ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი

საზოგადოება დაახლოებით, ერთი თვეა, ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას სამართლიანობასთან, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე UNICEF-ის კვლევიდან გამომდინარე, კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი, ისეთი უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, რომელთან მუშაობაც მისთვის კომფორტული იყო.

"ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმუშავია, როგორც პრეზიდენტს. მართალია, მესამე პრემიერ-მინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან, ეს არის ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი უსუფაშვილი და ბატონი კობახიძე. შემიძლია ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელთან მუშაობაც ყველაზე კომფორტული იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას.

საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან, რადგან იმ პროცესში, რომელსაც ვაკვირდებით და რომელშიც კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა წარუმატებელი იყო. ეკონომიკურ პრობლემებზე დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარირტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ა.შ. უცებ UNICEF-ის კვლევამ საქართველოს მთავრობისთვის გასაგები გახადა, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის მიერ 2 წლის განმავლობაში გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეფასდება, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი.

მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არის თურმე პარტია, ავნებს საქართველოს, მის ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა მმართველ პარტიას მიმართა და პრემიერად იმ ადამიანის დასახელებისკენ მოუწოდა, რომელიც არის პარტიის ლიდერი. მარგველაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იყო.

"მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან მინისტრის რანგში და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გამოცდილებით, ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს საქართველოში პროცესი, როცა საზოგადეობამ არ იცის, ვინ და რატომ ხსნის პრემიერ-მინისტრებს.

"გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც, რომ ჩვენი ევროპული, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. გუშინ, ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს ვინ, რატომ, უცებ თანამდებობიდან მიდიან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, ისევე, როგორც წინა პრემიერ-მინისტრის, ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია.

რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი?! რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები?! მიმაჩნია, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როცა უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები, რა პრინციპით - ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს. თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები.

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები. ეს არის რეალობა, რომელშიც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან ვერთიანდებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ-მინისტრებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს, პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ.

myquiz