რა ახალ საფრთხეებს უნდა ველოდოთ 2021 წელს რუსეთისგან?- რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ცდილობს, გახსნას ყველა საკომუნიკაციო ხაზი და ჰქონდეს წვდომა და კონტროლი აღნიშნულ მარშრუტებზე | Allnews.Ge

რა ახალ საფრთხეებს უნდა ველოდოთ 2021 წელს რუსეთისგან?- რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ცდილობს, გახსნას ყველა საკომუნიკაციო ხაზი და ჰქონდეს წვდომა და კონტროლი აღნიშნულ მარშრუტებზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ პეტრიაკოვი დანიშნა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე. მედიის ინფორმაციით, პეტრიაკოვს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. "საზღვრის" საკითხებზე, უკანონო იქნება და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს“, - ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რას გეგმავს რუსეთი და რა ახალი მზაკვრული მიზნები შეიძლება ჰქონდეს 2021 წელს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით?!

თემაზე AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ესაუბრა:

- პირველი, დსთ-ს წევრი სახელმწიფო აღარ ვართ, 2008 წლის ომის შემდგომ მალევე დავტოვეთ დსთ. მეორე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ცოტა უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე საზღვრების დემარკაცია. აქედან გამომდინარე, ვინ იქნება საზღვრების დემარკაციის თემაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, მიუხედავად მისი ბიოგრაფიისა, წარსულისა, დსთ-ს ქვეყნებთან რუსეთის სპეციფიკური ურთიერთობებისა, ჩვენ არსებითად ვერაფერს შეგვიცვლის, რადგან ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რეგიონების ოკუპაციის პრობლემა გვაქვს. არ მგონია, რომ რაიმე მიზეზით რუსეთის ფედერაციამ აღნიშნულის გადახედვა განახორციელოს.

რაც შეეხება იმას, რომ პეტრიაკოვს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მას ეს დაევალებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეიძლება, რუსეთის ფედერაციამ (არა პიროვნებიდან გამომდინარე, რადგან აქ პერსონალია არაფერს გადაწყვეტს, არამედ, თვითონ რუსეთის, ამ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფოს სურვილი და ინტერესი იქნება გადამწყვეტი და წამყვანი) ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ფარგლებში საკუთარი ინტერესებისამებრ საზღვრის მონიშვნა მოახდინოს, ანუ, ძალიან მარტივად იტყვის, რომ ეს პირობითად, რუსეთ-სამხრეთ ოსეთისა და რუსეთ-აფხაზეთის საზღვარია. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, როკის გვირაბის სამხრეთით გაიაროს რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარმა და შეიძლება, თეორიაში, როკის გვირაბი აღმოჩნდეს რუსეთის შემადგენლობაში. მაგრამ ეს იქნება განპირობებული თავად რუსეთის ინტერესით, სამხედრო-სტრატეგიული იმპერატივებით და არა მაგალითად, პერსონალიით.

- საერთოდ, დელიმიტაცია-დემარკაცია პროცესია, რომელიც ორმხრივად ხდება...

- ეს რუსეთისთვის ცალმხრივი პროცესი სულაც არ იქნება. რუსეთის ფედერაცია იტყვის, რომ ის ესაუბრება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკას და ეს მათთან შეთანხმებით ხდება. როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე - რასაც რუსეთის ფედერაცია ეუბნება, ჩვენი ოკუპირებულ რეგიონში არსებული რეჟიმებიც, რომლებიც რეალურად არიან საოკუპაციო რეჟიმები, იმას აკეთებენ. და საოკუპაციო რეჟიმი რატომ უნდა წავიდეს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ოკუპაციას ახორციელებს? ეს არის აქ მთავარი და გადამწყვეტი. ამ შემთხვევაში არა კონკრეტულად პიროვნებაა მთავარი, ვინ არის პასუხისმგებელი, არამედ მთავარია, როგორ ხედავს რუსეთის სახელმწიფო ამ მიმართულებით საკუთარ საზღვრებს და შესაბამისად, რას სთავაზობს მერე ის ოკუპირებულ რეგიონებს, რადგან აქ შეიძლება იყოს საუბარი სწორედ იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით, რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობის გარკვეული ობიექტები აღმოჩნდეს "რუსეთის შემადგენლობაში“ - ამას ბრჭყალებში ვამბობ, რადგან საქართველოს თანხმობის გარეშე ეს ოფიციალურად აღიარებული და დამტკიცებული არ იქნება, მაგრამ ეს იქნება შეთანხმება, რომელიც შედგება ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

