ახალგაზრდა, რომელმაც მერკელს "ოკუპაცია" ათქმევინა | Allnews.Ge

ახალგაზრდა, რომელმაც მერკელს "ოკუპაცია" ათქმევინა

ტერმინ "ოკუპაციასთან" რამე პრობლემა არის, თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც ოკუპაციას? - ასე მიმართა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდა კონსტანტინე შუბითიძემ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

"კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ორი დღეა უკვე იყენებთ შეფასებას - "უსამართლო მდგომარეობას", არ იყენებთ სიტყვა "ოკუპაციას". ტერმინ "ოკუპაციასთან" რამე პრობლემა არის თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც "ოკუპაციას"?, - იკითხა კონსტანტინე შუბითიძემ.

აღნიშნულ შეკითხვაზე გერმანიის კანცლერმა უპასუხა: "თქვენ მეკითხებით, მე ვაფასებ თუ არა ოკუპაციად? დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20%. ამის მიუხედავად, ეს რჩება უხეშ უსამართლობად", - განაცხადა მერკელმა.

მანამდე, მერკელმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უსამართლო და მიუღებელი სიტუაცია, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ხდება.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლობა. პრემიერ-მინისტრმა მითხრა რომ ჰუმანიტარული სიტუაცია ამ რეგიონებში კატასტროფულია, ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თავის სამშობლოს, მოსახლეობის რაოდენობა იქ ძალიან დაბლა იწევს. საქართველო მუშაობს ამ მიმართულებით და გერმანიასაც შეუძლია დაეხმაროს. ეს არის მიუღებელი სიტუაცია. მე პირადად, ბევრ დროს ვუთმობ კონფლიქტების მოგვარებაზე ფიქრს - უკრაინის და საქართველოს კონფლიქტებზე. ეს არის სიტუაცია, როდესაც საქართველოს რუსეთის ხელშეწყობით ძალიან რთულად მოუწია განვითარება.

არ უნდა დავივიწყოთ ეს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ამ რეგიონებში ადამიანებს საქმე ძალიან ცუდად აქვთ. პირველ რიგში, მათ უნდა დავეხმაროთ ჰუმანიტარულად. რა თქმა უნდა, გვაქვს იქ ევროკავშირის მისია, რომელიც ცდილობს კონფლიქტის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. როდრესაც ადამიანს განათლების მიღება ან სამედიცინო დახმარება სჭირდება, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საზღვარი გადმოლახოს; როდესაც ეს შესაძლებლობა მათ უმცირდებათ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი", - განაცხადა მერკელმა.

პასუხით კმაყოფილი ვარ, რადგან მინდოდა, რომ ანგელა მერკელს ეს ტერმინი გამოეყენებინა ან თუ არ გამოიყენებდა, აეხსნა, რატომ არ იყენებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, კონსტანტინე შუბითიძემ უნივერსიტეტში ანგელა მერკელისა და სტუდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ჩემი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რატომ იყენებდა კანცლერი ტერმინ ოკუპაციას. ორი დღის განმავლობაში და მანამდეც, ეს ტერმინი ფაქტობრივად არ გამოუყენებია და ამ კითხვაზე პასუხად ამბობდა, რომ ეს არის უსამართლობა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ხდება, მესამე ვიყავი, ვინც ამ შინაარსის შეკითხვა დასვა, უბრალოდ წინა ორ შემთხვევაში თავი აარიდა და უფრო კონკრეტულად და უფრო მკაფიოდ ვკითხე, ტერმინ ოკუპაციას რატომ არ იყენებდა. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის ამ ტერმინის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის ერთადერთი სწორი შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. პასუხით კმაყოფილი ვარ, რადგან მინდოდა, რომ ეს ტერმინი გამოეყენებინა ან თუ არ გამოიყენებდა, აეხსნა, რატომ არ იყენებდა და ამ ტერმინს ან რატომ არიდებდა თავს. საბოლოოდ, კანცლერმა ეს ტერმინი გამოიყენა და კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ქვეყნის ლიდერი, როგორიც არის გერმანია და ანგელა მერკელი სწორ და ზუსტ შეფასებას აძლევდეს იმ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება", - აღნიშნა კონსტანტინე შუბითიძემ.

კონსტანტინე შუბითიძის მიერ კითხვის დასმამ, დიდი რეზონანსი გამოიწვია. სოციალურ ქსელებში სტუდენტზე აღფრთოვანებულ კომენტარებს წერენ:

"კონსტანტინე შუბითიძე! სტუდენტი, რომლემაც დღეს მთელი საქართველოს სათქმელი თქვა, აი, როგორი მნიშვნელოვანია სწორად დასმული კითხვა"

"გერმანიის კანცლერთან იმ საკითხების მკაფიო კომუნიკაცია რასაც სამთავრობო სტრუქტურები ხშირად ვერ ახერხებენ თსუ სტუდენტებთან ერთმა შეხვედრამ მოაგვარა... ამ შეხვედრაზე ისიც გამოჩნდა რომ გერმანიის კანცლერი იმაზე მეტად ინფორმირებულია საქართველოს პრობლემებზე, ვიდრე ბევრი ჩვენი ჩინოვნიკი.."

"როგორც ყოველთვის, ახალი თაობა, ახალი შემართება"

"დღეს ყველა სტუდენტმა ძალიან კარგი შეკითხვა დასვა. პაწაწინაზე ამაყი ვიყავი, რომ ჩემი თაობის და უფრო პატარები ჭკუასთან ერთად ასეთი ლაღები და თავისუფლები არიან. ისე ძალდაუტანებლად, დიალოგის რეჟიმში უსვამდნენ შეკითხვებს მერკელს, გეგონებოდა, თსუ-ს ლექტორია.

კონსტანტინე შუბითიძემ კი, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მარტივ ჭეშმარიტებაში, მათ შორის ჟურნალისტებიც - მოკლე კითხვა ყოველთვის უფრო ეფექტურია"

"ათქმევინა :) ! სტუდენტი ახალგაზრდა კონსტანტინე შუიბითიძე მან ანგელა მერკელი აიძულა ეხმარა ტერმინი ოკუპაცია ! გერმანელი გამოცდილი დიპლომატი ახერხებდა ორი დღის განმავლობაში, აერიდებინა თავი ამ ტერმინისათვის, თუმცა, დღეს იძულებული გახდა სტუდენტის კითხვის საპასუხოდ ეღიარებინა და დაედასტურებინა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ყოჩაღ ამ ახალგაზრდას, ის ჯიგარია", - წერენ სოციალურ ქსელში.

myquiz