ივანიშვილის 10 განცხადება, რომელიც გუშინდელი ინტერვიუდან არ უნდა გამოგრჩენოდათ | Allnews.Ge

ივანიშვილის 10 განცხადება, რომელიც გუშინდელი ინტერვიუდან არ უნდა გამოგრჩენოდათ

ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ სამი არხის - "იმედის", "რუსთავი 2"-ისა და "ტვ პირველის" პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

1. "დღესაც მგონია, რომ მოსახლეობის ჭარბი ნდობა გამაჩნია".

პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის შეფასებით, მას მენეჯმენტის გამოცდილება აქვს და კრიტიკულად უყურებს მთავრობას. ივანიშვილის თქმით, მას აქვს საზოგადოების ნდობა და მისი ძალა მხოლოდ მისი სიტყვაა.

"დღესაც მგონია, რომ მოსახლეობის ჭარბი ნდობა გამაჩნია და მე ამ ნდობას მოსახლეობასვე უკან ვუბრუნებ. მე მაქვს მენეჯმენტის გამოცდილება, კარგად და კრიტიკულად ვუყურებ მთავრობას, მათ შორის კვირიკაშვილის მთავრობასაც. როდესაც ვნახე, რომ შეიძლება ისე გაგრძელება ძალიან ცუდად გაგრძელებულიყო, მე მომიწია მობრუნება. ის, რომ ჩემს სიტყვას აქვს ფასი, ამაში ცუდი არაფერი არ არის. არავითარი პოლიცია, არავითარი ჯარი მე არ გამაჩნია. ერთადერთი მე მაქვს საზოგადოების ნდობა და თუ მე ხმას ამოვიღებ, ეს ძალა მაქვს მე, მეტი არაფერი. თუ კვირიკაშვილი ვერ მოიქცა ისე, მე მას მივანიშნებდი, რომ გამოვიდოდი და ამას ხმამაღლა ვიტყოდი. დღევანდელ პრემიერთანაც არის იგივე დამოკიდებულება. პრემიერი დღეს ასრულებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას. არავინ იფიქროს, რომ ყველა მინისტრი მე დავნიშნე. არც კი ვიცნობდი", - განაცხადა ივანიშვილმა.

2. კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ, "მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" შფოთვას ვერ გავიზიარებ"

ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავის 2"-ის ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს მიმართა:

"ნაციონალური მოძრაობა", რომლის ხელწერაც გვახსოვს დღეს, ცდილობს და ილაშქრებს მარიხუანას დათესვის და წარმოების წინააღმდეგ. ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენივე გუნდის წევრმა, "გირჩის", ზურაბ ჯაფარიძემ შეგახსენათ, რამდენი მომხმარებელი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ნარკოტიკს. ისევ თქვენი გუნდის ყოფილმა წევრმა შეგახსენათ და თქვენი დირექტორი დაასახელა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაში. თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ იმის, რაც დღეს გინდათ, რომ აიღოთ, აიტაცოთ ხელში. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მისი გუნდის წევრები ასახელებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ასევე, ასახელებენ თქვენი ტელევიზიის დირექტორსაც. ასევე, მყავს თქვენი ლიდერიც ნანახი ტელევიზიით ამ თემაზე. ის, რომ საპატრიარქო ღელავს და შფოთავს, მისი უწმინდესობა, მეუფე შიო და ბევრი პატივცემული მეუფე, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. ქართული ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე, ჭეშმარიტად და ობიექტურად აღელვებს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა თემა, ეს გასაგებია, მაგრამ ამას რომ იწერს დღეს "ნაციონალური მოძრაობა", ეს ცინიზმია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში შევიდა, საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით და არსად ყოფილა საუბარი ნარკოტიკულ მოხმარებაზე. ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, საპატრიარქოს რეაქცია და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი. მეც ვმონაწილეობდი კანონპროექტის განხილვაში, სანამ პარლამენტში შევიდოდა. რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომაც შევიდა ეს კანონპროექტი პარლამენტში, ეს არის ძალიან დიდი რენტაბელობა, რაც ჩემთვის საინტერესოა - 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდეს ერთ, ორ და სამ წელიწადში.

