რას ელოდება საქართველო ნატოს სამიტისგან? | Allnews.Ge

რას ელოდება საქართველო ნატოს სამიტისგან?

ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი იხსნება, რომელშიც მინაწილეობას ალიანსის 29 ქვეყნის ლიდერი მიიღებს. სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებებს მიიღებენ ნატო-ს შეკავების პოლიტიკაზე, ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე.

სამიტის პირველი დღის ფარგლებში ალიანსის წევრები თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე იმსჯელებენ. 2014 წელს ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ ხარჯების ნაწილს გაზრდიდნენ, რაც მშპ-ს 2%-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ასევე იმსჯელებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გაძლიერებაზე. აღნიშნულის ფარგლებში იგეგმება ახალი საწვრთნელი მისია ავღანეთში. ასევე შეიქმნება სამხედრო სკოლები ერაყის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში ასევე დაიწყება ნატო-ში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები მაკედონიასთან. მაკედონია მომავალში ნატო-ს 30-ე წევრი გახდება ახალი სახელით - რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია.

სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს ნატო-ს ლიდერები საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდებიან. 12 ივლისს საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც ისინი ერთობლივი განცხადებებით მიმართავენ ჟურნალისტებს.

რას ელის საქართველო ნატო-ს სამინიტისგან?

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ბრიუსელის ნატო-ს სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ნატო-ს დოკუმენტებში ღირსეულად აისახება და შეფასდება ის პროგრესი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში საქართველომ მიაღწია.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ნატოს სამიტი მიმდინარეობს უაღრესად მნიშვნელოვან და დაძაბულ უსაფრთხოების გარემოში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეულ ფორმატსა და შეხვედრას, რომელზეც გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

"ამ სამიტის ფარგლებში ტარდება უპრეცედენტო შეხვედრა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად განიხილოს და უშუალოდ ისაუბროს საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებზე. რაც შეეხება მოლოდინებს, საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან კიდევ უფრო გაღრმავდება და ამ სამიტის შემდგომ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას. საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტის მიიღებას ველოდებით", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისი თქმით, მსჯელობა გაიმართება ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკასა და მათ შორის, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტშიც იქნება განხილული.

"ის, თუ რა შედეგები იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ალიანსში კონსენსუსზე. არის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი კონცეფციები, რომელთა შესახებაც მოხდება მსჯელობა და შეჯერება. ქართულ მხარეს აქვს საკუთარი ხედვა, რომელიც ინტეგრირებულია ამ საერთო ხედვაში'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით კი, ნატო-ს სამიტი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.

"ასევე, ველით, რომ საქართველოს პროგრესი აღიარებული იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი მოლოდინი სამი მიმართულებით, რომელზეც ჩვენ ნატო-ს სამიტამდე არაერთხელ განგვიცხადებია, შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულია და ვფიქრობ, ბრიუსელის ნატო-ს სამიტი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა ზალკალიანმა.

კითხვაზე - კომუნიკეში საქართველოს საკითხის აღნიშვნის გარდა, იქნება თუ არა ცალკე განცხადება მიღებული, ზალკალიანის ვარაუდით, ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგი იქნება.
"მუშაობა მიმდინარეობს, ესაა სამუშაო პროცესი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან აქტიური ჩართულობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგი", - განაცხადა ზალკალიანმა.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, საქართველომ რეგიონული თუ უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში დაადასტურა, რომ ღირსეული პარტნიორია.

"ჩვენთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის პრიორიტეტულია, რომ ვიყოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის და ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენ წლების განმავლობაში, ჩვენი კონტრიბუციით, რეგიონული თუ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში დავადასტურეთ, რომ აღნიშნული საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორი ვართ. პირველ რიგში, ესაა ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის განხორციელებასა და იმპლემენტაციას, ამიტომ ჩვენთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, რომ ყოველდღიურად ავამაღლოთ ჩვენი მზადყოფნა, როგორც თავდაცვის, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების საქმეში. ეს არ არის პროცესი, რომელიც გარკვეულ კონკრეტულ დროს ან მხოლოდ კონკრეტულ მოლოდინს უკავშირდება, არამედ ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. მათ შორის, ნატო-ში გაწევრიანებაც ახალ ვალდებულებებსა და ახალ პროცესებში ჩართვის პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რისთვისაც დღეს ვემზადებით. რაც შეეხება პერსპექტივას ნატო-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ბუნებრივია ესაა ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა. ესაა, როგორც საქართველოს, ისე თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად შეაფასონ ჩვენი კონტრიბუცია, მაქსიმალურად აღიარონ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული განვითარებისა და თავდაცვის მოდერნიზების გზაზე და მაქსიმალურად იყოს საერთო ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გახდეს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

myquiz