წინასაარჩევნო დაპირებები, რომელთაც საპრეზიდენტო კანდიდატები ვერ შეასრულებენ | Allnews.Ge

წინასაარჩევნო დაპირებები, რომელთაც საპრეზიდენტო კანდიდატები ვერ შეასრულებენ

საქართველო და განსაკუთრებით ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში შევიდა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი, ამიტომ საარჩევნო სუბიექტები პოტენციურ ამომრჩევლებს სულ უფრო ხშირად ხვდებიან და მათთვის სასურველ დაპირებებს აქტიურად აჟღერებენ. თუმცა, რამდენადაა ხალხისთვის სასურველი დაპირება მომავალი პრეზიდენტისთვის შესრულებადი, ამის გარკვევას უკვე Allnews.ge შეეცადა.

პენსიების ზრდა, ხარჯების შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, ყველა სტატუსშეჩერებული სტუდენტის უნივერსიტეტში დაბრუნება და ყველა ახალგაზრდისთვის სწავლის საშულების მიცემა - ვნახოთ რამდენად შედის აღნიშნული და სხვა მრავალი გეგმისა და დაპირების შესრულება პრეზიდენტის პრეროგატივაში და კონკრეტულად რომელი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ვერ შეძელებენ პრეზიდენტობის კანდიდატები.

Allnews.ge-მ პრეზიდენტობის 6 კანდიდატის საარჩევნო პროგრამა შეისწავლა, კერძოდ, დავით უსუფაშვილის, დავით ბაქრაძისე, შალვა ნათელაშვილის, ზურა ჯაფარიძის, გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის.

მაგალითად, "გირჩის" ლიდერისა და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ზურა ჯაფარიძის საარჩევნო პროგრამაში წერია:

"როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს მომავალი 5 წლის განმავლობაში".

თუმცა, პროცედურულად სახელმწიფო ბიუჯეტს მთავრობა ადგენს, რომელიც პარლამენტში შესაბამის კომიტეტებში განიხილება, მას კენჭს უყრიან და პლენარულ სხდომაზე ამტკიცებენ. როგორც ხედავთ, ამ ჯაჭვში პრეზიდენტის რგოლი გამოტოვებულია და მისი თანამონაწილეობა გათვალისწინებული არ არის. სწორედ ამიტომ, ისეთ დაპირების შესრულება, როგორიც არის თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაორმაგება, პრეზიდენტზე დამოკიდებული არ არის.

10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - "ძალა ერთობაშია" კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში კი ვკითხულობთ: "ქვეყანაში შეიცვლება პოლიტიკური ვითარება და "ქართული ოცნება" ჩამოშორდება სახელმწიფო მართვას".

იმ დაპირებებზე რომ აღარ ვისაუბროთ, რაც ამ წინადადებას მოყვება, უნდა ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებით პოლიტიკური ვითარება რთულად თუ შეიცვლება, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია ერთი კონკრეტული პირის ცვლილებაზე, რომელსაც საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილება აქვს და რაც მთავარია მომავალ არჩევნებს არანაირი კავშირი არ აქვს მმართველი პარტიის ცვლილებასთან, რისი მოლოდინიც როგორც წესი საპარლამენტო არჩევნებისას დგება ხოლმე.

ცალკე უნდა აღინიშნოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საარჩევნო პროგრამა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ცალკეული თემები, როგორიც არის სოციალური დაცვა, ეკონომიკა, დასაქმება და სხვა, მნიშვნელოვნად სცილდება პრეზიდენტის კონსტიტუციურ კომპეტენციას და რომ ამ საკითხებზე დაფიქსირებული პასუხი არის დავით უსუფაშვილის პოზიცია და არა საპრეზიდენტო დაპირება.

დავით ბაქრაძე კი საარჩავნო პროგრამაში მთლიანი გუნდის "ევროპული საქართველოს" სახელით საუბრობს და პროგრამაში ვხვდებით უფრო მეტად მის ხედვებს ვიდრე კონკრეტულ დაპირებებს. ამასთან, მის წინასაარჩევნო კლიპში ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოში პენსიები უნდა გაიზარდოს, ასევე მისი თქმით, უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს დაბრუნებამდე დახმარება უნდა გაუწიონ და უზრუნველყონ მათთვის ლეგალური სამსახური, მაღალი ხელფასები, დაზღვევა და დაცულობა, ამის უზრუნველყოფა კი პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის.

რაც შეეხება დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო პროგრამას,  მისი დაპირებები ასეთია:

• საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა

• ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და მისი გამთლიანებისთვის წინაპირობების შექმნა

• ნატოში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია

• საზოგადოების გაერთიანებაში პირადი წვლილის შეტანა

• ევროპული სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში

• პრეზიდენტი - კულტურული მემკვიდრეობის გარანტი

• ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება, ნოვატორული იდეების მხარდაჭერა

• ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სპორტის განვითარება.

პროგრამაში არსებული ყველა დაპირება იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ნამდვილად არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მათი შესრულება ქვეყნის პირველი პირის კომპეტენციაში არ შედის.

რაც შეეხება კანდიდატების იმ დაპირებებს, რომლებსაც ისინი გამარჯვების შემთხვევაში ვერ შეასრულებენ, ინფოგრაფიკაზე გთავაზობთ რამდენიმეს: 

myquiz