მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, როგორც გადავაბარეთ ხელისუფლება, ისე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ- მიხეილ სააკაშვილი | Allnews.Ge

მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, როგორც გადავაბარეთ ხელისუფლება, ისე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ- მიხეილ სააკაშვილი

მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც "რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც არის შესაძლებელი".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს დიდი უპირატესობით აგებს და გაყალბებაზე საუბარი დაიწყო.

"ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა, საიდან გაიგო, რომ მე აქედან და ადგილზე, "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, როგორც თვითონ სწორად თქვეს ე.წ. Deepfake-ის სისტემის მეშვეობით არჩევნების გაყალბებას. ასე ტრიალებს "იმედზე, მაგათ სხვა არხებზე. ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა, კიდევ კარგი, რომ დროზე გაიგეს. მსოფლიოში პირველი უნიკალური მაგალითი იქნება, როცა ოპოზიცია არჩევნებს აყალბებს. ეს ხუმრობით და ისე, ვაი, მართლა მაგათ პატრონს. აგებენ არჩევნებს დიდი უპირატესობით და დაიწყეს ლაპარაკი, რომ თურმე ჩვენ გავაყალბებთ არჩევნებს. სინამდვილეში, რაზეც შეშფოთდნენ ისაა, რომ პირველად, მთელი არჩევნების განმავლობაში, ადრე იდეალური მსხვერპლივით რომ ვიქცეოდით, უკრაინელი სპეციალისტების, ამერიკასა და ინგლისში მომუშავე "აიტიშნიკების",უცხოელების დახმარებით შევქმენით სახის და სხეულის ამოცნობის სისტემა, რომელიც მათ კარუსელებს პრაქტიკულად დაუბრკოლებელ ბარიერებს უქმნის და ძალიან შეშფოთდნენ. აღარ იციან ახლა რა ქნან, რადგან გაყალბებული სიები აქვთ, აპირებენ, რომ არარსებულ ხალხს მიაცემინონ ხმა. ეს არის ივანიშვილის ბოლო იმედი. აბა კამპანიას ეგ არ აწარმოებს და საარჩევნო ბრძოლაში არ იმყოფება, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვა. არჩევნებს დავაკვირდებით, გავიმარჯვებთ. მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ. ეს არის და ეგ. ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას საქართველოში",-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.