ისევ პირობითად, რუსეთის ფედერაციას ურჩევნია, რომ როკის გვირაბი უშუალოდ მისი იყოს და გააკონტროლოს მან (თუ ამას განახორციელებს), ვიდრე ეს იყოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რადგან რეალურად, ამ გვირაბის შენახვაზე, მოვლაზე და ყველაფერზე თანხებს რუსეთი ხარჯავს - მის დაცვასა და უსაფრთხოებაში ძალიან დიდ რესურსს დებს. შესაბამისად, შეიძლება, იქ ასეთი ლოგიკა იყოს, რომ "მოდი, ბარემ იყოს ჩვენი“. რამდენადაც რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებს, იმდენად შეიძლება თქვას, რომ: "აი, მე ვაწარმოებ ჩემს მიერ აღიარებულ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებას და ყველაფერი აბსოლუტურად ლეგალურია“. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, თუმცა ეს ყველაფერი რუსეთს მხოლოდ რიტორიკისთვის არ სჭირდება, რადგან ასეთი ობიექტების აღმოჩენას რუსულ ფაქტობრივ (და არა ოფიციალურ) საზღვრებში, საკმაოდ დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს; ამას გარდა, ეს სამხედრო და სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენ ახსენეთ როკის გვირაბი. გეოგრაფიულად კიდევ რომელიმე ისეთ მონაკვეთს ხომ არ დაასახელებდით, რომლის თავის ტერიტორიაზე "გადაქაჩვაც“ რუსეთს შეიძლება, განსაკუთრებით აწყობდეს?

- რეალურად, სიმართლე რომ გითხრათ, რაც დღეს არსებული სიტუაციაა ოკუპირებულ რეგიონებზე, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ოკუპაციაზე მეტად სახეზე გვაქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსია. რა თქმა უნდა, ისინი რუსულ ტერიტორიებად პირდაპირ არ არის გამოცხადებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2014 წელს და 2015 წელს გაფორმდა ე.წ. ინტეგრაციისა და მოკავშირეობის ხელშეკრულებები რუსეთსა და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, ორივე ეს რეგიონი ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ის, თეორიაში არსებული რაღაც სახელმწიფოებრიობის მსუბუქი ნიშნები, რის გამოც ვამბობდით, რომ ისინი დე ფაქტო არსებული, საქართველოსგან დამოუკიდებელი რაღაც სუბიექტები იყვნენ, რომელთაც რაღაც ნიშნები ჰქონდათ, რომ ჰქონოდათ პრეტენზია და ემტკიცებინათ, თითქოს რეალურად ცალკე წარმონაქმნები იყვნენ, საბოლოო ჯამში, გაქრა. როცა ხდება ეკონომიკური, საგადასახადო, ფინანსური სისტემების ჰარმონიზაცია; როცა კარგავენ მთავარს, რაც შეიძლება, ჰქონდეს სახელმწიფოს - იმავე, მაქს ვებერი რასაც ამბობს, ლეგიტიმური ძალის კომპონენტს, - როცა ელემენტარულად, ქრება ე.წ. აფხაზური და ოსური არმიები, იქმნება შერეული რუსულ-აფხაზური და რუსულ-ოსური შენაერთები, რომელიც ექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ხდება პოლიციისა და სპეცსამსახურების მუშაობის ჰარმონიზაცია და მე ვიტყოდი, პრინციპში, სინქრონიზაციაც და პრაქტიკულად, იმართება ეპიცენტრიდან ეს ძალოვანი სამსახურები, ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად, ე.წ. საზღვრებს აკონტროლებს რუსული ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან რთულია, ვისაუბროთ, რომ ახლანდელ მდგომარეობაში, აღნიშნულს რაიმე მნიშვნელობა აქვს.

შესაძლოა, ამას მნიშვნელობა მერე ჰქონდეს, როდესაც ოდესმე, დღის წესრიგში შეიძლება, დადგეს აღნიშნულ ტერიტორიებზე ქართული იურისდიქციის აღდგენის საკითხი. ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციამ შეიძლება, უკვე ჩვენგან მოითხოვოს ზუსტად იგივე დათმობები, რასაც ოფიციალურ დონეზე მიაღწევს თუნდაც, ცხინვალთან და სოხუმთან. თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა, უახლოეს მომავალში ხედავთ იმის საშუალებას, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული იურისდიქციის აღდგენაზე დაიწყოს ლაპარაკი?

