ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე - პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა | Allnews.Ge

ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე - პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, აწუხებს მათ ოჯახებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ქართული საზოგადოებისგან მიიღო მკაფიო გზავნილი მათ შეცდომებზე.

მისივე განმარტებით, "ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ამავე დროს ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში".

"საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია. შესაბამისად, მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში, ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობის გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით.

ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მხოლოდ ქართველი ერი და ეს არჩევანი აუცილებლად იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, აღმშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, ისეთის, როგორიც ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, ისტორიას და მომავალს", - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნულს საერთაშორისო სადამკვირვებო მისიის წარმომადგენელთა დასკვები ადასტურებს.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება 2012 წლის მონაპოვარია, რომელსაც ხელისუფლება უფრთხილდება. მან ასევე მადლობა გადაუხადა, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდამჭერებს, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს.

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები. ეს 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ტრადიციად იქცა და ეს არის სწორედ ქართველი ხალხის მონაპოვარი.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ჩვენს მოქალაქეებს აქტივობისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, მის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებმაც ეს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩაატარეს.

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ბევრ მათგანთან მე პირადად მქონდა საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია. მისასალმებელია, რომ მათი დასკვნები პოზიტიურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არჩევნების სტანდარტის მაღალ ხარისხს.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხრეებს, ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდასაჭერად. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის.

მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საზოგადოებრივი წესრიგი როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

myquiz