რა იქნება პრემიერის პოსტზე წარდგენილი მამუკა ბახტაძის პრიორიტეტები | Allnews.Ge

რა იქნება პრემიერის პოსტზე წარდგენილი მამუკა ბახტაძის პრიორიტეტები

საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე. ამისთვის, საჭიროა პრინციპულობა, გუნდურობა, მაღალი კომპეტენციის ხარისხი და ყველა იდეის კონსოლოდიცია. მე დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა", - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს. როგორც ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა, მისი ხედვები რამდენიმე ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული.

"უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე. პირველი - ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით "ქართულ ოცნებას" აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება. მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, მცირე მთავრობის კონცეფციაა.

"მესამე პრინციპი, ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე ანტიკორუფციული ხაზით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება.

როგორც ბახტაძემ პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა, მისი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებაში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება იქნება.

"მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი. ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. სწორედ ასეთი საქართველოა ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

myquiz