მარიხუანას მწარმოებელი ქვეყნები მინდა ჩამოვთვალო, ვინც აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს: ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია და როცა გუნდშიც გვქონდა ამის განხილვა, გუნდის წევრების ნაწილს არ მოსწონდა ეს ჩამონათვალი და ამბობდნენ, რომ ისინი განვითარებული ქვეყნები არიან. ასევე, უზბეკეთი დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს სამრეწველო დანიშნულებით. რა თქმა უნდა, შფოთვაზე, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, გუნდის რეაქცია იყო ადეკვატური და კანონპროექტი შევაჩერეთ. გაგრძელდება ამაზე მსჯელობა, მათ რიცხვში საპატრიარქოსთან და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ახლა წავალთ. თქვენს ზრუნვას და შფოთვას კი ვერ გავიზიარებ. "ნაციონალურ მოძრაობას" ამის არანაირი მორალური საფუძველი არ აქვს და არ გვჯერა, რომ თქვენ ამაზე შფოთავთ. თქვენ არ შფოთავთ ამაზე, თქვენ ეძებთ ინტრიგებს. სამედიცინო და კოსმეტიკური წარმოების მიზნით ამ იდეას მხარს ვუჭერდი მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ დამატებით 1 მილიარდი და შესაძლოა, 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით. წარმოება არ არის იოლი, მაგრამ მთავარია ჩვენი საზოგადოების რეაქცია. ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს ეკლესიას, დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პატრიარქს, მეუფე შიოს, სხვა მეუფეებს, ვინც შეშფოთდნენ და რეაქციაც იყო ადეკვატური", - განაცხადა ივანიშვილმა.

3. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე

"საგარეო საფრთხეები არის ყოველდღიური, მაგრამ თუ შევხედავთ საქართველოს საგარეო კურსს, ყველას შურს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის. ვისაც მე ვიცნობ, მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ხუმრობით ამბობს ყველა, ნახევრად შურით და ნახევრად შექებით, როგორ ახერხებთ ამასო. დღეს ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო მთავარ პარტნიორად – აშშ. ასეთი ახლო ურთიერთობა აშშ–სთან არასდროს გვქონია. ასევეა ევროპის მიმართულებით. მეზობლებთან გვაქვს დაბალანსებული ურთიერთობა. ასევე უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. მაქსიმალური მცდელობა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებითაც", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ხმებს ცილისმწამებლურს უწოდებს. "რა თქმა უნდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები არასწორია. არანაირი ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებები იქ არ მზადდება. ეს არის ცილისმწამებლური განცხადებები. მე ვფიქრობ, ეს საკითხები უკვე დავიწყებულია", – აღნიშნა ივანიშვილმა.

4. "მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა"

"ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავის სახელი ერქმევა, ყველას თავისი ადგილი ექნება და "რუსთავი 2" ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს, ასეთ სიცრუეში და ასეთ სტრესებში აცხოვროს საზოგადოება. ის, რაც გააკეთეს 9 წლის მმართველობის დროს დღესაც ცდილობენ ისევ ძალადობითა და სიცრუით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება. აი, მე ვპირდები საზოგადოებას, პირველ რიგში, იმას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტით მივაღწიე წარმატებას. მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს. სწორედ ამიტომ შემოვბრუნდი, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი მიეცემა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

5. "არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას და მგონი არც საჭიროებს"

"ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ადვოკატმა, ქონებასთან დაკავშირებით, ყველა კითხვას გასცეს პასუხი და თუ რამ კითხვა დაგრჩათ, თქვენ, როგორც მოქალაქეს შეგიძლიათ პროკურატურას მიმართოთ. არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას და მგონი არც საჭიროებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

6. "ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანს შორის პარალელის გავლება, ვფიქრობ, უზნეობაა, ცინიზმია. სანდრო გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს".

