ბიძინა ივანიშვილი - ჩემი პოზიციაა, გუნდიდან არ დავასახელოთ საპრეზიდენტო კანდიდატი | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი პოზიციაა, გუნდიდან არ დავასახელოთ საპრეზიდენტო კანდიდატი

ჩემი პოზიციაა, გუნდიდან არ დავასახელოთ საპრეზიდენტო კანდიდატი და მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს, ხოლო თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, არც არავის დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუტი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, ევროპაში "ცოტა ველურად ჟღერს" ის, რომ ხელისუფლებაში გამგებლიდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით ყველა პოზიცია, ისე, როგორც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთ პარტიას აქვს. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, გუნდში მის პოზიციას როგორც მხარდამჭერები, ისე მოწინააღმდეგეები ჰყავს.

"ნამდვილად არ გვაქვს დასრულებული ამ საკითხზე ბჭობა. მართლაც რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი. იქ ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც მართლა შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს. ჩემი პოზიცია პირველსავე დღიდან, რაც მსჯელობა დაიწყო, იყო განსხვავებული. თავშივე გულწრფელად გეტყვით, რომ არავინ დამიჭირა მხარი. დროში მხრდამჭერების რაოდენობა გაიზარდა.

ჩემი პოზიციაა, რომ თუ ჩვენ ჭეშმარიტად და გულწრფელად ("ქართული ოცნების" წევრებს ველაპარაკები, ვინც დღესაც წინააღმდეგია და არ იზიარებს ჩემს პოზიციას) გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს, გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი. რა თქმა უნდა, გუნდს ეს წაადგება და გუნდს ეს მოსწონს, მაგრამ ქვეყნისთვის ჩემი აზრით, მისი სწრაფი განვითარებისთვის, უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ან დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი (სამწუხაროდ, პარტიებიდან ვერავის დავუჭერთ) ან თუ ღირსეული დამუკიდებელი კანდიდატი არ იქნება, არც არავის დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი - თუ დამოუკიდებელს ვერ ვნახავთ. პოზიცია მარტივია, დღეს გამგებლიდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით მთელი ხელისუფლება ეკუთვნის "ქართულ ოცნებას" და იმ ფონზე, როცა ჩვენ გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში, ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა.

ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელოს. ოპოზიცია გამოდის და იძახის, რომ ესენი გაკოტრებულები არიან და კაცი არ ჰყავს, რომ დაასახელონო, მაგრამ ეს სასაცილოა, რა თქმა უნდა. "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს რეალურად, სამწუხაროდ, არ ჰყავს თუ გნებავთ... "ქართულ ოცნებას" დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პარტია არ არის ჩემთვის ძირითადი. ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო და სახელმწიფო განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ იყვნენ უფრო ძლიერი პარტიები და იყოს კონკურენცია. მსჯელობა გრძელდება", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი პოზიცია არ ნიშნავს, რომ გუნდი აუცილებლად მას გაიზიარებს. "ეს არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ და არ ვკეკლუცობ სრულებითაც. ალბათ, ოპონენტებიც ამას აიტაცებენ, რომ რადგან ივანიშვილის პოზიციაა, სხვა დანარჩენები მონები არიან და მას დაემორჩილებიან. ღმერთმა დამიფაროს ასეთი შეურაცხყოფისგან საკუთარი გუნდის წევრების. მე მართვის სტილი ასეთი მაქვს, აუცილებლად დისკუსიებში და პოლემიკაში ვიღებ გადაწყვეტილებას. მე ძალიან მიყვარს მსჯელობა. თუ ჩემზე კარგს ვინმე ამბობს, არა თუ ვეთანხმები, ვაქებ მას. მე მაქვს არგუმენტები. ძალიან ბევრი ამ არგუმენტებს იზიარებს, თუმცა ბევრი არ იზიარებს. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მოვახერხებთ და ჩამოვყალიბდებით. არაა აუცილებელი, რომ ამაზე ჩამოვყალიბდეთ, თუმცა მე იმედი მაქვს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

myquiz