რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ, რომელიც პრემიერის პოსტზეა წარდგენილი?
"მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ინსეადის ცნობილ სკოლაში საფრანგეთში", - ასე საუბრობდა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის ნოემბერში მამუკა ბახტაძეზე, როცა ის ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარადგინა. დღეს უკვე, ბახტაძე კვირიკაშვილის შემცვლელად დასახელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
მამუკა ბახტაძე 36 წლისაა, ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
აღსანიშნავია რომ, ის ერთ-ერთი იყო იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებდა საქართველოში - "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარი იყო. ამასთან, ბახტაძე პარალელურად იყო "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" და შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც, საიდანაც მისი შრომითი ანაზღაურება ერთობლივად 64 457 ლარი იყო. საერთო ჯამში მამუკა ბახტაძის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი 2016 წლის მონაცემებით, 289 591 ლარს შეადგენდა, რაც თვეში საშუალოდ 24 132 ლარია.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სპორტით არის გატაცებული.როგორც მისი მეგობრები ამბობენ, უყვარს რაგბი და ფეხბურთი. მამუკა ბახტაძე რაგბის არც ერთ თამაშს არ აკლდება, თავისუფალ დროს კი თავადაც არის სპორტული ცხოვრებით დაკავებული. რაგბის სიყვარული მას ბავშვობიდან მოსდევს, პატარაობისას მორაგბე იყო, თუმცა სპორტის ეს სახეობა მისთვის მხოლოდ ჰობად დარჩა.
პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - მამუკა ბახტაძემ მაისში ჟურნალ "შინს" ინტერვიუ მისცა. მინისტრმა თავის წინაპრებზე და იმ სახლზე ისაუბრა, სადაც ბავშვობის ულამაზესი წლები გაატარა... ეს სახლი ყველასთვის ნაცნობია - სწორედ იქ არის გადაღებული ცნობილი ფილმი "იმერული ესკიზები".
ამონარიდი სტატიიდან: "ეს სახლი ჩვენი ოჯახის დიდი სიამაყეა. აქ ექვსი თაობაა გაზრდილი! 150 წლის, ისტორიული სახლია! ყოველი ზაფხულის გატარება აქ მიწევდა და ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება"... - ეს სიტყვები მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. უფრო მეტი ამის შესახებ წაიკითხეთ აქ

აღსანიშნავია რომ, წლების წინ, როცა ბახტაძე "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის მეგობარი იყო. ეს ხმები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდა და მის შემცვლელად სხვადასხვა კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბახტაძეც. ივანიშვილმა კომენტარში ის ასე შეაფასა: "კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს".
რამდენიმე თვის წინ, მამუკა ბახტაძეს გავრცელებულ ხმებზეც მოუხდა პასუხის გაცემა, რომლის მიხედვითაც ის ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილზე - გვანცა ივანიშვილზე ქორწინდებოდა. ბახტაძემ საკუთარი კაბინეტიდან ფეისბუქ-ჩართვის დროს უპასუხა აღნიშნულ შეკითხვას, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში მისწერა. წაიკითხეთ გაგრძელება