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღევანდელი სახელმწიფოს მხრიდან არნაირად იკვეთება, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის მიმართ რამე ინტერესი ჰქონდა, რაც ამ მკვლელობის თაობაზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც ვერ დაადასტურა.

"ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. დღეს, კიდევ შეგვიძლია გავიხსენოთ ეს დიდი უბედურება. მაგრამ ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და სანდრო გირგვლიანს შორის გავავლოთ პარალელი, ვფიქრობ, რომ ეს უზნეობაა. თუნდაც გნებავთ, ცინიზმია. გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს, სადაც თქვენი მეუღლე მინისტრის მოადგილე გახლდათ (მიმართა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს). ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ჯერ არ დასრულებულა სასამართლო . მხოლოდ პირველი ინსტანცია დასრულდა. მეორე ინსტანცია მიდის დღეს და მერე - მესამე. ჯერ არ დასრულებულა სასამართლო, ეს ყველასთვის გასაგებია. ის რომ ხორავას ქუჩაძე მომხდარი ტრაგედია დღეს სიმბოლოდ გადაიქცა და ზოგიერთები ახერხებენ პარალელები გირგვლიანთან გაავლონ, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი და თუ გნებავთ, ძალიან დიდი უზნეობა. არსად იკვეთება, რომ დღევანდელ სახელმწიფოს და დღევანდელ ხელისუფლბას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში და კომისიამაც ვერაფერი მსგავსი ვერ აჩვენა. სახელმწიფოსა და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი ერთადერთია, რომ ეს გამოძიება რაც შეიძლება სწორად იყოს წარმართული და დროში დასრულებული. გიმეორებთ, დროში ეს დასრულებული კიდევ არ არის. მიმიდნარეობს სასამართლო", - განაცხადა ივანიშვილმა.

7. "როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია არ ჩამიწერონ... თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა, ხომ არ იწერდა"

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კითხვის ნიშნებს იწვევს "ომეგა ჯგუფის" შესახებ ჩანაწერების ავთენტურობა და ეს დასტურდება ინგლისსა და საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებით.

"ის, რომ ინგლისის ორმა საექსპერტო ბიურომ თქვა, რომ არ არის ავთენტური, თქვა, რომ არის დაჭრილი, დამახინჯებული და შეკერილი რამდენჯერმე, ასევე თქვა ჩვენმა საექსპერტო ბიურომაც. შესაბამისად, ამ ჩანაწერებს დიდ ანგარიშს ვერ გავუწევთ.

მე არ მაქვს თან წამოღებული ეს დასკვნა. იქ დასახელებული იყო ცნობილი საექსპერტო ბიუროები - ინგლისის, წამყვანი. ეს ჩემთვის მისაღებია. ამავდროულად, გამოქვეყნებული იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ეს ჩანაწერები არაავთენტურია,“ -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა მას ოთხი მილიონი მოსთხოვა და ამის შესახებ ხელით ანიშნა. ივანიშვილმა განმარტა, რომ ეს ბრალდება აბსურდულია და თუ ოქუაშვილი სიმართლეს ამბობს, მას შეუძლია წარმოადგინოს ჩანაწერები, რომელთა "ჩაწერაშიც ზაზა ოქუაშვილი პროფესიონალია".

