ანგელა მერკელი თბილისში დღეს ჩამოფრინდება | Allnews.Ge

ანგელა მერკელი თბილისში დღეს ჩამოფრინდება

საქართველოს დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან. გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაფრინდება, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით, გერმანიის კანცლერი პირისპირ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.

ასევე, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც გერმანიის მხრიდან კანცლერი ანგელა მერკელი, სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, ხოლო საქართველოს მხრიდან მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, დავით ზალკალიანი, მიხეილ ბატიაშვილი, ივანე მაჭავარიანი, ელგუჯა ხოკრიშვილი, კახა კახიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, პრემიერის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე და ვახტანგ ქათამაძე დაესწრებიან.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც კანცლერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

დღის ბოლოს კი, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტის გაგრძელებას 24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების შემდეგ, მერკელი EUMM -ის პროგრამის ფარგლებში გამართავს შეხვედრას.

ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.

myquiz