"როგორც ჩანს, თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას" - უნდა დატოვოს თუ არა თეა წულუკიანმა მინისტრის პოსტი? | Allnews.Ge

"როგორც ჩანს, თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას" - უნდა დატოვოს თუ არა თეა წულუკიანმა მინისტრის პოსტი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

"დიახ, უნდა დატოვოს, ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის პოზიცია ასეთია", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს არაერთხელ. დღეს უკვე პრემიერის გადასაწყვეტია.

მე ვფიქრობ, რომ თუკი "ქართულ ოცნებას" აქვს შეცდომები, გარედან უფრო კარგად ხედავს ეგ ქალბატონი და როცა დაკავებული თანამდებობიდან თავისუფალი იქნება, კრიტიკის მეტი საშუალება ექნება", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ იზიარებს თანაგუნდელის, დავით ჭიჭინაძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის პოსტი უნდა დატოვოს.

"მე არ ვეთანხმები ბატონ დავით ჭიჭინაძეს. ამაზე გვექნება გუნდში მსჯელობა, თუ ის საჭიროდ ჩათვლის. გუნდში კონკრეტულად არ გვიმსჯელია, ვინ უნდა გადადგეს და ვინ - არა. პერსონებზე საუბარი არ ყოფილა. გუნდის შიგნით მსჯელობა წარიმართა მთავრობის კონცეფციაზე - თუ როგორი უნდა იყოს მოქნილი და ეფექტური მთავრობის საკითხი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, შევთანხმდით, რომ ამის შესახებ უშუალოდ მამუკა ბახტაძე ისაუბრებს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ წულუკიანი მინისტრად დარჩა, ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ კარგი – ოპოზიციისთვის - ამაზე კარგი საჩუქრის გაკეთება არჩევნების წინ მმართველ გუნდს არ შეუძლია.

"თუ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათი მიზანია, ამა თუ იმ მინისტრის უმტკივნეულოდ მოხსნა. კულტურის სამინისტრო შეუერთდება განათლებას და მინისტრი წავა, სოზარ სუბარს ეტყვიან, შენი სამინისტრო დაიშალა, ერთი ნაწილი წავიდა მარჯნივ, მეორე მარცხნივ, და გაუშვებენ სახლში. ფაქტობრივად, საკადრო მანიპულაციებისთვის ხდება ეს ყველაფერი. თუ წულუკიანი დარჩა, ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ კარგი – ოპოზიციისთვის - ამაზე კარგი საჩუქრის გაკეთება არჩევნების წინ მმართველ გუნდს არ შეუძლია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უკვე გაერთიანებულ თუ არსებულ სამინისტროებში სერიოზული რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ამ პროცესმა არ შეიძინოს მექანიკური ხასიათი, - ამის შესახებ კი პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა  განაცხადა.

რაც შეეხება გაერთიანებულ თუ არსებულ სამინისტროებში ძველი სახეების დატოვებას, ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავრობაში არიან მინისტრები, რომლებიც რეფორმატორები არიან და არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს უნარები არ გააჩნიათ. პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში თანამდებობა იუსტიციის მინისტრმა ვერ უნდა შეინარჩუნოს.

"საზოგადოების გამთლიანების თვალსაზრისით, ფრთხილი ოპტიმიზმი გაჩნდა საზოგადოებაში და იუსტიციის მინისტრი ამ სიტუაციაში ხდება განხეთქილების ვაშლი. ღირსეული ადამიანი ამ ვითარებაში თვითონ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან, მიუხედავად იმისა, ის კარგი მინისტრია თუ ცუდი, ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. როდესაც ასეთ მოცემულობაში, რაც არ უნდა უსამართლოდ ეჩვენებოდეს, ადამიანი მაინც ეპოტინება თანამდებობას, ის ნამდვილად არ არის თანამდებობის ღირსი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სოლიდარული პასუხისმგებლობის სისტემაა, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ მინისტრებზე, რომლებსაც აქვთ გარკვეული რეფორმატორული უნარები და მინისტრებზე, რომლებსაც ეს უნარები არ აქვთ, ან რომლებიც იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ მათი დატოვება არ შეიძლება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"კვირის პალიტრასთან" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია კი ამბობს, რომ როგორც ჩანს, თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას, თუმცა უნდა თუ არა ამ ტვირთვის ზიდვა მამუკა ბახტაძეს, ეს მალე გამოჩნდება, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს.

"დროებითი მთავრობის დამტკიცება, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვფიქრობ, თეა წულუკიანთან ჭიდაობის შედეგია - "ქართულ ოცნებაში" არსებული კლანური დაპირისპირება მამუკა ბახტაძეს არ აძლევს შესაძლებლობას, მთავრობა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტოს. არც წულუკიანის შანტაჟს გამოვრიცხავ, ის სკამის შესანარჩუნებლად ბევრ რამეზეა წამსვლელი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოების კრიჭაში ჩადგომა და ძალაუფლების დემონსტრირება სჩვევია - არ უნდათ აღიარონ, რომ წულუკიანი მათი შეცდომაა და სამოქალაქო მოთხოვნის საფუძველზე გადააყენონ, ამიტომ სხვა გზებს ეძებენ. გაოცებული ვარ მმართველი გუნდის შედარებით გონიერი წარმომადგენლების განცხადებებით, რომლებიც ამტკიცებენ, ქვეყანაში კრიზისი არ გვაქვს და სამთავრობო ცვლილებები სულ სხვა მიზეზით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვითაა გამოწვეულიო. როდესაც გადაჯგუფების ეს პროცესი ჩაივლის, დავრწმუნდებით, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა ამჯერადაც არ იქნება", - აღნიშნავს უფლებადამცველი.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, გამსხვილებული ფუნქციების მქონე იუსტიციის სამინისტროს იდეა კარგია, თუმცა, თუ თეა წულუკიანი დარჩება მის ხელმძღვანელად, კრიზისი ციხეებშიც დაიწყება.

ლია მუხაშავრიას განმარტებით, "სანამ ერთ პირს შეუძლია ნებისმიერი თანამდებობის პირის ერთ დღეში გადაყენება, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვექნება და სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარიც წინასაარჩევნო ტრიუკის ნაწილი იქნება".

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს.

myquiz