დღეს კი მოცემულობა ისაა, რომ ეს ორი რეგიონი მოსკოვს ფაქტობრივად, ანექსირებული აქვს, შესაბამისად, იქ იმას აკეთებს, რაც მის პოლიტიკურ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში შედის - ამას აკეთებს ჩვეულებრივად და არანაირი არსებითი წინააღმდეგობა არ ხვდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმავე, აფხაზებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ბევრ საკითხში რუსეთის ფედერაციას ეწინააღმდეგებოდნენ. რუსეთმა ზეწოლის ხარისხი გაზარდა და პრაქტიკულად, დღეს მათი მოსკოვისგან ოდნავი დამოუკიდებლობის ხარისხიც კი ძალიან დაბალია. ასე რომ, ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად, პრაქტიკულად ანექსირებულია, აფხაზეთში კი ეს პროცესი, შეიძლება ასე ითქვას, მიმდინარეობს. მთლიანობაში ეს ჩვენთვის მაინც არაფერს ცვლის, სადაც არ უნდა გაავლონ საზღვარი, ჩვენთვის გამყოფი ხაზი გადის იქ, სადაც ადმინისტრაციული საზღვრებია.

- საკითხზე ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ რუსეთი კავკასიის მიმართ დამოკიდებულებას ააქტიურებს. რამდენად დაეთანხმებით და გული ხომ არ მიეცა რუსეთს სამივე ქვეყანაში სამხედრო წარმოდგენით, ხომ არ შეიძლება, რომ ახლა უფრო ინტენსიურად მიმართოს სხვადასხვა ხერხს გავლენის სწრაფად გასაძლიერებლად?

- აზერბაიჯანში, ყარაბაღში სამხედრო ყოფნის შეძენით რუსეთს მიეცა გავლენების ბერკეტები აზერბაიჯანზე, ეს რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების საკითხია, რაც მომავალში აზერბაიჯანისთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება. თუმცა მეორე საკითხი ისაა, რომ რუსეთმა გააკეთა განაცხადი იმის შესახებ, თუ რა სურს მას კავკასიაში: ის სამხრეთ კავკასიაში ცდილობს, გახსნას ყველა საკომუნიკაციო ხაზი - ჩვენ ვნახეთ, რომ ნახიჩევანის დერეფნის გახსნაზე იყო საუბარი, მეორე, უკვე საუბარი შეიძლება დაიწყოს აფხაზეთის რკინიგზაზე. ანუ, რუსეთი ცდილობს, არა მხოლოდ გახსნას კავკასიის რეგიონი, არამედ, ჰქონდეს მას წვდომა და კონტროლი აღნიშნულ მარშრუტებზე - და კი, ამაში შეიძლება დავეთანხმოთ, რომ ამ თვალსაზრისით რუსეთმა უკვე გამოკვეთა თავის სამხრეთ კავკასიური პოლიტიკის ახალი მიმართულება: აქამდე იყო უბრალოდ გავლენების განმტკიცება, ახლა კი ახალი ეტაპია - რეგიონის გახსნა და საკომუნიკაციო გზებზე წვდომა.

რაც შეეხება საქართველოს, საერთოდ, ჩვენთან, სახელმწიფოში არ არის ხედვა საფრთხეების შესახებ. ჩვენი უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი ბოლოს დაახლოებით 10 წლის წინ განვაახლეთ - 2011 წლის შემდეგ, როგორც სახელმწიფოს, არ გვაქვს რაღაც ხედვა ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვხედავთ გამოწვევებსა და საფრთხეებს და როგორი უნდა იყოს მათზე რეაგირება.

მეორე პრობლემაა, რომ ქვეყნის შიგნით სერიოზული გამოწვევები გვაქვს, თუნდაც დემოკრატიული თვალსაზრისით, თუნდაც, საკმაოდ რთული მდგომარეობაა პოლიტიკური ლანდშაფტის ოპტიმიზაციის კუთხით. ძალიან ბევრი მონაპოვარი გვქონდა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის თანდათანობით ეს კაპიტალი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ დასავლეთთან აქტიურ კოლაბორაციაში, იკარგება - ეს სერიოზული გამოწვევაა. ამ ფონზე რუსეთი რომ აქტიურდება, ჯერ ისედაც, მოსკოვს არც ერთი წამით (აზერბაიჯანის ფაქტორი ფრჩხილებს გარეთ გამოვიტანოთ) არ მოუხდენია სამხედრო აღმშენებლობის ტემპების შენელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ჩვეულებრივად გრძელდებოდა, ყოველთვის სამხრეთის სამხედრო ოლქით იწყებოდა რუსეთის ფედერაციაში შეიარაღებული ძალების გადახალისება, გადაიარაღება, მოდერნიზება, სამხედრო რეფორმა და ყველაფერი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, აქვს თუ არა რუსეთს შესაძლებლობა, იყოს სამხედრო საფრთხე - ეს შესაძლებლობა სისტემატურად მზარდია, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. რუსეთის ახალი პოლიტიკური ამბიციები ჩვენ დაფიქრებისა და შეშფოთების საფუძველს გვაძლევს, თუ კონკრეტულად, რა რისკებზე შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ქვეყნის შიგნით რაღაცები არ შეიცვალა, ამ დროს შეიძლება, საერთაშორისო პოზიციებიც ძალიან სუსტი გვქონდეს.