ქუმსიშვილი და ალავიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ - რას აცხადებენ ისინი? | Allnews.Ge

ქუმსიშვილი და ალავიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ - რას აცხადებენ ისინი?

პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

"ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ პროკურატურაში.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაახლოებით 20 დღის წინ იმყოფებოდა.

"პროკურატურაში გახლდით 20 დღის წინ. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. მათ სურდათ, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც მე გამაჩნდა, ყველა კითხვაზე გავეცი ამომწურავი პასუხი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი აქვს დადებული, სიმართლეს არ შეესაბამება.

"დღეს ჩამოვფრინდი საზღვარგარეთიდან. შესაბამისად, არანაირი ხელწერილი არ მაქვს დადებული",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

"რა თქმა უნდა, ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას ექნება, მე პასუხს გავცემ, დასამალი არავისთან არაფერი მაქვს. საგამოძიებო უწყებაში გამაფრთხილეს, რომ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. ჩემი გადმოსახედიდან კითხვები იყო ძალიან მარტივი და არა პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კითხვაზე: არის თუ არა გამოძიება დაწყებული დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, ეკონომიკის ექსმინისტრმა განაცხადა: "ამაზე ვერაფერს გეტყვით. ამ წუთში განმეორებით გამოკითხვაზე დაბარებული არ ვარ".

ქუმსიშვილის თქმით, მის მიმართ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ჭორები. "წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ეს ჭორები. ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს ნათქვამი უარი იმ სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნდა, როგორც წესი, შემდგომში ამ ადამიანებისგან მოდიოდა ჭორები. ეს იყო ის დაკვეთა, რომელიც ჩემი და ჩემი სახელის წინააღმდეგ მოდიოდა",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეს, მისი თქმით, შეკითხვები შეეხებოდა თანამდებობაზე მის დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს.

ალავიძე გამოეხმაურა პროკურატურაში გამოკითხვაზე მის დაბარებას და აღნიშნა, რომ მზად არის, ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.

"ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს", - განაცხადა ალავიძემ.

myquiz