოლოო ჯამში, ეს აზარალებს ქვეყნის პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხრივ და ასევე, ამან შეიძლება მოიტანოს არამხოლოდ ამ პროცესის შეფერხება, არამედ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი შეცდომების პოლიტიკური ფასი იქნება. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს ახლაც კი, საჭიროა ის ქმედებები, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს პარტნიორებს იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია პროცესი გადავიყვანოთ იმ კალაპოტში, რაც სჭირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აქ საუბარი არ არის რიტორიკაზე, აქ საუბარია ქმედებებზე, იმიტომ, რომ რითაც შეიძლება დავარწმუნოთ, ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, ქმედება. ისინი ქმედებისკენ მოგვიწოდებენ და ეს ქმედებებები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის აღქმა, რომ ვითარება ასეთი საგანგაშოა და რამდენად ითვალისწინებს, ყველა იმ შედეგს, რომელიც შესაძლოა დადგეს, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, თუ ამ ყველაფერს ითვალისწინებს, მაშინ ამას ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს. აქ საუბარი არ არის რომელიმე პარტიის ინტერესებზე, აქ საუბარია საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და გრძელვადიან მომავალზე“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

„იმდენად ფართოა ამ პოლიტიკური ფასის ცნება, რომ არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლება მოხდეს, თუკი ეს განცხადებები გადაითარგმნება ქმედებებში. ჩვენს პარტნიორებს ესმით, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც საკითხი მიდის იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ, განცხადებებით არ ხდება ვითარების დარეგულირება, მაშინ ამას დიდი ალბათობით, ქმედებები მოჰყვენა, რაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე. ფხალაძის თქმით, მიმდინარე პროცესები ქვეყანას ამისგან ძალიან აშორებს.

„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რაც ახლა მიდის, რამენაირად გვაახლოებს ევროკავშირში წევრობასთან, პირიქით, გვაშორებს. ასე რომ, ევროკავშირში განაცხადის გაკეთების მხრივ, თუ საუბარია იმაზე, რომ აპლიკაცია ტექნიკურად შევავსოთ, ამის გაკეთება ყოველთვის შეგვიძლია, მაგრამ თუ რეალურად ვფიქრობთ, მაშინ ეს ქმედებები წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის“, - აღნიშნა ფხალაძემ.

განაგრძეთ კითხვა