შრომის ანაზღაურება და ავტოპარკი - რისი ხარჯები შემცირდება მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად? | Allnews.Ge

შრომის ანაზღაურება და ავტოპარკი - რისი ხარჯები შემცირდება მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად?

მთავრობის განმარტებით, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, მმართველობითი ხარჯები კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თუმცა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით სხვა უფრო კონკრეტული ინფორმაცია ასახული არ არის.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების მნიშვნელოვანი შემცირების ხარჯზე.

"კანონპროექტის მიღების შედეგად მთავრობის ახალი სტრუქტურის დაფინანსება გაგრძლდება "საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით" გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები შენარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი, დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელი ეკონომია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით მოხმარდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უწყებების ოპტიმიზაციასთან ერთად, სამომავლოდ გაგრძელდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შემცირება. ფისკალურ მაჩვენებლებში მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-მდე შემცირდება. დაინერგება თანამედროვე მიდგომები საჯარო უწყებების შიდა ადმინისტრირების მიმართულებით და მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების მნიშვნელოვანი შემცირების ხარჯზე", - ნათქვამია საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში.

myquiz