რა ჯდება სინამდვილეში 310 კვ.მ ფართობის მქონე 3-სართულიანი სახლის აშენება? | Allnews.Ge

რა ჯდება სინამდვილეში 310 კვ.მ ფართობის მქონე 3-სართულიანი სახლის აშენება?

შესაძლებელია თუ არა 37 200 დოლარად 310 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე 3-სართულიანი სახლის აშენება - ეს არის კითხვა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის, თბილისში, ქოშიგორას მთაზე მდებარე საცხოვრებელმა სახლმა გააჩინა.

აღნიშნული კითხვა ჟურნალისტებმა ინტერვიუს მიმდინარეობისას ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც დაუსვეს. თუმცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შესაბამისი გაანგარიშებას თუ დავეყრდნობით, აღნიშნული სახლის აშენებას 37 ათასი დოლარიც კი არ სჭირდება.

"ირაკლი სესიაშვილის სახლი არის 310 კვადრატული მეტრო, ნახეთ, რა კარგად ვუყურე გადაცემას? ეს სახლი არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმული, გალესილი, აი, რაც არის. ეს ფასი მეც ძალიან კარგად ვიცი, მაქსიმუმი ფასი არის 120 დოლარი 1კვ.მ და 100 დოლარადაც, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მაგისი აშენება არ შეიძლება და 100 დოლარი, გამრავლება რომ არ გაგიჭირდეს და მაყურებელმაც კარგად გადათარგმნოს, 310 კვადრატული მეტრო რომ გაამრავლო 100 დოლარზე, არის 31 000 დოლარი", - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა კითხვის საპასუხოდ.

სახლის მშენებლობის ღირებულების საკითხზე თავად ირაკლი სესიაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა და იმის დასადასტურებლად, რომ 310 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებლის ე.წ შავი კარკასის აშენებას დასრულებული ფასადით უფრო მეტი არ დაჯდებოდა, განმარტა, რომ 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე განთავსებული სახლი, რომლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, "ბეტონისა და ბლოკის გამოყენებით, ყველაზე იაფიანი სამშენებლო მასალით" არის აშენებული, აქვს 50-თეთრიანი აგურით გაკეთებული ზოლი და მოპირკეთებულია ჩვეულებრივი ბრიზგით".

პარლამენტარის თქმით, ამ პროექტის მქონე სახლის შავი კარკასის აშენება 50-70 დოლარი ჯდება, სახლის აშენება დასრულებული ფასადით კი - 120-140 დოლარი.

Allnews.ge დაინტერესედა აღნიშნული სახლის პროექტით, როგორც თბილისის მერიაში მშენებლობის უფლების მოპოვების მიზნით შეტანილ დოკუმენტში ვკითხულობთ:

"პროექტი შედგება სამი სართულისაგან, პირველ სართულზე განაწილებული იქნება: ტამბური, კაბინეტი, საბუხრე ადგილი, აბაზანა, სამზარეულო, სასადილო, ღვინის კუთხე და მათთან დამაკავშირებელი დერეფანი, მეორე სართულზე მოხვედრა ხდება კაპიტალური რკინა ბეტონის კიბით, მეორე სართულზე განაწილდება საძინებელი ოთახები დამოუკიდებელი გარდერობებითა და სველი წერტილებით, ხოლო მესამე სართულზე მოეწყობა ერთი საძინებელი ოთახი, მინი სამზარეულო და საბუხრე ოთახი. დანარჩენი ფართი განაწილებული იქნება დიდი ვერანდისთვის. საპროექტო შენობა მონოლითური კარკასისაა, ლენტური საძირკვლით, სართულშუა გადახურვად გამოყენებული იქნება რკინა–ბეტონის ფილა. ასევე სახურავადაც გამოყენებულია რკინა–ბეტონის ფილა დამუშავებული ცეცხლგამძლე და წყალგამძლე მასალით. შემავსებლად გამოყენებული იქნება სამშენებლო ბლოკი, რომელიც შეილესება და შეიღებება ღია სერ ფრად. დეკორატიული გაფორმების მიზნით, მოპირკეთდება ბუნებრივი აგურის ფაქტურით, კარ-ფანჯარა იქნება მუქი ფერის მეტალოპლასტმასის მასალა, მოაჯირები მოეწყობა ლითონის შეღებილი ღია ყავისფრად. ასევე შენობის უკანა მხარეს მოეწყობა მზის ბატარეები".

იმის გასარკვევად, თუ რა სირთულის პროექტი აქვს სახლს ზემოთჩამოთვლილი მახასიათებლებით, Allnews.ge თავად იმ კომპანიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც სესიაშვილის სახლი დააპროექტა.

"რთული პროექტი ნამდვილად არ არის, უბრალოდ მოცულობით არის დიდი, თორე უფრო რთული პროექტებიც გაგვიკეთებია და ვაკეთებთ კიდეც. მე პირადად, მაგ პროექტით არ ვარ მოხიბლული, მაგ მოცულობაში უკეთესის გაკეთება შეიძლებოდა"- თქვა შპს "არქ დიზაინ გრუპის" დირექტორმა, ლევან კვეტენაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული სახლის ასაშენებლად 37 ათასი დოლარი სრულიად ადეკვატური ფასია.

იმის გასარკვევად მართლა შესაძლებელია თუ არა 1 კვადრატული მეტრი ე.წ შავი კარკასის აშენება დაუსრულებელი ფასადით 50-70 დოლარად, Allnews.ge რამდენიმე სამშენებლო კომპანიას დაუკავშირდა, ყველა მათგანში საწყის ფასად 120 დოლარი დაასახელეს.

"120 დოლარიდან იწყება კერძო სახლის მშენებლობა, მაგრამ ფასი პროექტის მიხედვით იცვლება. 120-დოლარიდან იწყება გადახურული შავი კარკასის 1მ2 აშენება. დასრულებული ფასადის შემთხვევაში შეიძლება 180, 200 და 300 დოლარიც დაჯდეს გააჩნია, რას გავაკეთებთ ფასადად. აქვე გასათვალისწინებელია საძირკველის სიღრმე, იქნება თუ არა სარდაფი გასაკეთებელი, რა სიმაღლის უნდა იყოს სახლი. ამ ყველაფრის დაანგარიშების შემდეგ ეს 120 დოლარი უკვე შეიძლება 150 და 180 დოლარამდე ავიდეს",- განმარტეს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში.

ის, რომ მშენებლობის ღირებულულება დიდწილად დამოკიდებულია ასაშენებელი სახლის პროექტსა და მის სირთულეზე, გვითხრეს კიდევ ორ სამშენებლო კომპანიაში.

სამშენებლო კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ გავითვალისწინებთ, ირაკლი სესიაშვილის სახლის მშენებლობა 37 200 დოლარი იმ შემთხვევაში დაჯდება თუ ჩავთვლით, რომ ის ყველაზე მარტივი პროექტის მიხედვითაა შესრულებული და ყველაზე დაბალი ღირებულების მასალით არის აშენებული, თუმცა, აღნიშნული თანხა ფასადის გაკეთებას, რომელიც კარ-ფანჯრების ჩასმასაც გულისხმობს, ვერანაირად ვერ გასწვდებოდა.

myquiz