იენს სტოლტენბერგი - ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას ნატო-ს წევრობისთვის | Allnews.Ge

იენს სტოლტენბერგი - ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას ნატო-ს წევრობისთვის

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

"10 წელი გავიდა საქართველო-ნატო-ს კომისიის პირველი შეხვედრის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა მზარდად მჭიდრო გახდა. ნატო-ს ურთიერთობა საქართველოსთან უნიკალურია. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ საქართველოს მადლობელი ვართ ავღანეთის მისიაში წვლილის შეტანისთვის და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის. საქართველო-ნატო-ს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს რეფორმებს თავდაცვის სფეროში. ასევე მადლობას ვუხდით იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ეს სტრატეგიული რეგიონია, სადაც ჩვენს თანამშრომლობას ვზრდით. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ასევე გილოცავთ, რომ ნატო-ს მოთხოვნას ასრულებთ თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯვასთან დაკავშირებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ.

მარგველაშვილმა ალიანსის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ნატო საქართველოს დასახმარებლად მიმართავს.

"ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობა თქვენ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც არ იშურებთ საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორს, საქართველოს წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მისიაში ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით ჩვენი წვლილი ყველაზე დიდია. ვითარდება ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგი და ჩვენ ამით მოხარულნი ვართ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობისთვის ამ კონტექსტში. ეს რეგიონს მეტ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოუტანს. ჩვენ დღეს ნატო-ს ლიდერებთან განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და საქართველოს უსაფრთხოებას, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო სტაბილური და უსაფრთხო, თუ როგორ გავაძლიეროთ ნატო-სთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები, რასაც მივყავართ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, რისი საბოლოო მიზანია ნატო-ში გაწევრება. ვფიქრობ, თავისი შესაძლებლობებით და ერთგულებით ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

myquiz