როგორია პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის შედეგები და როგორ აისახება შექმნილი ვითარება საქართველოზე | Allnews.Ge

როგორია პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის შედეგები და როგორ აისახება შექმნილი ვითარება საქართველოზე

11 იანვარს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. კრემლის ცნობით, ლიდერებმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ამასთანავ, როგორც პუტინმა განაცხადა, მთიან ყარაბაღში ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე სპეციალური სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს.

რას მნიშვნელობა აქვს შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც რუსეთში, სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მას შემდეგ გაიმართა, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე თვის წინ, სწორედ რუსეთის შუამავლობით გაფორმდა, რამდენად იკრებს საკუთარი, შუამავლის როლით რუსეთი რეგიონში ძალას და რა არის ის კითხვები, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება ტოვებს? ამ ყველაფერზე AMBEBI.GE-ს ექსპერტი, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ესაუბრა.

- ნიშნავს თუ არა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მოსკოვში შეხვედრა იმას, რომ რუსეთი ნელ-ნელა უკვე სრულ კონტროლს ამყარებს სამხრეთ კავკასიის ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე?

- ალბათ, სრული კონტროლის დამყარებაზე ჯერჯერობით ძალიან კატეგორიული ნათქვამი გამოგვივა, მაგრამ მოსკოვის მხრიდან ამ მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები რომ იდგმება და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამას მცდელობას რომ არ აკლებს, ეს ფაქტია. სწორად აღნიშნეთ, რომ ეს იყო სამეულის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს ცნობილ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რატომღაც ხშირად პრესაში შეცდომით უწოდებენ ამ შეთანხმებას სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არ არის სამშვიდობო შეთანხმება, არამედ ესაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ხოლო ამ ორ კატეგორიას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, 10 ნოემბრის შემდეგ განვლო გარკვეულმა პერიოდმა და ეს მხარეთა პირველი შეხვედრა იყო, სადაც ერთგვარად შეჯამდა, თუ როგორ სრულდება 10 ნოემბრის ზავი, როგორია 10 ნოემბრის შემდგომი პერიოდის დინამიკა და ამ დროისთვის რა პრობლემები დაგროვდა სამომავლოდ გადასაწყვეტად. ასე რომ, ამ შეხვედრას თავისებური სიმბოლური და პრაქტიკული დატვირთვაც ჰქონდა.

საგულისხმოა, რომ მოსკოვს ამ შეხვედრის შესახებ ცნობილი მინსკის ჯგუფის არც ერთი წევრი ქვეყანა საქმის კურსში არ ჩაუყენებია. უფრო მეტიც, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკუთრივ პრეზიდენტმა მაკრონმა და ერდოღანმა ამ შეხვედრის შესახებ თითქოსდა პოსტ ფაქტუმ გაიგეს. ეს რამდენად სარწმუნოა, ამაზე, რა თქმა უნდა, ლაპარაკი რთულია და თავი უნდა შევიკავოთ მეტი განვრცობისგან, მაგრამ არაერთი ანალიტიკოსი ძალიან საინტერესო სხვა დეტალებსაც აქცევს ყურადღებას, დაწყებული შეხვედრის ანტურაჟით, - როგორ იყო შეხვედრა პროტოკოლურად დაგეგმილი და წარმართული, - და დამთავრებული სწორედ იმ ასპექტებით, რაც უკვე აღვნიშნე. თუ პუტინის განცხადებებს შეხვედრამდე და შეხვედრის შემდგომ ძალიან დაკვირვებით მოვისმენთ, მთლიანობაში, გეთანხმებით, რომ მოსკოვი ცდილობს, უფრო მკაფიოდ და უკვე სამართლებრივ ნიადაგზე დაყრდნობით, რეალურად დაიმკვიდროს საკუთარი თავი სამხრეთ კავკასიაში და ერთადერთ ფაქტობრივ საპირწონედ ალბათ, ამ წუთისათვის თურქეთს თუ მოვიაზრებთ. სხვა საკითხია, თურქეთისგან რა შეიძლება იყოს საპასუხო მოქმედებები, რომ გარკვეულწილად ბალანსი შექმნან კავკასიაში; ისევე, როგორც ერთ-ერთი უმთავარი შეკითხვაა ის, თუ სად არის დასავლეთი. ეს ალბათ ყველაზე ძირითადი და არსებითი საკითხია, რაც ჩვენ, ქართველებს გვაღელვებს.

