"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრამდე? | Allnews.Ge

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრამდე?

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის შეკრების თემა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებია.

ამასთან, როგორც დეპუტატები აცხადებენ, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ქართული ოცნების" წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აღნიშნა, შეხვედრას როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები დასწრებიან.

ქანთარიას თქმით, მან არ იცის, დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი განიხილება თუ არა.

"ვერაფერს გეტყვით, ყურში არავის უჩურჩულებია ჩემთვის, არც პირადად არ უთქვამს, დღეს არის სხდომა და ვნახოთ, რა საკითხზე იქნება. უმრავლესობაში შიგადაშიგ ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთი შეხვედრა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და დღეს ერთ-ერთი შეხვედრაა. საერთოდ, პროცესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, როგორ, რანაირად, ამაზე ახლა პასუხს არ გაგცემთ. ვერ გეტყვით პრემიერის დონეზე ცვლილების საჭიროება დგას თუ არა, მაგრამ ცვლილება შიგნით იქნება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა, აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შექმნილი მოცემულობის გაანალიზების შემდეგ გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს და დაველოდოთ ყველა ამას, – ეს კომენტარი კი ფრაქცია "ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ გააკეთა.

კითხვაზე, გუნდის შიგნით მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები პრემიერ–მინისტრის გადადგომაზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანამდებობის დატოვების ან სხვა სამთავრობო გადაადგილებების შესახებ, გეგიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს იგი თვალს ადევნებს და საკუთარი მოსაზრებები გააჩნია, რომლის გამოთქმა არც საჯაროდ და არც კულუარულად არ უჭირს, თუმცა წინასწარ, ამ შემთხვევაში ვარაუდების და ჭორების დონეზე, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი არ უყვარს. გეგიძის თქმით, წულუკიანმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

"ეს არის პროცესი, რომელზეც გადაწყვეტილების მიღების დეფიციტი ხელისუფლებას არ უნდა გააჩნდეს, მათ შორის, პარლამენტის წევრებს და მეც უუნარო არ უნდა ვიყო გადაწყვეტილების მიღების დროს. არგუმენტების მოსმენის შემდეგ შეცვლილი მოცემულობის გაანალიზების შედეგად გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს და ყველა ამას დაველოდოთ. ეს ერთობლივად უნდა მოხდეს. გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას", – განაცხადა გეგიძემ.

"ქართული ოცნების" წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ კი, პარტიის ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღეს მომავლის გეგმებზე სასაუბროდ იკრიბებიან. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

"დღეს ვიკრიბებით მომავლის გეგმებზე სასაუბროდ, ამაზე მეტს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გეტყვით ერთ რამეს - შესაძლებელია, ვინმემ უფრო მეტი იცოდეს ამ წუთისთვის, ვიდრე მე, მაგრამ მე ამაზე მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია,"- განაცხადა მან.

myquiz