"მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს"- პრემიერის განცხადება | Allnews.Ge

"მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს"- პრემიერის განცხადება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი უახლოეს ვადებში დაამტკიცებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც, რამდენადაც ვიცი, შესაძლებელია და კარგიც იქნება ამ შემთხვევაში, რომ უმცირესობა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით. უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.

"ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს და ვიცე პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ ამ პროცესს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ, გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ.

პრემიერის განმარტებით, ამ ნაბიჯით საზოგადოების მოთხოვნას პასუხი გაეცემა. "ასევე მინდა დაღუპულის ოჯახის წევრებს ვუთხრათ, რომ, რა ხარისხითაც მოინდომებენ გამოძიებაში ჩართვას, ისინი ჩაერთვებიან. პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის უმცირეს მონაკვეთში საზოგადოების კითხვებზე დავდებთ პასუხს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კომენტარი მთავარი პროკურორის გადადგომაზეც გააკეთა. მისი თქმით, მან იუსტიციის მინისტრს დავალება მისცა, ახალი პროკურორი მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს.

მისივე შეფასებით, ირაკლი შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც თანამდებობა დატოვა. "მთავარმა პროკურორმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი უნდა დავიწყოთ. დავალება მივეცი, მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს პროკურორი, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემ მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ ასეთი სიტუაცია არ დამდგარა.

"მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემ მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

myquiz