- როგორც პუტინმა აღნიშნა, მთიან ყარაბაღში ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე, სავარაუდოდ, სპეციალური სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს. რამდენად მიგვანიშნებს ეს იმაზე, რომ, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთის ფედერაცია დაამყარებს ამ საკომუნიკაციო არხებზე კონტროლს?

- ეს ერთი დიდი, ყურადსაღები თემაა ჩვენთვის, საქართველოს სტრატეგიული ინტერესების გადმოსახედიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაა, როგორც მთავარი სატრანზიტო ქვეყნის რეგიონში. შესაბამისად, გუშინდელ შეხვედრაზე მონაწილეთა მხრიდან ახალი სატრანსპორტო არტერიების, სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე განცხადებები თბილისის მხრიდან საგანგებო დაკვირვების საგანია. ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ 10 ნოემბრის შეთანხმებაში ლაპარაკია ნახიჩევანისკენ სატრანსპორტო კორიდორის გაჭრაზე. შეთანხმების ხელმოწერისთანავე, საკითხს არაერთი დისკუსია მიეძღვნა, კერძოდ, შესაძლებელია თუ არა, ამ კორიდორმა ჩაანაცვლოს რეგიონში გამავალი სხვა, უკვე არსებული სატრანზიტო კორიდორები. ყველა შემთხვევაში ფაქტია, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე პრეზიდენტ ალიევის მხრიდან ამ სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე საგანგებოდ აღინიშნა. სხვა საკითხია, ეს სატრანსპორტო დერეფანი რა პოტენციალის იქნება და ვის ექნება კონტროლი მასზე, ფაქტობრივად, დამყარებული. ასე მაგალითად, ალიევის წინადადებაა, რომ ნახიჩევანის სატრანსპორტო არხის სომხურ მონაკვეთზე კონტროლი რუსეთმა აწარმოოს და შესაბამისად, ამით თურქულ-აზერბაიჯანულ ინტერესთა მიმართებაში სატრანსპორტო კორიდორზე საუბრისას ერთგვარად რუსეთის მხარდაჭერა მოიპოვოს. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან საყურადღებო, თუ მეტიც - საგანგაშო ტენდენციაა, რაც ახალ რეგიონალურ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ მონახაზს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ 10 ნოემბრის შეთანხმება საკმაოდ ნაჩქარევად იყო შესრულებული და ამიტომ, ყველა დეტალის ჩაშლა მისი ხელმოწერის მომენტისათვის ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, რომ თქვენს მიერ ნახსენები სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, თუ არ ვცდები, 30 იანვრისთვისაა დაგეგმილი, ხოლო სწორედ მის შედეგად არაერთ საკითხზე მეტი სიცხადე უნდა გვქონდეს. მაგრამ ერთია თვალი ვადევნოთ პროცესს, ხოლო მეორეა, რისი გაკეთება შეგვიძლია ან როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, რათა მაქსიმალურად ჩვენი რეგიონალური როლის შენარჩუნება შევძლოთ. ეს რა თქმა უნდა, გაცილებით ვრცელი მსჯელობის საგანია.

- რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამმხრივი ხელშეკრულებების თანმიმდევრულად განხორციელების თაობაზე, აღნიშნა, რომ გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ყარაბაღში ბრუნდებიან. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს საკუთარი, როგორც შუამავლის, შემრიგებლის და შემდგომ, გრძელვადიანი მშვიდობისმყოფლის როლი. თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში და ზოგადად, დასავლეთის ხედვებში სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებით?

- როგორც ვახსენე, ერთი ძალიან დიდი შეკითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხი ჯერაც არ არსებობს, შემდეგია: სად არის დასავლეთი ამ პროცესში? თავდაპირველად ის თითქოს ჩანდა და 10 ნოემბრის შეთანხმების ირგვლივ მიმდინარე მხარეთა შორის კომუნიკაციასთან გარკვეული მიმართება ჰქონდა. მაგრამ შეთანხმების შემდგომ პერიოდში ჩვენ დასავლეთს მეტად ვერ ვხედავთ, ის არ ჩანს არც სიმბოლურად, არც ნომინალურად, არც პრაქტიკულად და არც ფაქტობრივად. აქედან გამომდინარე, არსებითი კითხვა მახსენდება - როგორია დასავლეთის სტრატეგია შავი ზღვის, და, კერძოდ, სამხრეთ კავკასიის მიმართ? რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი შეკითხვაა, მით უმეტეს, რომ მასზე პასუხის გაცემის შეუძლებლობა დროში დაემთხვა თეთრ სახლში ადმინისტრაციის ცვლილებას, ისევე, როგორც ერთგვარ გაურკვევლობას ევროკავშირის ფარგლებში. ასე რომ, თავისთავად ცხადია, ცალკეული წყაროების მხრიდან იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად არის დასავლეთის მხრიდან ე.წ. "შემგუებლობა“, რომ რეგიონს ასე ვთქვათ, "მიხედოს“ ან რუსულ-თურქულმა ერთობლივმა ან ცალმხრივად, რუსულმა ინტერესმა, რა თქმა უნდა, უაღრესად საკამათოა; მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკუთარი ხაზი აქვს. თუმცა კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ განვითარებული ტენდენციები ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივია.

