თვისებები და უნარები, რასაც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა ფლობდეს | Allnews.Ge

თვისებები და უნარები, რასაც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა ფლობდეს

საქართველოში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის არჩევნებისთვის აქტიური მზადება დაწყებულია. 28 ოქტომბრამდე ხალხის ნდობის მოპოვებას 46 კანდიდატი შეეცდება. ვიდრე მოსახლეობა საკუთარ არჩევანს გააკეთებს, ALLNEWS.GE ექსპერტებს იმ თვისებებზე, უნარებსა და საჭირო გამოცდილებაზე ესაუბრა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, პეზიდენტს უნდა ჰქონდეს.

გია ხუხაშვილი - პოლიტოლოგი

მთავარია, მომავალ პრეზიდენტს კარგად ესმოდეს მისი მთავარი ვალდებულება - იყოს კონსტიტუციის გარანტი. მას ასევე ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ინსტიტუციური ბალანსის მნიშვნელობა და მუდმივად მუშაობდეს მის დაცვაზე. მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს შემრიგებელი, კონსესუსის მაძიებელი და რეალურად ზეპარტიული, ზეპოლიტიკური. ეს აუცილებელი თვისებებია იმისთვის, რომ მან პოლიტიკურ ელიტაში ბალანსის დაცვა და შესაძლო კონფლიქტების შემთხვევაში, სიტუაციის რეგულირება მოახერხოს.

პრეზიდენი ასევე უნდა იყოს ძალიან მაღალი კომპეტენციის მატარებელი საგარეო პოლიტიკაში, კარგად უნდა იცოდეს უსაფრთხოების საკითხები და დააზღვიოს სახელმწიფო ძალაუფლების უზურპაციისგან, ასევე პროცესების კონსტიტუციის მიღმა გასვლისგან. ამას სჭირდება შესაბამისი უნარები, რაც დღეს წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთს აქვს. ეს არის დავით უსუფაშვილი. რაც შეეხება, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილი თავისი ხასიათითა და უნარებით ანტიპრეზიდენტია. ის არის ცალსახად მხარე და ამავდროულად არაკომპეტენტური.

პრეზიდენტი წარმომადგენლობითი უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, ამ ფუნქციის შესასრულებლად მზად უნდა იყოს. მას ძლაიან კარგად უნდა ესმოდეს ქვეყნის პრობლემები და ლობირებდეს სახელმწიფოს ინტერესებს. დღევანდელი პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის მართვა. მისთვის აუცილებელი არაა იყოს განსაკუთრებელად კარგი მენეჯერი.

ვახტანგ ძაბირაძე- პოლიტოლოგი

საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ ახალი დაწყებულია. დღესდღეობით პრეზიდენტს საკმაოდ შეზღუდული უფლება-მოვალეობები აქვს. მთავარია, ასეთ ვითარებაში ახალ პრეზიდენტს კარგად ესმოდეს არსი ამ ინსტიტუტისა. როცა კანდიდატები მოსახლეობას პენსიის ზრდას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, სხვადასხვა შეღავათებს პირდებიან, არასწორია. ეს ყველაფერი მათ უფლებამოსილებაში არ შედის.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის გარკვეული სტანდარტი ჩამოაყალიბა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ასეთ მმართველობაში პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ფიგურაა და უნდა იყოს მომრიგებელი, შემთანხმებელი, პოლიტიკურ სპექტრში სიტუაციის დამლაგებელი. სხვაგვარად წავალთ სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებისკენ, რაც საზოგადოებას ნამდვილად არ წაადგება. პრეზიდენტი არ უნდა იყოს ოპოზიციის ლიდერი.

კარგია თუ საერთაშორისო ურთიერთობებში აქვს პრეზიდენტობის კანდიდატს გამოცდილება, თუმცა მე, უპირვლეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს ადგილობრივი სიტუაცია. ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრში მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. დღეისათვის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ოთხი კანდიდატი მაინც გვყავს: მათში მოვიაზრებ დავით უსუფაშვილს, სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს. თუმცა მთავარია, ვინ იქნება ამ ადამიანებს შორის ისეთი, რომელიც დაალაგებს და არ აურევს სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში.

myquiz