ბიძინა ივანიშვილი ახლა თავისი თავის გადარჩენას ცდილობს, როგორც ხვლიკს შეიძლება კუდი მოძვრეს ორჯერ და გაეზარდოს - მიხეილ სააკაშვილი | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი ახლა თავისი თავის გადარჩენას ცდილობს, როგორც ხვლიკს შეიძლება კუდი მოძვრეს ორჯერ და გაეზარდოს - მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი ახლა თავისი თავის გადარჩენას ცდილობს, როგორც ხვლიკს შეიძლება კუდი მოძვრეს ორჯერ და გაეზარდოს, ასევე გააკეთა მან მთავრობის შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გავრცელებული ვიდეოთი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

"როგორც იცით, შეიქმნა ძალიან მძლავრი, ფართო გაერთიანება "ძალა ერთობაშია" და მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ბრძოლა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ეს არის სრულიად სხვადასხვა ხალხის გაერთიანება და ძალიან მიხარია, რომ სრულიად განსხვავებულმა საზოგადო მოღვაწეებმა, სხვადასხვა პირებმა, პოლიტიკოსებმა და არაპოლიტიკოსებმა იპოვეს თავის თავში ძალა, დამდგარიყვნენ წარსულში არსებულ განსხვავებებზე მაღლა, საკუთარი ქვეყნისთვის გადაედოთ გვერდზე უთანხმოებები და ერთ, მძლავრ მუშტად შეკრულიყვნენ ოლიგარქის დასამთავრებლად, შეძლეს გაერთიანებულიყვნენ ოლიგარქის მიერ საქართველოს ძარცვის დასასრულებლად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე და დავასრულებთ ივანიშვილის თარეშს საქართველოში, დავასრულებთ ქართული ბუნების განადგურებას, მოვაშთობთ მის ხელს ჩვენი ჯიბეებიდან, რადგან მას აქვს ღრმად ჩაყოფილი ხელი თითოეული ქართველის ოჯახში და ძარცვავს საქართველოს უმოწყალოდ. ივანიშვილი ახლა ცდილობს თავისი თავის გადარჩენას, როგორც ხვლიკს შეიძლება კუდი მოძვრეს ორჯერ და გაეზარდოს, ასევე მან შეცვალა მთავრობა და ხელახლა ახალ მთავრობას ამტკიცებს. ხვლიკს კუდის შეცვლა მხოლოდ ორჯერ შეუძლია, ივანიშვილმა კი ორჯერ უკვე გამოცვალა მთავრობა და მესამედ აღარ გამოუვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა ივანიშვილის ინტერვიუს იმ მონაკვეთს, რომელშიც ის ბანკებს აკრიტიკებდა.

"ახლა ივანიშვილი აცხადებს, რომ თურმე ბანკები არიან დამნაშავე იმაში, რაც საქართველოში ხდება, მართლა სულელები ხომ არ ვგონივართ? საქართველოს მთავარი მევახშე და მთავარი მძარცველი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი "ქართუ ბანკი". ახლა გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ყოფილი არარაობა მინისტრები, მათ სესხები გამოტანილი ჰქონდათ ბანკი "ქართუდან" და პროცენტებს თქვენი ჯიბიდან იხდიდნენ ივანიშვილის ჯიბეში. ბანკ "ქართუს" მოგებები გაიზარდა რამდენჯერმე სახელმწიფო ორგანიზაციების ხარჯზე. მას არ გამოუვა სხვა ბანკებზე ამის გადაბრალება, მთავარი მევახშე არის ბანკი “ქართუ“ და ივანიშვილი. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მთავრობის ცვლილების კვალდაკლვალ პირველი ნაბიჯი იქნება ბანკი “ქართუს“ ჩამორთმევა, ივანიშვილის ქონების დაყადაღება და რაც აქედან შემოვა, ამ ყველაფრის დარიგება საზოგადოებისთვის. მე ამას გპირდებით, რომ გავაკეთებთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. მას არ გამოუვა ჩვენი გაბრიყვება. ამ კაცმა რეალურად გაგვაბრიყვა, გაგვძარცვა, ახლა კი ჩვენ მომართული ვართ არა პროცენტების ასაღებად, არა სხვა ჯგუფებთან შესაჯიბრებლად, არამედ გამარჯვებისთვის", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელობა არ აქვს, წარსულში ვის მოსწონდა ერთმანეთის პოზიციები და ვის არა, ახლა მთავარია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.

"ივანიშვილი ახლა ჩაგვაგონებს, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას, მაინც იყიდის, დაარიგებს ფულს, გააყალბებს, ჩვენ ვერ გვიყიდის და ახლა ჩვენ ვართ ერთიანები. შეიძლება ჩვენ არ მოგვწონდეს ერთმანეთის პოზიციები, გამონათქვამები წარასულში, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ გვინდა მომავალი. გვინდა, რომ ქართველი ხალხის ძარცვა დასრულდეს. გამოსავალი არის ის, რომ ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და ვაშაძემ გაიმარჯვოს. ივანიშვილის “ქართუ“ ბანკი უნდა დამარცხდეს და საქართველოს ოჯახებისთვის ახალი ეკონომიკური საშუალებები უნდა გაჩნდეს. საქართველო დაბრუნდება ლიდერ ქვეყნებს შორის და იქნება ძალიან წარმატებული. თითოეული ქართული ოჯახი შვებით ამოისუნთქვას. ჩვენ ეს გამოგვივა, ჩვენი ბრძოლა დაიწყო და ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით ოქტომბერში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

myquiz