რაც შეეხება ყარაბაღში ლტოლვილთა დაბრუნება-არდაბრუნების საკითხს: გუშინდელი შეხვედრის პროცესში არაერთი პრაქტიკული საკითხი წამოიჭრა, რომელთა შესრულების ხარისხზე მკაფიო ერთობლივი შეფასება ვერ მოიძებნა. ესენია ჰუმანიტარული, მათ შორის ლტოლვილების დაბრუნების, ტყვეების გაცვლის, დაღუპულების ცხედრების გაცვლის და სხვა საკითხები... ამასთანავე, მაშინ, როდესაც ბაქო მიიჩნევს, რომ ყარაბაღის სტატუსის საკითხი უკვე წარსულს ჩაბარდა, ერევანი ასე არ თვლის, რაც მიმდინარე პროცესს დრამატიზმს სძენს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ უმთავრესი საკითხისადმი მხარეთა მიდგომა პრაქტიკული საკითხების გადაჭრისას ერთ-ერთ დამაბრკოლებელი გარემოებად იქცევა. ბაქოსთვის სტატუსის საკითხი ამოწურულია, ერევნისთვის კი თურმე, ეს საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას, რაზეც გუშინ ფაშინიანმა ძალიან არაორაზროვნად განაცხადა და შესაბამისად, ალბათ, მომდევნო პერიოდში ჩვენ ამ საკითხის ირგვლივ არაერთ ვნებათაღელვას ვიხილავთ.

- თქვენ ასევე ახსენეთ, რომ საქართველო ერთი მხრივ უნდა დააკვირდეს მოვლენებს, მეორე მხრივ იფიქროს, რომ არ დაიკარგოს ჩვენი, როგორც დერეფნის როლი. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჯერჯერობით ესეც ბუნდოვანია?

- დიპლომატიაში არის ტრადიციულად დამკვიდრებული ხერხები და, ვვარაუდობ, ასეთ დროსა და პირობებში ჩვენი, ქართული დიპლომატია ინტენსიურ კონსულტაციებს უნდა აწარმოებდეს დასავლელ კოლეგებთან. ამ კონსულტაციების მიზანი უნდა გახდეს, უკეთ გავიგოთ მათი განწყობა, დამოკიდებულება რეგიონისადმი და აქ მიმდინარე პროცესებისადმი. კიდევ ერთხელ უნდა წამოიჭრას ერთი დიდი თემა - აქვს თუ არა დასავლეთს შავ ზღვასთან და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში ერთიანი და მწყობრი სტრატეგია?

ამის შექმნის აუცილებლობაზე ბოლო პერიოდია, მხოლოდ სხადასხვა პუბლიკაციების დონეზე გახშირდა ლაპარაკი და იმედია, ბაიდენის ოფიციალურად გაპრეზიდენტების პირობებში სტრატეგიაზე ჩანაფიქრი გარკვეულ მატერიალიზაციას შეიძენს. დამატებითი გარემობა კი უკვე მეტად პრაქტიკულ ჭრილშია მოსანიშნი. მიმაჩნია, რომ საქართველოს, თავისი სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის გამოსაკვეთად, - გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც უკვე გადის ქვეყნის ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს, - კიდევ მეტი ყურადღება აქვს მისაქცევი 1-2 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩაშვებაზე. ეს ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას უფრო მეტად გამოკვეთავს რეგიონის სატრანსპორტო რუკაზე. ვფიქრობ იმასაც, რომ ეს ის ამოცანაა, სადაც ჩვენ სხვის მომლოდინე შეიძლება არ ვიყოთ და თამამად მოვახდინოთ პროცესის ინიცირება სასურველი მიმართულებით.

myquiz