როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას | Allnews.Ge

როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადამდგარ გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის.

ქუმსიშვილის განცხადებით, სჯერა, რომ ქვეყანაში დაწყებული პოზიტიური პროცესები შეუქცევადია.

"მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენს ქვეყანაში, 2,8%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5% –ანი ზრდით დატოვა. მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო, შეუქცევადია", - წერს ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

გიორგი კვირიკაშვილი ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს.

"ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გავატარე ჩემი საჯარო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მან მომცა შესაძლებლობა ერთად გვემუშავა როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, საგარეოსა და მთავრობაში. ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალი. მე უდიდესი გამოცდილება მივიღე მასთან მუშაობით და მოხარული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ეკონომიკურსა და საგარეო პოლიტიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სახით დიდი მეგობარი შევიძინე. დიდი მადლობა, გიორგი. წარმატებებს გისურვებ", - წერს ჯანელიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

რაც შეეხება პრემიერის გადადგომას, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, უფრო ეფექტურები ვიყოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე პარტიის თავმჯდომარემ ის შენიშვნები გამოთქვა, რომელიც მას ჰქონდა და მათ შორის იყო გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია საპარლამენტო გუნდთან.

"გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში, ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგის მოღვაწეობას, ამ წლების განმავლობაში იყო წარმატებები, თუმცა იყო სერიოზული გამოწვევებიც.", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, დღეს უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება, სადაც მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

პირადად მე, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი - ველოდი მთავრობის მოხსენებას, ანგარიშს გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრ პოზიტივთან ერთად იყო კრიტიკაც, თუმცა "დღევანდელ სწრაფ გადაწყვეტილებას" არ ელოდა. ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერი-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში გაიმართება.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა.

"პრემიერ–მინისტრის მხრიდან ვნახეთ კარის გაჯახუნება, რადგან პარტიის ლიდერთან რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, არადა საქართველოს კონსტიტუცია საუბრობს, რომ პრემიერი და მთავრობა ვალდებულია პარლამენტის წინაშე. დღეს მოქმედებაში ვნახეთ ის არასწორი მოდელი, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მიერ ორჯერ არის ნაცადი", – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

როგორც გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილი დიდი ხანია განწირული იყო და ამის შესახებ ყველამ იცოდა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი სამარცხვინოს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ საკადრო ცვლილებები არ განიხილებოდა და მათ ფარისევლობაში ადანაშაულებს.

"უფასო რჩევას მივცემ კვირიკაშვილს, როდესაც საკუთარ ფეხზე არ დგახარ, ჯობს ყეყეჩობას თავი დაანებო. ოდნავ შეიარაღებული თვალითაც ჩანდა, რომ კვირიკაშვილს რამდენიმე თვეა, ნაწილ-ნაწილ შლიდნენ. სრული აბსურდი მივიღეთ, როდესაც მმართველი პარტიის პრემიერ–მინისტრი პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაშორეს, ასეთი რამ საპარლამენტო რესპუბლიკებში საერთოდ არ ხდება.

ის, რომ განწირული იყო კვირიკაშვილი, იცოდა ყველამ. კვირიკაშვილი ცუდად მოიქცა, როდესაც ხალხი ითხოვდა მის გადადგომას და არ დაემორჩილა ხალხის ნებას, მაგრამ დაემორჩილა ივანიშვილის სიტყვებს. ჩანს ის მეტასტაზები, რომელიც არის მმართველობაში და ეს აისახება თითეული ადამიანის კეთილდღეობაზე. ძალიან ამაზრზენი და ფარისევლობა იყო ის, როდესაც შირმად გამოიტანეს "იუნისეფის" დასკვნა, რომელიც ცალკე აღებული დიაგნოზია ჩვენი დღევანდელი ყოფის", – განაცხადა გიგი უგულავამ.

"სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების აქტიურმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, გადადგა პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, გადადგა მთავრობა.

არაფერი შეიცვლება, თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.

"პრემიერი არწმუნებდა საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ყვავ-ყორნები დამტრიალებენ, არსად წამსვლელი არ ვარო. დღევანდელმა გადადგომამ, უფრო სწორად გადაყენებამ, დაარწმუნა საზოგადოება, რომ ის არასდროს არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა იმიტომ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული, ახლა უკვე ივანიშვილის მიერ გაშვებული, ისევე როგორც ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ივანიშვილს კვირიკაშვილის დათხოვნა სწორედ საზოგადოების პროტესტის გამო მოუწია.

გამოსავალი არის არჩევნების გზით, მშვიდობიანად ქვეყნის სათავეში ისეთი გუნდის მოსვლა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამართული ბრიფინგიდან ნათლად ჩანდა, რომ ის პრემიერის პოსტიდან ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო მიდის.

myquiz