ზაალ უდუმაშვილი - ყველა დიდ ქალაქში მოვიგეთ, მათ შორის, გავიმარჯვეთ თბილისშიც, მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია | Allnews.Ge

ზაალ უდუმაშვილი - ყველა დიდ ქალაქში მოვიგეთ, მათ შორის, გავიმარჯვეთ თბილისშიც, მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, "ქართული ოცნება" დამარცხდა, - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პარტიის ხელთ არსებული ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ ოპოზიცია იგებს, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ დედაქალაქ თბილისშიც.

ზაალ უდუმაშვილმა ხელისუფლებას მიმართა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"შემიძლია დამაჯერებლად გითხრათ, ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვდის საარჩევნო უბნებიდან გვიდასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში. მოვიგეთ ყველა დიდ ქალაქში და მათ შორის, გავიმარჯვეთ თბილისშიც. ყველა ინფორმაცია გვიდასტურებს, რომ თბილისი მოიგო ოპოზიციამ. ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, რომ პარტია ან პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც თბილისს იგებენ, ისინი მარცხდებოდნენ არჩევნებში. ვინც იგებს თბილისს, ის აკომპლექტებს მთავრობას, ანუ მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ძალადობა, რომელიც არის ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვუყურებთ, რა ხდება გლდანში. შეწყვიტეთ ძალადობა, რადგან რეალობას ეს ვერ შეცვლის, სამაგიეროდ, კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს კი მივმართავ, ნუ ჩაყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ არჩევნებზე, მოგიწოდებთ ყველას, მიდით საარჩევნო უბნებზე და მიიღეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ გამარჯვებაში, ყველას გელოდებით 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ერთად ვიზეიმოთ საერთო გამარჯვება,"- განაცხადა უდუმაშვილმა.