"ყველაზე საინტერესო, რაც "რუსთავი 2-ით" ვრცელდებოდა, ალბათ, თვითონ ოქუაშვილის ინტერვიუა. ქალბატონი ეკა კვესიტაძე და მისი დირექტორი ერთად ცდილობდნენ, როგორმე რაღაც ისეთი ეთქვა იმ კაცს, ისეთი, რაც წინასწარ იცოდნენ. ჩვენ ეს ვნახეთ. ამ ინტერვიუში ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ის იყო ჩემთან კაბინეტში მეორედ და მე თურმე ვანიშნე ოთხი თითით. ამ აბსურდზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

ჩემთან მოსული კაცია, თუ ჩაწერების მეშინია, შემიძლია შევამოწმო. როგორც წესი, არ ვამოწმებ ჩანაწერებზე. ყველას შეუძლია ჩემთან შემოიტანოს აპარატურა. ის ორჯერ იყო ჩემთან მოსული. პირველად ნახა, რომ არ შემიმოწმებია და მეორედ შეეძლო თავისუფლად ამით ესარგებლა, რაშიც ის პროფესიონალია, როგორც ჩანს... ეს კაცი ყველაფერს იწერს და რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს და ვერ იქნება.

მე მაყურებელს მინდა ვკითხო, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვეუბნები და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია არ ჩამიწერონ... თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა.

მთავარი, რაც არის კითხვა, რაში უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული? რისთვის უნდა გადაეხადა? მთელი თვეა თემა მუსირებს, რომ ამ კაცმა ფული გადაიხადა და რაში გადაიხადა ფული? მთავარი კითხვა, რისთვის გადაიხადა ქრთამი ოქუაშვილმა?", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

8. "სესიაშვილის სახლი 310 კვადრატული მეტრია, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმული"

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი სიცრუეს უწოდებს. როგორც ივანიშვილმა, მის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, აღნიშნა, ამ თემით "რუსთავი 2" მანიპულირებს, ავრცელებს მიზანმიმართულ და არასწორ ინფორმაციას, რაც დადასტურდა, ვინაიდან გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, სადა არასწორად არის ხარჯთაღრიცხვა გაკეთებული ან ნაჩვენებია სხვა მესაკუთრის მიწის ნაკვეთი, რომელიც ვითომ რომელიმე მაღალჩინოსანს ეკუთვნის.

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში "რუსთავი2"-მა მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანა და აჩვენა მაყურებელს, მაგრამ არც ერთს არ შეკითხვიხართ, საიდან და როგორ აქვთ ეს ქონება, ან მისი არის თუ არა. უამრავი გადაცდომა გქონდათ, რაც უკვე დადასტურდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით პრემიერ-მინისტრს, ასევე მიაწერდით სხვა შემთხვევაშიც. როდესაც თვითონ გააქტიურდნენ, მანანა კობახიძე დაგიკავშირდათ, იზორია, თქვენ მათი პოზიცია არ დააფიქსირეთ. თქვენ აირჩიეთ მხოლოდ სესიაშვილი, სადაც სესიაშვილმა ასით ნული მოგიგოთ. პრემიერ-მინისტრთან მიმართებით, საერთოდ სირცხვილი იყო, რაც გააკეთეთ, ვინაიდან 20 წლის წინანდელი სახლი გამოიტანეთ, როდესაც პრემიერი ალბათ თინეიჯერი იყო ან სტუდენტი. აჩვენეთ თუ როგორ არის კორუფციაში ჩართული და ამ დროს მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ. თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს, ეს თქვენი მუშაობის მანერაა. მაყურებლის დიდი ნაწილი მძევლად გყავთ აყვანილი, ხართ დახურული ტელევიზია, 99% აჩვენებთ სიცრუეს.

სესიაშვილის სახლი 310 კვადრატული მეტრია, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმული - მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მისი აშენება შეგიძლია 100 დოლარად და 100 დოლარი რომ გავამრავლოთ 310-ზე გამოვა 31 000 დოლარი. აუზი საერთოდ "კაპიკი" დაჯდებოდა, არ არის ეს აუზი გაშვებული და არ ფუნქციონირებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

9. "სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან ღირსეული ბიოგრაფია, შეიძლება ორიც ვერ დავასახელო დღეს ქართულ პოლიტიკაში ასე თავისით შემდგარი, ჩამოყალიბებული ქალბატონი"

კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ბიძინა ივანიშვილისგან, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ოპოზიციის ლიდერი გაიმარჯვებს, აღიარებს თუ არა დამარცხებას, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მაქსიმალურ მობილიზებას გააკეთებენ, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ამასთან, ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატზე დადებითად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი.

