გიორგი კვირიკაშვილი არაგვის ხეობაში მდებარე მის სახლთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის სიუჟეტს ეხმაურება | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილი არაგვის ხეობაში მდებარე მის სახლთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის სიუჟეტს ეხმაურება

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს და ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გამდიდრებულა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც არაგვის ხეობაში, სოფელ ქვეშეთში მდებარე მის სახლს ეხებოდა.

კვირიკაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორმა მისგან დამატებითი ინფორმაცია არ გამოითხოვა და მხოლოდ საჯარო რეესტრის 2016 წლის ჩანაწერით იხელმძღვანელა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტაცია, რომლითაც ირკვევა, რომ ქვეშეთში მდებარე სახლის აზომვითი ნახაზები და საცხოვრებელი სახლის ლეგალიზაციის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბრძანება 2013 წლით თარიღდება.

"ჟურნალისტს ცოტა მეტად რომ მოეკვლია, სულ მცირე, უნდა ენახა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2012 წლიდან ივსება და 2012 წელსვე მაქვს აღნიშნული, რომ იქ იყო არა მხოლოდ ნაკვეთი, არამედ 250 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი. 2016 წლის ჩანაწერში არის მხოლოდ და მხოლოდ ბოლო შესწორება, რომლის საფუძველი იყო დუშეთის საკრებულოს 2013 წლის 14 მაისით დათარიღებული ბრძანება, რომელიც თავის მხრივ 2013 წლის მარტის აზომვით ნახაზს ეფუძნება. მიწის ნაკვეთი, აშენებული პირველი სართულით 2007 წლის 6 აგვისტოს შევიძინე. შენობა დარეგისტრირებული არ იყო და ამიტომ ფიქსირდებოდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი. სწორედ ამიტომ, როგორც კი დავასრულე მშენებლობა 2010 წელს, დავიწყე ლეგალიზაციის პროცესი. 2013 წელს, მინისტრად ჩემი დანიშვნიდან 3 თვეში უკვე დასრულებული იყო აზომვითი ნახაზი, ხოლო მაისში გამოიცა საკრებულოს შესაბამისი ბრძანება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი რეპუტაცია. მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ყველგან ნამდვილად პატიოსნად ვიმსახურე. აქედან გამომდინარე ვაკეთებ ასეთ დაწვრილებით კომენტარს. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკამ გადასანსლა ყველაფერი საქართველოში და არ დატოვა არც ერთი ამოსუნთქვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის სახლი არაგვის ხეობაში

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას გუშინვე დაუკავშირდა მისი წარმომადგენელი და მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, ის არც ეთერში გასულა და არც ვებ-გვერდზე განთავსებულა.

კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ მისი კომენტარის შემდეგ ტელეწამყვანის, ხელმძღვანელის და ჟურნალისტს მიერ შესაბამისი განცხადებები გაკეთდება.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს და ჩვენმა მოსახლოებამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გამდიდრებულა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

myquiz