მნიშვნელოვანი კომენტარები, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა | Allnews.Ge

მნიშვნელოვანი კომენტარები, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირადად მისთვის სალომე ზურაბიშვილი უახლოესი ისტორიის სიმბოლოა. როგორც ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველო ამ მხრივ ევროპულ არჩევანსაც ეხმაურება, ვინაიდან კანდიდატი ქალბატონია.

"ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს. ჩემთვის ეს ქალბატონი არის უახლოესი ისტორიის სიმბოლო. ის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელია და დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ის ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიას ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა, ამ მხრივ ეს ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომეს გაპრეზიდენტებას ვიხილავთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა მმართველ გუნდს მაქსიმალური მობილიზაციისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ივანიშვილმა სააკაშვილის პერიოდიც გაიხსენა და განაცხადა, რომ "სააკაშვილი 2008 წელს შემოუძღვა რუსულ ჯარს და ცდილობენ ჩვენ გადმოგვაბრალონ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები, ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი".

"ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე დიდი დანაშაული იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია, მითუმეტეს არ დაიკარგებოდა 20%. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ, ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ ყველაზე მეტად წინ წამოწეული. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ გადმოიტანონ და ჩვენ დაგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში ბევრი იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი იმაში, რომ რუსულმა ჯარებმა საქართველო დატოვა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი:

"გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები. უნდათ, ამასთან იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა. საზოგადოებისთვის ძალიან ტრამვა და სტრესი იყო ეს. უნდათ, რომ ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას. უნდათ, ეს ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას მიაბრალონ და გირგვლიანის საქმის იდენტური გახადონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ასევე ინტერესდება, თუ რატომ არ აქვს "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს ის ჩანაწერი, რომელიც მისი და ივანიშვილის შეხვედრას ასახავს და რომელზეც ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილი 4 მილიონს სთხოვდა. ამასთან, ივანიშვილმა ოქუაშვილის განცხადებებს ღიმილისმომგვრელი უწოდა, თავად ოქუაშვილს კი - "ჩანაწერების ოსტატი".

"მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაზე განცხადებები ღიმილს იწვევს. მე მას მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ ჩვენ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. ეს ვალდებულება, როდესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემთან, პრემიერთან ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესს. სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. თუ ვინმე შეგეკითხებათ გუშინდელ გადაცემაზე, უპასუხეთ, რომ სადაა ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს ამ შეხვედრის შესახებ", - განაცხადა ივანიშვილმა.

myquiz