"უფრო კონკრეტულად "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მივმართავდი, რომელთა ნაწილიც ვერ იზიარებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას რამეთუ ის არ არის ქართული ოცნების წევრი. ეს ქალბატონი არის ძალიან ღირსეული. აღარ განვმეორედები, რომ მას აქვს ძალიან ღირსეული ბიოგრაფია, ძალიან ცოტას და შეიძლება ორიც ვერ დავასახელო დღეს ქართულ პოლიტიკაში ასე თავისით შემდგარი, ჩამოყალიბებული ქალბატონი . ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის "ქართული ოცნების" წევრი. ყველა განაწყენება ძველი გადადეთ გვერდზე და კეთილი ინებეთ და ძალიან გთხოვდით, რომ მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომეს.

ყველა კვლევები, ყველაზე პესიმისტურიც მათ რიცხვში არსად ჩანს, რომ სალომე მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს. პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა არის ძალიან დიდი. თუ კარგ მობილიზაციას გააკეთებენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, გარწმუნებთ, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

ჩვენი მოსვლის შემდეგ არც ერთ დამკვირვებელს არსად ეჭვიც კი არ გასჩენია, რომ ყუთში დამატებით ბარათს აგდებს. გაყალბება დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის“ წასვლის შემდეგ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

10. "ქვეყანაში სიღარიბის მატება გამოიწვია რიგ ფაქტორებზე ხელისუფლების რეაქციის დაგვიანებამ"

"იუნისეფის" კვლევას მე რა თქმა უნდა ვენდობი, ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილში, გარკვეულ ფენაში, რომელიც საშუალოზე დაბალ ფენას წარმოადგენს (საშუალო ფენაც ჩვენთან ჯანსაღად ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ ვთქვათ არა შედარებით მდიდარ ნაწილში), შედარებით ღარიბ ნაწილში მოხდა ის, რომ რეგულაციების დაგვიანების მიზეზით ისინი იღებდნენ კრედიტს, რომელსაც ვეღარ ემსახურებოდნენ და სახელმწიფომ აქ თავისი როლი დროულად ვერ შეასრულა. ამისთვის დაისაჯა პრემიერ-მინისტრი, წავიდა თანამდებობიდან.

სამი შემადგენლით იყო განპირობებული ის რაც მოხდა - გაღარიბება მოსახლეობის ამ ნაწილის. ერთ-ერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ის, რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, ვსაუბრობ ჭარბვალიანობაზე. ერთ-ერთი მიზეზი იყო დევალვაციაც და არა ინფლაცია, ასევე აქციზების ზრდაც, რაც გამოიწვია მოგების გადასახადის გაუქმებამ. „იუნისეფის“ კვლევებზე ჩვენ გავაკეთეთ მკვეთრი რეაქცია და ეს საკმარისია. ვისაც აინტერესებს დაწვრილებით, მთელი ინტერვიუ მივუძღვენი მე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

რეაქცია იმაზე, რომ დააგვიანა კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა რეგლამენტაცია, რაზეც მათ პასუხი ჰქონდათ, რომ საჭირო არ იყო დღესაც და შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. მე განსხვავებული პოზიცია დავუსაბუთე მას და ამის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება. არც თუ ისე დიდი დანაშაული ჩაუდენია მას.

რაც შეეხება კითხვას, რომ მხოლოდ მე ვწყვეტ ყველაფერს და დღევანდელ პრემიერსაც შემძლია მივუთითო, ძალიან უხეშად სვამთ ამ კითხვებს. არ იმსახურებს არც დღევანდელი პრემიერი და არც მე ჩემი ქცევებით, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა ქალბატონო დიანა.

კვირიკაშვილთან რაც მოხდა საჯაროდ გამოვიტანე",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

myquiz